ცოტა ხნის წინ ერთ გერმანელ გოგონას დაბადების დღეზე 1500 ადამიანი დაადგა. იუბალრმა Facebook-ზე შექმნა “ივენთი” და თავისი მეგობრები დაპატიჟა წვეულებაზე, მაგრამ პერსონალური პარამეტრების ჩასწორება დაავიწყდა და მისი დაბადების დღის მოსაწვევი ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი. “ივენთზე” attending-ს ანუ დასწერებას ბევრმა ადამიანმა დააკლკა, როგორც ჩანს 1500-მა ან უფრო მეტმა ან უფრო ნაკლებმა. აქედან ვიგებთ, რომ როდესაც გერმანიაში ვინმე attending-ს აკლიკავს, ეს იმას ნიშნავს რომ “ივენთზე” მისვლას მართლაც აპირებს. ჩვენთან ეს კულტურა ცოტა სხვანაირად გამოიყურება. დააკლიკო “ვესწრების” ნიშნავს რომ მხარს უჭერ კონკრეტულ ფაქტს, ან იმ მოვლენას რომელიც იმართება, მაგრამ არ ნიშნავს რომ მართლაც დაესწრები. might attend ნეიტრალური პოზიციაა, იცი რომ არ ესწრები, მაგრამ ივენთის ორგანიზატორთა განაწყენებაც არ გინდა. შესაბამისად, not attending აღიქმება ზურგის შექცევად და უპატივცემულობად.
მე ყოველდღე მომდის მოწვევები, ხან გამოფენაა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, ხან რაღაც კლუბში party იმართება. მე ვიცი რომ არც ერთს არ დავესწრები, ხან მეზარება, ხან არ მცალია და ხანაც არ მაინტერესებს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის როცა ივენთზე წასვლას არ ვაპირებ, ვნიშნავ Not attending. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემტკივა გული ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე, მაგრამ არ მივდივარ იმ გამოფენაზე და რატომ მოვატყუო ორგანიზატორები?
ნუ მონიშნავთ “დასწრებას” თუ წასვლას არ აპირებთ. მხარდაჭერის გამოხატვა სხვა გზებითაც შეიძლება, მაგალითად, ივენთის გადაშეარება თქვენს ვოლზე – სადაც ბევრი ხალხი ნახავს და შეიძლება იქიდან ვინმე დაინტერესდეს.
დამერწმუნეთ, ორგანიზატორებს ის უფრო უხარიათ, 3 კაცს რომ აქვს მონიშნული “ვესწრები” და სამივე მივა, ვიდრე 1000 კაცის “მხარდაჭერა” და მხოლოდ 10-ის მისვლა.
ეს წერილი ერთ-ერთ ჟურნალში უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ გამოსვლა დააგვიანა და სტატია დაძველდა. მართალია ბლოგისთვისაც ძველია, მაგრამ მაინც დავდებ :დ
შალვა რამიშვილის ახალი პროექტი, “საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვირსთვალისთვის,” ერთობ მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული ანიმაციისა და კინემატოგრაფიის ისტორიაში. ახალგაზრდა პროდიუსერის ეს თამამი მცდელობა ძალიან დასაფასებელია და აუცილებლად იქონიებს გავლენას ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაზე. პირველი სრულმეტრაჟიანი 3D ანიმაცია მართლაც დიდი გამოწვევა იყო ქართველებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა – ეს ერთგვარი ხარკი იმ ადამიანებს, რომელთაც ერვნული პროდუქციის განვითარება მასთან ფერება-ლოლიაობაში ესახებათ. სტატიის შემდეგ ნაწილი კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წაიკითხონ, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ “დათვური სამსახურის ინსტიტუტის.”
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, “სამსონაძეების” შემდეგ გრაფიკული და ტექნიკური მხარე ერთი-ორად გაუმჯობესდა – აი, შინაარსისა რა მოგახსენოთ.
ანიმაციის პირველ წუთებში ვისმენთ პრეისტორიას, რომელიც იწყება ოჩოპინტრესა და მონადირეების “ურთიერთობებით”, რომელსაც შეიძლება პლატონურიც ვუწოდოთ, რადგან მონადირეები და ოჩოპინტრე ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზემოთხსენებულ მითოლოგიურ პერსონაჟს ამ ეპიზოდის შემდეგ საერთოდ ვერ ნახავთ ფილმში, შესაბამისად, გაუგებარია რა საჭირო იყო მისი ხსენება და ჩვენება.
მონადირეებს ნადავლი შატილში მიაქვთ, რომელშიც სულ 10 კაცი ცხოვრობს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
1. ანიმატორებს დაეზარათ სხვადასხვა ეპიზოდური პერსონაჟების შექმნა.
2. სცენარისტს შეეშალა ეპოქა და კომუნისტების დრო, მთიელთა მასიური “მიგრაცია მეტალურგიულ ქარხანაში,” ასახა.
მათ, ვინც ნიუ-იორკზე ოცნებობს და შორიდან ეტრფის, ძალიან უყვართ Jay-Z-სა და Alicia Key-ს სიმღერა “empire state of mind” – სიმღერა ნიუ-იორკზე, რომელსაც ამ ქალაქის ჰიმნსაც უწოდებენ. მე ძალიან არ მიყვარს ეს სიმღერა, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი ამ ქალაქში დაიბადო, გაიზარდო, ცხოვრობდე და ასეთი იდიოტური ტექსტი დაწერო მის შესახებ – Labor day parade/rest in peace Bob Marley – რა შუაშია საერთოდ? თუმცა, სიმღერა გარკვეულ მონაკვეთებში (უფრო მისამღერში) მაინც გადმოსცემს ნიუ-იორკის სულის ნაგლეჯს. “Concrete jungle where dreams are made, There’s nothing you can’t do.”
შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი ქალაქი კი არა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს და თუ ფეხი ვერ აუწყვე გადაგთელავს. ყველა ოცნება ნიუ-იორკზე კლიშეა: Empire state building, თავისუფლების ქანდაკება, თაიმ სქვერი, სტარბაქსი და ა.შ. მაგრამ როდესაც ამ ქალაქში მოხვდები, Empire state building-იდან გადმოხედავ თავისუფლების ქანდაკებასა და თაიმ სქუერს, მოწრუპავ სტარბაქსის ყავას (ჩემ შემთხვევაში შავი და უშაქრო), ჩაისუნთქავ ნიუ-იორკის ჰაერს, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ სუფთაა და მხოლოდ რესტორნებიდან გამოსული სასიამოვნო “სუნებით” არის დაბინძურებული, მაშინ ხვდები, რომ შენ და ნიუ-იორკი მეგობრობთ და ეს ქალაქი ყველაფერია, მაგრამ არამც და არამც კლიშე.
ნიუ-იორკში ყველაფერი გიყვარდება, ისიც კი რაც გეზიზღება… თითქმის ყველაფერი, დიდი მონატრების მიუხედავად დღემდე მზარავს იქაური საცობების და პარკინგის პრობლემის გახსენება. მეზიზღებოდა მეტროც, მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ამავ დროულად მიყვარდა კიდეც. მეტრო ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბინძური და იაფი. დღემდე არ ვიცი რამდენი ხაზი დადის, იწყება A-დან და მთავრდება Z-ზე (რამდენიმე ასოს გამოტოვებით), 1-დან 7-მდე. ერთი შეხედვით ძნელი სისტემაა, მაგრამ მაქსისმუმ 3 დღეში შეიძლება მისი “დამუღამება.” სისტემატური გამოყენების შემთხვევაში პატარა დეტალებსაც მალე სწავლობ. მაგალითად, თუ მატარებელი გადაჭედილია და მხოლოდ ერთ ვაგონშია სიხალვათე, იქ არ უნდა შეხვიდე, რადგან ან კონდიციონერია გაფუჭებული და საშინელი უჰაერობაა ან რომელიმე ბომჟს სძინავს შიგ და საშინელი სუნია. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოსახერხებელია მთელს ამერიკაში. დადის ქალაქის ნებისმიერ წერტილში, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა და რაც მთავარია კარგად გამოძინებაც შეიძლება. სწორედ ნიუ-იორკში შევეჩვიე ავტობუსებსა და მეტროში ძილს. თავიდან თავს ვიმძინარებდი რადგან არ მინდოდა ვინმესთვის ადგილი დამეთმო, მერე უკვე სიზმრებსაც ვნახულობდი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტები სამკითხვლოებს ჰგავს, ყველა მგზავრს ხელში წიგნი, კომიქსი ან სუდოკუ უჭირავს და დრო ასე გაჰყავს. ერთი-ორჯერ მეც ვცადე მგზავრობისას კითხვა და მეცადინეობა, მაგრამ ჩამომეძინა. წიგნის კითხვა სადმე პარკში ან თუნდაც წიგნის მაღაზიშივე სჯობს, თანაც თავზე არავინ წამოგადგება და არ გეტყვის თუ არ იყიდე ისე ნუ კითხულობო. ხშირად მინახავს Barnes and Noble-ში იატაკზე გართხმული სტუდენტები, რომლებიც იქვე მეცადინეობდნენ, რადგან კოლეჯის წიგნები ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად ამ კულტურისა, მე მაინც ვერ მივეჩვიე “ადგილზე კითხვას,” ამიტომ ჩემი ყოველი შესვლა Barnes and Noble-ში ჩემი საფულის დაცარიელებით მთავრდებოდა. როცა პირვლად შევედი ამ მაღაზიაში, თანაც ჩემდა ჭირად ჩემს სახლთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით, პირი დავაღე. იმ დღეს ყველაზე არაამერიკულად ვიშოფინგე – აიზეკ აზიმოვის და უილიამ გიბსონის მთელ შემოქმედებაში 200$ მივათხლიშე. ამხელა ფულს ერთ შოფინგზე არც ერთი ამერიკელი არ “დატოვებს,” ყველა ნორმალური ნიუ-იორკელი ერთ ყიდვაზე ერთ წიგნს ყიდულობს და სანამ ბოლომდე არ წაიკითახვს მეორეს არ იყიდის.
ქართული “შოფინგის” სტილს ყველა ცნობს. ერთხელ 108-ე ქუჩაზე (ქუინსში) სადაც რუსი ებრეალების, რუსების და სომხების მაღაზიებია, მე და ჩემი უფროსი მეგობარი წავედით, ვახშმისთვის რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა სალაროსთან სავსე კალათები დავდეთ, გამყიდველმა ამოგვხედა: “грузины?” ჩვენგან დადებითი პასუხი მიიღო, მერე გაგვიმხილა, რომ ქართველები ყველაზე “განსხვავებულად შოფინგობენო.” ასეთი განსხვავებული შტრიხები ყველა ეთნიკური და კულუტურული ჯგუფის წარმომადგენელს აქვს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ ყველას ჩამოთვლას შევძლებ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ შავ კანიან გოგონას თავზე ბოხოხივით ან ჩიტის ბუდესავით თმები “ადევს” ის აუცილებლად ჯამაიკელი იქნება.
ნიუ-იორკში იმასაც მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული თვითგვემა “ეს მარტო საქართველოში/თბილისში ხდება” სიმართლეს არ შეეფერება. ნიუ-იორკშიც ნახავთ როგორ ყრიან სიგარეტის ნამწვებს ქუჩაში, როგორ ბირჟაობენ და იპურჭყებიან, როგორ ღრიალებენ ქუჩაში, როგორ აჩერებს ორი ავტობუსი შუა ქუჩაში ერთმანეთთან გამოსალაპარაკებლად და ა.შ. ნიუ-იორკი ეს არის ქალაქი სადაც ყველა კულტურის შვილი ცხოვრობს და შესაბამისად ყველაფერი ხდება: ქართულიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ინდურიც და ა.შ. ნიუ-იორკი კაცობრიობის მუზეუმია, ქალაქი რომელიც ყველა ევროპელისათვის დამახასიათებელ ეროვნულ შოვინიზმს მოგიკლავს და მულტიკულტურულ ადამიანად გაქცევს.
დღეს, Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook-ის ზოგიერთი აპლიკაცია ბოროტად იყენებს იმ პრივილიეგიებს რომელსაც მათ Facebook-ის იუზერები აძლევენ. ეს აპლიკაციები მომხმარებელთა პროფილიდან აღებულ მასალას უგზავნიდნენ სხვადასხვა სარეკლამო და სპამ სააგენტოებს.
წვდომას თქვენს მონაცემებზე აპლიკაციები საკმაოდ ადვილად იღებენ, როდესაც თქვენ შედიხართ რომელიმე თამაშში (ან ზოგადად აპლიკაციაში) პირველად, აპლიკაცია გთხოვთ უფლებას შეაღწიოს თქვენს მონაცემებში – თქვენ აკლიკავთ Allow-ს და როგორ იტყვიან Bingo!
თავის დაცვა შეგიძლიათ სხვადსხვა შეზღუდვების დაწესებით.
წითელი ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას არ სჭირდება ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მაინც ითხოვს მათზე წვდომას. ვაწკაპებთ Remove-ს და წვდომა ამ მასალაზე აპლიკაციას შეეზღუდება.
მწვანე ფერით მონიშნულია ის მონაცემები, რომელიც აპლიკაციას ფუნქციონირებისათვის ესაჭიროება, ამ შემთხვევაში ერთად-ერთი გამოავალი ამ აპლიკაციის მთლიანად მოშორებაა. ლურჯი ფერით მონიშნულია აპლიკაციის მთლიანად წაშლის ბრძანება.
ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ აქ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings/Applications you use – click edit settings – აქ გამოვა სია იმ აპლიკაციებისა, რომლებსაც თქვენ იყენებთ.
2. შეზღუდვა მეგობრების გავლით წვდომაზე
ბევრ აპლიკაციას თქვენს მონაცემებში შემოღწევა მეგობრების გავლით შეუძლიათ, ისე რომ შეიძლება ეს აპლიკაცია თქვენ არც კი გეყენოთ. იმისათვის, რომ ასეთი უმსგავსობა აღვკვეთოთ შევდივართ: Account settings/ privacy (click on manage)/ მარცხენა ქვედა კუთხეში ნახეთ Applications and Websites – Click on Edit your settings
Info accessible through your friends – ამის გასწვრივ ვაჭერთ edit setting და ვშლით ყველა თოლიას (თოლია=”პწიჩკა”). – პრობლემა მოგვარებულია.
მოგეხსენებათ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზაფხულში გამოაცხადა კონკურსი სასწავლო შემეცნებითი პროგრამების შექმნაზე. ამ კონკურსში გაიმარჯვა ჩემმა სამსახურმაც (სხვა 4 გამარჯვებულთან ერთად) და ჩვენ შევქმენით თამაში “წიქარა.” მე გახლავართ კონცეპტის და სცენარის (რა დიდი სცენარი ამას უნდა, მაგრამ მაინც :D) ერთ-ერთი ავტორი.
თამაში შექმნილია 1-4 კლასელი ბავშვებისათვის და ჩაიტვირთება იმ კომპიუტერებში რომლებსაც ბავშვებს დაურიგებენ. თამაშის გადმოწერა ასევე შესაძლებელი იქნება განათლების სამინისტროს საიტიდან.
წიქარა არის ვიქტორინის ტიპის თამაში და კითხვები შედგენილია სასკოლო პროგრამის მიხედვით. არის რამდენიმე კატეგორია: ქართული, მათემატიკა, ზოგადი, უცხო ენა.
გსმენიათ ალბათ ამბავი: ქმარი წყაროზე გაშვების წინ ცოლს სცემს. რატომ სცემს ის ცოლს და ”კოკა რომ არ გატეხოს.” მეზობლები შენიშვნაზე – თუ გატეხა მერე სცემე, ახლა რას ერჩიო, ასეთ პასუხს იღებენ: -”რომ გატეხს, მერე გვიან იქნება.”
ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ და დაადგინონ აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის ან ნარკომანიის მიმართ. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება. ძალიან ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი გამოიწვევს ბავშვებში საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, დაკომპლექსებასა და ჩაკეტვას. ამ დასკვნამდე მისვლას დიდი ფსიქოლოგობა არც სჭირდება. უბრალოდ, მოდით წარმოვიდგინოთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ექსპერიმენტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მშობლებს შვილები ყველანაირი ეჭვის და შიშის გარეშე მიჰყავთ, მხოლოდ იმიტომ რომ პროგრამას პატრიარქის საერთაშორის ფონდი ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ქმრის მაგალითზე განვიხილოთ მოსალოდნელი შედეგები. რას იზამდა ცოლი მას შემდეგ რაც მისი მეუღლე მის ცემას მორჩებოდა და ბოლოს და ბოლოს მისცემდა წყალზე წასვლის უფლებას:
ცოლის ტიპის #1: ფრთხილად, კოკასჩახუტებული ჩავა და ამოიტანს წყალს, ქმარს მიართმევს, ჭიქაში ჩაუსხამს, საჭმელს მოუმზადებს, დაჯდება და მოქსოვს.
ცოლის ტიპი #2: სახლიდან გასული არ იქნება, პროტესტის ნიშნად კოკას მიწაზე დაახეთქებს და გატეხს. ამისათვის მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, შესაბამისად მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
ცოლის ტიპი #3: მიდის წყალს იღებს, შემდეგ კოკაში აფსამს. სახლში მოსული ქმარს ღიმილით მიართმევს ფსელიან წყალს. ქმარი კმაყოფილია ცოლის მორჩილებით.
ცოლის ტიპი #4: ქმარს არ აცდის მის ცემას, ხელში იმარჯვებს კოკას და თავზე ალეწავს.
ცოლის ტიპი #5: უბრალოდ იკრავს გუდა-ნაბადს და მიდის, თუნდაც დედამისთან, ან სულაც სხვა კაცთან, ანდაც გაურკვეველი მიმართულებით.
ახლა გავშიფროთ რა მესიჯი დევს მშობლის ქმედებაში, რომელსაც ბავშვი ამ პროგრამაში შეჰყავს. საკუთარ თავზე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდე კლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ რ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო – მე ამ დროს ვთამაშობ და ვცელქობ, ზუსტად ისე როგორც 12 წლის ბავშვს შეეფერება. თანდათანობით ირკვევა, რომ მე ცხოველების მიმართაც აგრესიული ვარ, სოფელში ყოფნისას ვბერავ ბაყაყებს, დაჭეჭყილი ლაფნით ვამღვრევ ჯილეებს და ისე ამომყავს თევზები, რომლებსაც ყველასგან გასაკვირად ვფატრავ და მერე ცხელ ტაფაზე ვდებ, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია ზემოთხსენებული თევზების ჩემს სტომაქში განთავსებაა – საერთო მეგობრულ-ნათესაური საბჭო ასკვნის, რომ ჩემში ღვიძავს პირველყოფილ ინსტინქტებს, რომლებიც მიბიძგებს ნადირობისკენ, მკველობისკენ და, საერთოდ, კანიბალი ვარ. ჰო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დელიკატურად შეაპარეს ჩემს მშობლებს – ”სხვანაირად არ გამიგო…” , ”ჰო, იცი, მეც როგორ მიყვარს, მაგრამ…” და ა.შ. სტანდარტული ფრაზები.
ამ ყველაფრით შეშფოთებული ჩემი მშობლები იწყებენ ფიქრს თუ როგორ მიშველონ, პირველი რაც თავში მოსდით ჩემი დატვირთვა – სპორტი, უცხო ენა, მუსკა, ხატვა, წიგნების დაძალება. მეორე – ნაცნობ მოძღვართან მიბარება და ჩემში სულიერი სიმშვიდის ჩანერგვა. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე დათრგუნული ვარ, დაკომპლექსებული, ყოველი სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ვიცი, ისინი ჩემზე ილაპარაკებენ. მარტივ მამრავლებად დაშლიან ჩემს ქცევებს, ფსიქიკას, მეგობრებს, ყოველ სიტყვას აწონ-დაწონიან. ამის გამო აგრესია იღვიძებს ჩემში და მეწყება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი აგრესიული-დეპრესია. ვგრძნობ, რომ ვარ გარიყული, რომ მშობლებს არ ვუყვარვარ და საერთოდ ნაშვილები ვარ. ჩემი ჭკვიანი ნათესავები დედაჩემს და მამაჩემს აწყნარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და ამ მომენტში მჭირდება მტკიცე ხელი, სიმკაცრე, რადგან ხელიდან არ გავსხლტე და მოლიპულ გზაზე არ დავდგე. დედაჩემის დაქალები თავისი ნაცნობი ფსიქოლოგისგან მიღებულ რჩევებს აფრქვევენ ყოველ ფეხის ნაბჯზე, ნათესავები სხვა ბავშვებს მადარებენ და წუხან ჩემ გამო. მოკლედ ცოცხალი, ცელქი, ხალასი (ვერ ვიტან ამ სიტყვას) ბავშვისგან მონსტრად მაქციეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემი პატარა ძმაა. ისიც თავისებურია, უყვარს კითხვა, ცალკე თამაში, აქვს ჩაკეტილი სამყარო და მხოლოდ ჩემთან კონტაქტობს გულღიად. რამდენიმე წელში, ჩვენი რომელიმე ჭკვიანი ნათესავი, მასში ჩაბუდებულ სერიულ მკვლელს, ბოროტ ფიზიკოსს ან ტერორისტს აღმოაჩენს და ისიც ჩემს გზას დაადგება.
ხშირად ვსაუბრობთ და გრძნობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ხანდახან ვეჩხუბები, შეიძლება წავარტყა კიდეც, ის ტირის, მებუტება, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. ის 9 წლისაა და უკვე კარგად იცის მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლები – იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გრძნობების და აგრესიის პროექციაა ჩემზე სუსტ ადამიანზე, რომ სინამდვილეში მას კი არ ვცემ და ვეჩხუბები, არამედ – ჩემს მშობლებს და იმ ხალხს,რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.
ამ ყველაფრის შემყურე ჩემი მშობლები, სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ დასკვნების სიმართლეში,რომელიც სამეგობრო-სანათესაო საბჭომ გააკეთა და კიდევ უფრო ინტენსიურად ეძებენ გამოსავალს. ერთ საღამოს შემთხვევით წააწყდებიან რეკლამას:
აღფრთოვანებულები სასწრაფო წესით აკითხავენ თეა გოგოტიშვილს, რომელიც დამწუხრებული სახით უსმენს მათ და ჰპირდება, რომ აუცილებლად გამომასწორებს. მთავარია, ვითანამშრომლოთ; მთავარია, მშობლებმაც აითვისონ მათთვის მიცემული რჩევები. ჩემი მშობლები, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ სხვამ უნდა მიიღოს, მორჩილად მწერენ პროგრამაში.მე, რა თქმა უნდა, არავინ მეკითხება აზრს. მე ხომ ხელიდან წასული თინეიჯერი ვარ, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთიდან შემოსულმა ძალადობრივმა იდეოლოგიამ შეიწირა და დროა გადამარჩინონ. ჩაწერის დღიდანვე მამაჩემში კვლავ იღვიძებს იმედი ჩემი იურისიტობის შესახებ. ბებიაჩემს კი ”დოხტური” უნდა ოჯახში, პრაქტიკულიცაა, კეთილშობილურიც, ფინანსურად უზრუნველყოფილიც – ეს ყველაფერი კი კარგ შვილს, კარგ მეოჯახეს და სასურველ სიძეს ნიშნავს.
საღამოს მთელი ოჯახი ვსხდებით და ისინი მიყვებიან, როგორ უნდა წამიყვანონ ამ პროგრამაში, რომელშიც ჯერ ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩამიტარებენ, ხოლო თუ იქ რამე ”ისეთი” დააფიქსირეს, ტვინს გამომიკვლევენ და დაადგენენ – რატომ მაქვს ”ასე” მოწყობილი. შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგიური მკურნალობა იქნება, თუ ამანაც არ მიშველა მედიკამენტებით გამჭყეპენ.
ძილის წინ ჩემი 9 წლის ძმა ცოფებს ყრის, ოღონდ თავისუბურად, მშვიდად, ასეთ მომენტებში მას ლაპარაკის საღერღელი ეშლება და ფილოსოფოსობას იწყებს. ის მეუბნება, რომ ეს მარაზმი ბიოლოგიური დეტერმინიზმის (თავისთავად სულელური კრიმინალისტიკური თეორიის) პროვოკაციაა და მიხსნის, რომ ვინმე ჩეზარე ლამბროსოს კრეტინულ თეორიებს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ კრიმინალებად იბადებიან და ყველა ასეთ ადამიანს სპეციფიკური ნიშანი აქვს: გრძელი და წინ გავარდნილი ყბა, პატარა და დახრილი შუბლი, სახელურის ფორმის ყურები, ნისკარტისებრი ცხივირი და ა.შ. ჩემი ძმა გრგვინავს და ჩაძინებამდე ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეულ განათლებულ ადამიანებს ბავშვურად აგინებს.
მე მთელი ღამე არ მძინავს, ვიცი რომ დილას იქ უნდა წამიყვანონ. მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს ჩემი ცხოვრების გზას! გამცემს პასუხს ყველაზე რთულ შეკითხვაზე – ”ვინ ვარ მე?” ეს გამოცდა ერთჯერადია, მისი გადაბარება არ შეიძლება – მისი შედეგი მთლიანად წყვეტს ჩემი შემდგომი ცხოვრების გზას.
დიდი მადლობა დედა, რომ ასეთი შანსი მომეცი! დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ ჩემს ყველა შინაგან კითხვას ერთბაშად გასცემთ პასუხს! დიდი მადლობა ყველას!
იმ დილის სცენა ჩემი ძმის გონებაში ბევრჯერ გათამაშდება. ისევე როგორ ამერიკულ ფილმებში, მას ხშირად დაესიზმრება: როგორ მივყავარ ჩემს მშობლებს ”სადღაც,” როგორ უმწეოდ ვიყურები უკან. მაგრამ ჩემი ძმა არ ნებდება – ის საწოლზე წამოჯდება და მომაძახებს: ”ნუ გეშინია მაკმერფი! მე ყოველთვის შენთან ვიქნები” და ბალიშს მუხლებზე იდებს.
ბევრმა თქვენგანმა ალბათ წაიკითხა პოსტი ამ პროექტისა და მისი ბლოგის შესახებ დოდკას ბლოგზე . სიმართლე გითხრათ და, ამის შემდეგ უფრო დიდ Buzz-ს ველოდით, ვიდრე მივიღეთ; რატომღაც გვეგონა, რომ ქართველი ბლოგერები ბევრ სტატიას დაწერდნენ და დიდი სურვილი გაუჩნდებოდათ, ამ კონკურსში მიეღოთ მონაწილეობა და პროექტში მონაწილეობის მიღების შანსებისთვის ებრძოლათ (შეიძლება პოსტები იწერება კიდეც და მე ვერ მივაგენი, მაგრამ…). არ მინდა გეგონოთ, რომ როცა ვამბობ – მეგონა თავს გაიგიჟებდნენ -მეთქი, ამას იმ 20 ლარის გამო ვფიქრობდი, რომელსაც ბლოგერებს თითო პოსტში მისცემენ (თუ ისინი კონკურსში გაიმარჯვებენ და ნიჭიერის ბლოგზე დაიწყებენ წერას). ჰმ, ისე შეიძლება ბევრმა სწორედ ამის გამოც იუკადრისა, ალბათ, იფიქრეს, 20 ლარის მათხოვრები ხომ არ ვართო, – არ ვიცი. პრინციპში ჰონორარი ნორმალურია. მე ცოტა სხვა კუთხით მინდა დაგანახოთ ეს პრეოქტი და მასში მონაწილეობის მნიშვნელობა.
საქმე ისაა, რომ ესაა პირველი პრეცედენტი ქართულ ტელებაზარზე, როცა კონკრეტულ პროექტს უკეთდება ასეთი დონის ინტერნეტ-მხარდაჭერა: იქმნება ცალკე საიტი, რომელზეც უნდა წეროს რამდენიმე ბლოგერმა, აიტვირთოს ვიდეოები და სხვა რაღაცები, რომელსაც ამ ეტაპზე ვერ გავამხელ. ჰოდა, აი ამ პროექტის ფარგლებში ბლოგერებს შეგვეძლება, დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ სკეპტიკოსებს, რომ ეს სფერო, რომელშიც ჩვენ ვიღწვით, არის მნიშვნელოვანი და რეალურად შეუძლია იყოს სასარგებლო. მაშინ როცა ძალიან ბევრ ჩვენგანს აქვს პრეტენზია, რომ ბლოგერებს აღგვიქვამენ არასერიოზულად და ბლოგი ასოცირდება ემო- ბავშვის ნაჯღაბნებთან, ის გვავიწყდება, რომ ჩვენ არ დაგვიმტკიცებია საპირისპირო. ჰოდა, ამ პროექტით, სწორედ ამის შანსი ეძლევა ქართულ ბლოგოსფეროს.
თუ ჩვენ, ანუ ბლოგერები, კარგად გავართმევთ თავს ამ ამოცანას, დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი პროექტები და შემოთავაზებები მომავალში იქნება ძალიან ბევრი!
ასე რომ, დაძლიეთ ამბიციები, გამოიძვრეთ პეროები და შეუდექით საქმეს :)
ორი თუ სამი დღის წინ, ქორინკის ანონსში მოვკარი თვალი – სიუჟეტი უნდა გასულიყო შედარებით რეკლამაზე, ანონსში კითხვა ასე იყო დასმული: “იცავენ თუ არა სარეკლამო ეთიკას საქართველოში.”
პირველი დავა ამაზე, როგორც მე მახსოვს, 08–სა და 09–ს შორის დაპირისპირების დროს წარმოიშვა. ჰოდა მაშინ ფორუმზე დავწერე თუ რა ხდებოდა ამ მხრივ აშშ–ში და აქაც დავწერ.
შედარებითი ხასიათის რეკლამა, ერთ–ერთი კულტურული შოკი იყო ჩემთვის. აქ მიჩვეული ვიყავი, რომ მსგავსი რამე “არმოსულია.” მაგალითად როცა ბაზარზე მხოლოდ ორი სატელეფონო ოპერატორი იყო (მაგთი და ჯეოსელი), მათ რეკლამებში ერთმანეთს “სხვაგან”–ით მოიხსენიებდნენ. მაგალითად, “ჩვენთან იხდით 3 თეთრს, სხვაგან კი 5–ს” და ა.შ. ჰოდა როდესაც რეკლამაში პირდაპირ ამბობდნენ კონკურენტი კომპანიის ნაკლპოვანებების შესახებ, ძალიან გამიკვირდა და ძლივს შევეჩვიე ამას.
ახლა გთავაზობთ რამდენიმე რეკლამას, რომელიც ძალიან მომწონს და თან შედარებითი ხასიათისაა:
თაიმ ვარნერ კაბელი Vs. სატელიტური კომპანია
ტექსტის თარგმანი: “აი ის რასაც სატელიტში არასოდეს გეტყვიან: “მათ ეზიზღებათ ლეკვები.” ფაქტია! ისინი გახდევინებენ ყოველთვიურ გადასახადს HD სერვისისთვის. ფაქტია! თაიმ ვარნერ HD უფასოა. ეს თქვენ ასობით დოლარის ეკონომიას გაგაკეთებინებთ. ფაქტია! თქვენ შეგიძლიათ ეს ასობით დოლარი ძაღლის საჭმელში დახარჯოთ. ფაქტია! ლეკვებს უყვართ ძაღლის საჭმელი. მაშასადამე, სატელიტს ეზიზღება ლეკვები!”
ბოლოს: “უფასო HD სერვისი, სატელიტს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”
თაიმვარნერ კაბელი Vs. At&t
ტექსტის თარგმანი: “ეს At&t–ის ბილია (გადასახადის ამონაწერი), ის ძალიან რთულია. რაღაც თავსატეხს ჰგავს, მაგრამ სახალისო არ არის. ბილები არ უნდა იყოს ასეთი რთული. აი სწორედ ამიტომ მაქვს თაიმ ვარნერ კაბელი, მათი ბილები ძალიან მარტივია. ეს როგორ უნდა გაარკვიო საერთოდ? რაღაც გენიოსი უნდა იყო არა?
– ეი მარტინ, რა არის At&t–ის სააბონენტო გადასახადი?
– რავი მე!
– მარტინმაც არ იცის. მარტინმა ჩემი საგადასახდო ბუღალტერია გააკეთა.”
ბოლოს: “მარტივი ბილები – At&t–ს არ აქვს, თაიმ ვარნერს აქვს.”
თაიმ ვარნერს, ისვევე როგორც სხვა კომაპნიებს, უამრავი ასეთი რეკლამა აქვს. ასე რომ მეგონი ეთიკა არ ირღვევა. მგონი მთავარი პრინციპია რომ შედარების დროს სიმართლე იყოს ნათქვამი.
დღეს წავაწყდი ამ მეტად საინტერესო რესურსს, ჰოდა ვთარგმნი და წარმოგიდგენთ. კურსი მოიცავს 5 გაკვეთილს, თითო გაკვეთილში არის ერთი იგავი და შესაბამის რჩევა.
გაკვეთილი პირველი:
ქმარი შედის შხაპის მისაღებად, ზუსტად მას შემდეგ რაც მისი ცოლი ამთავრებს. ამ დროს ისმის ზარის ხმა, ცოლი სწრაფად იხვევს პირსახოცს ტანზე და ჩარბის კარების გასაღებად.
ზღურბლთან კარის მეზობელი ბობი დგას, რომელიც ახედ ჩახედავს ქალს და ეტყვის: ”800$-ს მოგცემ თუ ამ პირსახოცს მოიხსნი და შიშველი დამენახები.”რამდენიმე წამიანი დაფიქრების შემდეგ ქალი იხსნის პირსახოცს და შიშველი დგება ბობის წინაშე. მეზობელი პირობას ასრულებს და 800$ აძლევს.
კმაყოფილი ცოლი ბრუნდება აბაზანაში, სადაც ქმარი ეკითხება: ”ვინ იყო?”
”ბობი” მიუგო ცოლმა. ”ჰმ, ჩემი 800$ რომ მართებს იმაზე ხომ არაფერი უთქვამს?”
მორალი:გაუზიარეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენს პარტნიორებსა და თანამშრომლებს, ამით თავიდან აიცილებთ მნიშვნელოვანი რაღაცეების უნებურ გამომზეურებასა და უხერხულ სიტუაციებს.
———————–
გაკვეთილი მეორე:
მღვდელმა ერთ-ერთ მონაზონს მანქანით გაყვანა შესთავაზა. მონაზონიც დათანხმდა და მანქანაში ჩაჯდა. გზაში კაბა გადაეწია და ფეხები გამოუჩნდა. მღვდელმა კინაღამ ავარია მოახდინა, მაგრამ საჭის დამორჩილება მაინც შეძლო. ცოტა ხნის შემდეგ, ნელა შეახო ხელი მონაზონს და მოეფერა.
”მამაო, გახსოვთ 129-ე ფსალმუნი?” ჰკითხა მონაზონმა, მღვდელმა ხელი უკან წამოიღო.
რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ შეუცურა ხელი გვერდით მჯდომს, რაზეც მონაზონმა კვლავ ჰკითხა: ”მამაო, 129-ე ფსალმუნი არ გახსოვთ?” მღვდელმა კიდევ გაუშვა ხელი.
ადგლიზე მისვლის შემდეგ მონაზონი თავის საქმეზე წავიდა, ხოლო მღვდელი თავის კაბინეტისკენ გაიქცა და 129-ე ფსალმუნს ჩახედა: ”ეძიებდე და ჰპოვებდე, გასწი მაღლა და იპოვი ნეტარებას.”
მორალი:თუ თქვენს საქმეში კარგად ინფორმირებული არ ხართ, შეიძლება ძალიან კარგი შანსები გაუშვათ ხელიდან.
————————————————
გაკვეთილი მესამე:
მენეჯერი, კლერკი და გაყიდვების აგენტი მიდიან ლანჩზე. გზაში იპოვნიან ძველ ლამფას, რომლიდანაც ჯინი გამოვა და თითოს – თითო სურვილს მისცემს.
კლერკი აიტეხავს, პირველი მე უნდა ვთქვაო: ”მე მინდა ვიყო ბაჰამაზე, მქონდეს ჩემი იახტა და არაფერი მადარდებდეს” – სიტყვა არ ექნება დამთავრებული რომ გაქრება.
ახლა გაყიდვების აგენტი ატყდება, შემდეგი მე ვარო: ”მე ჰავაიზე მინდა, პლიაჟზე, ბევრი კოქტეილით და პერსონალური მასაჟისტითო” – ესეც გაქრება.
მოვა მენეჯერის ჯერიც: ”ორივე სამსახურში იყვნენ ლანჩის შემდეგო” იტყვის და წავა.
მორალი:აცალეთ თქვენს უფროსს ლაპარაკი.
—————————————————-
გაკვეთილი მეოთხე:
ხის კენწეროზე ზის არწივი, ისვენებს, არაფერს აკეთებს. მოვა კურდღელი და შეეკითხება: ”შეიძლება მეც დავჯდე და დავისვენო, არაფერი ვაკეთო და არაფერზე ვიდარდოო?” არწივმა უთხრა – ”კიო.” ჩამოჯდა კურდღელი და გაერთო ფიქრებში. ცოტა ხანში მელია წამოდგა თავზე და შეჭამა.
მორალი:იმისათვის რომ უდერდელად იჯდე და არაფერი აკეთო – ძალიან მაღლა უნდა იჯდე.
—————————————————
გაკვეთილი მეხუთე:
ერთი პატარა ჩიტი მიფრინავდა თბილი ქვეყნებისკენ. გზაში ისე აცივდა რომ გაიყინა და ერთ მინდორში ჩამოვარდა. ამ დროს გამოიარა ძროხამ და საბრალო ფრინველს ზედ დაა*ვა. ჩიტუნია გათბა და ძალა მოიკრიბა. გახარებუმლა ჭიკჭიკიც ატეხა. ამ დროს შორი-ახლოს კატა დასეირნობდა, გაიგო ჩიტის ჭიკჭიკი და ფუნას მიუახლოვდა, ამოათრია ჩვენი ჩიტი იქიდან და გადასანსლა.
მორალი: 1. ვინ გა*ვავს ყველა შენი მტერი არაა. 2. ვინც მძ*ნერიდან ამოგათრევს ყველა შენი მეგობარი არაა და 3. როცა დიდ მძ*ნერში ზიხარ ენას კბილი დააჭირე.
http://wish.shemo.ge – ეს არის გაქართულების ჯგუფის საიტი. ეს ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა თამაშებისა და პროგრამების, ასევე ტუტორიალების გაქართულებაზე. ამ ჯგუფის წევრი მეც ვარ და მონაწილეობა მიღებული მაქვს ისეთი თამაშის გაქართულებაში, როგორიცაა World of Goo ანუ ”ლორწოს სამყარო.” ეს არის კაზუალური, ლოგიკური თამაში, რომელმაც თავის კატეგორიაში აიღო წლის თამაშის სტატუსი შარშან. გრაფიკული და მუსიკალური გაფორმება არის ერთ-ერთი საუკეთესო.
ჯგუფს გაქართულებული აქვს ისეთი თამაშები როგორიცაა: ”მაქს პეინი,” ”პორტალი,” ”GTA,” ხოლო ამჟმად მუშაობა მიმდინარეობს “Braid-ზე.”
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჯგუფი არ არღვევს მწარმოებლის საავტორო უფლებებს. გაქართულების შემდეგ ქვეყნდება მხოლოდ ქართული პაჩი და არა მთლიანი თამაში. თამაშს საიდან მოიპოვებთ ეს უკვე თქვენს ნამუსზეა. ჩვენი ნამუსი სუფთაა :))))
“Braid-ის” გაქართულება მიმდინარეობს ამ თამაშის შემქმნელის უშუალო თანხმობით. თარგმანის დასრულების შემდეგ ქართული პაჩი შევა პროგრამის ოფიციალურ პაკეტში.
გაქართულებაში მონაწილეობა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. ეს საქმე სახალისოა და თან სასარგებლო.