დედის გინება როგორც სასიკვდილო დანაშაული

“შარლი ებდოს” თემაზე ძალიან ბევრი დისკუსია გაიმართა ჩვენ გარშემო. სამწუხაროდ, გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ, რაღაც მომენტში გაუგონ ტერორისტებს, არ ამართლებენ მაგრამ… ეს “მაგრამ” კი ის ზღვარია, რომლის გადაკვეთაც გაბედა “შარლი ებდოს” შემოქმედებითმა ჯგუფმა. ჩვენთან ეს ზღვარი დედაზე გადის. პირველი კითხვა, რომელიც ასეთ დისკუსიებში ჩნდება, ყოველთვის ეხება დედის შეგინებას. შეგინების შინაარსის აღსრულებასაც კი არა, არამედ უბრალოდ ვერბალურ გამოხატულებას. დედის შეურაცხყოფა რომ ძალიან მტკივნეული რამ არის ქართველებისთვის, ამას მარტივად ცხადყოფს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის სიტყვებიც, მანანა კობახიძემ ძალიან გულწრფელად და შეშფოთებულმა იკითხა – “იქნებ შეაგინაო?” ეს ნოდარ ლადარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმას მოჰყვა, როცა მანანა კობახიძემ კი დაგმო მომხდარი, მაგრამ ზღვარი, რომელსაც “მაგრამ” ჰქვია, მაინც გაავლო.

 ცხადია, “მაგრამის” ფაქტორი მხოლოდ საქართველოში არ დაფიქსირებულა, ყველგან გამოჩნდნენ ასეთი ადამიანები. ამ სიტყვას ყველგან თავისი კონტექსტი აქვს და ყველა საზოგადოება თავისი ღირებულებითი სისტემის შესაბამისად იყენებს. მე ქართველებზე შევაჩერებ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კონტექსტია მნიშვნელოვანი, რადგან მეც ამ საზოგადოებას მივეკუთვნები მინდა თუ არა.

 ქართველების ღირებულებათა სისტემა ძალიან საინტერესო მოვლენაა, ეს არის ყველაზე ეკლექტური სისტემა, რომელსაც შეიძლება ადამიანი გადააწყეს. თუმცა, იმპერატიული დასკვნებისგან თავს შევიკავებ და მივცემ ქართველებს ე.წ. benefit of doubt-ის საშუალებას, მე ხო არ ვიცი სხვაგან რა ხდება. და სიმართლე გითხრათ არც მაინტერესებს. მაგრამ ფაქტი ერთია, რატომღაც არავის ახსენდება როგორ ეპყრობიან საქართველოში ქართველ მუსლიმებს. მათ არ აძლევენ მინარეთის აღმართვის საშუალებას, ლოცვას, ართმევენ რელიგიური განათლების მიღების უფლებას და ა.შ.  ცხადია, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ქართულ მითოსურ ტოლერანტობას აკულტივირებენ და იტყვიან: “როგორ?! ჩვენთან, თბილისში შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენ არ ვერჩით მუსლიმებს, აი, ასეთი ტოლერანტები ვართ!” ნუ, ამ ერთი მეჩეთის თემას ორი მხარე აქვს, პირველი:  ჯერ ერთი შიიტები და სუნიტები ერთად რომ ლოცულობენ, ეს მათი ურთიერთგაგების მაჩვენებელია და არა ქრისიტანი ქართველების. მეორე – შიიტებმა და სუნიტებმა იმიტომ იპოვეს საერთო სივრცე სალოცავად, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან მინარეთის მიშენების უფლების არმქონე რელიგიურ ჯგუფს, ვინმე იმის საშუალებას მისცემს, რომ თბილისში მეორე მეჩეთი აშენდეს, სადაც ისინი ცალ-ცალკე შეძლებენ თავიანთი რიტუალების ჩატარებას? არა, არავინ მისცემთ მათ ამის უფლებას და სწორედ ამიტომაც გადაწყვიტეს მათ, ცივილიზებულად მოეგვარებინათ პრობლემა. გადააბიჯეს განსხვავებულ შეხედულებებს და ერთმანეთს მისცეს წყნარად თანაცხოვრების საშუალება. ასე რომ, ქრისიტანებსა და დანარჩენ ქართველებს სწორედ მათგან გვაქვს მაგალითი ასაღები და სულ ტყუილად ვიწერთ ქულებს ამ ფაქტით. რადგან სინამდვილეში, ეს გარემოება ჩვენს არატოლერანტულობას უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე პირიქით.

 კარიკატურისტების დახოცვის მომხრეთა დიდ ნაწილს, საერთოდ არ ახსენდება საქართველოში ცოტა ხსნის წინ მომხდარი ფაქტი, როდესაც ქობულეთში, ერთ-ერთი მედრესეს კარებზე ააჭედეს გოჭის თავი. არც ის გახარებული ქალი ახსოვს ვინმეს, რომელიც თვითკმაყოფილებაში იყო გადავარდნილი, რადგან მოახერხა და შეურაცხყო სხვისი სალოცავი ადგილი. თან არა რაღაც აბსტრაქტული გრძნობები, არამედ ხელშესახები, ფიზიკურად არსებული სალოცავი ადგილი. ეს ქალბატონი სკოლის მასწავლებელი აღმოჩნდა. ასეთი მასწავლებლების აღზრდილია ქართული საზოგადოების უმეტესობაც და ამიტომ არც ეს ღირიებულებითი სისტემა უნდა გაგვიკვირდეს.

 ეს ღირებულებითი სისტემა შენდება უკვე დიდი ხანია, საუკუნეების განმავლობაში და იმდენად აღრეულია, რომ თვითონ ამ სისტემის ქვეშ მოქმედ ადამიანებსაც უჭირთ გაერკვნენ თავიანთ თავში. მათ იციან, რომ ზღვარი სადღაც გადის. მათ ასე ისწავლეს და ასე გადმოსცეს. ასე იცხოვრევს 70 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებშიც. როცა მათი მორალური საზღვრები მკაცრად იყო განსაზღვრული სისტემის მიერ, ამ სისტემას დიდი ერთგულებით ემსახურებოდნენ. მერე ეს ყველაფერი თავზე დაენგრათ და ახალი მორალური სივრცე გაჩნდა, რომელშიც ვერ გაერკვნენ სად უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომ მათი ღირებულებითი სისტემისთვის უცნობი და აბსოლუტურად აბსტრაქტული ცნება დემოკრატია ამოიჩემეს და გადაწყვიტეს იარაღით ერბინათ ქუჩებში. ან თუ იარაღით არ დარბოდნენ, საღამოობით სადმე, ვინმე დარბაისელის ოჯახში, ისხდნენ, ქუჩიდან ახლად მობრუნებულ რომელიმე ელიტარულ მკვლელთან ერთად, რომელსაც ხელებზე ცხელი სისხლი ეცხო, კისერზე ცხელ ლულიანი ავტომატი ეკიდა და რუსულ რომანსებს უბერავდნენ. მათთვის მაშინ არსებითად არაფერი შეცვლილა, ისინი კვლავ ძალაუფლების მხარეს იყვნენ. ისინი ყოველთვის ძალაუფლების მხარეს იყვნენ და ყოველთვის ცურავდნენ დინებასთან ერთად, მშვიდად, აუღელვებლად და კომფორტულად.

 ამ ხალხის ღირებულებათა სისტემაში “შარლი ებდოცა” და ქართველი მუსლიმებიც ერთ სივრცეში გადიან – რადგან ორივე მოწყვეტილია მეინსტრიმს.

 დედის შეგინებაზე ხელის გარტყმა ან მოკლვაც სწორედ ეს მეინსტრიმული მიდგომაა. ეს კულტურულ სივცეში აღმოცენებული ღირებულებაა, რომლიც მიხდვითაც ფასდება შენი ღირსება. არადა რომ დაუკვირდე რა საცოდაობაა. რა ღირს სიცოცხლე საქართველოში? – დედის გინება.

 “რას იზამ ბიჭო, ვინმემ რომ დედა შეგაგინოს, სასამართლოში უჩივლებ?”

 “შარლი ებდოს” მთავარი რედაქტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მანამდე იხუმრებენ მუსლიმებსა და ისლამზე, ვიდრე ის არ გახდება ისეთივე ბანალური, როგორიც კათოლიციზმია. ბოლოს და ბოლოს უბნის ბიჭბუჭებშიც მასე არაა? ღადაობის “პროგრამაში” ის არის ხოლმე, ვინც ყველაზე მეტად ვარდება ხუმრობებზე და სწორედ იმ თემებზე ეღადავებიან, რომელიც ყველაზე მეტად სტკივა. როგორც კი ეს თემები კარგავს აქტუალობას თვითონ ღადაობის ობიექტისთვის მაშინვე ჩნდება ახალი თემა, რომელიც ასევე ამოწურვამდე გრძელდება. ერთი სიტყვით, ხუმრობა ჩვეულებრივი ვირუსია, რომელიც შენს სხეულს უტევს, შენი იმუნიტეტი კი, თუ ძლიერია, მისგან გიცავს. რაც მეტჯერ შემოგიტევს ხუმრობა, მით მალე ისწავლი მის ატანას, კი, ჯერ მტკივნეული იქნება, მაგრამ მერე და მერე შენი იმუნიტეტი გაძლიერდება და ვირუსი იმაზე გადავა, ვინც უფრო სუსტია.

 მოდით, ქართველებმა ერთმანეთს ვაგინოთ, თან იმდენი, რომ ბოლოს და ბოლოს ყელში ამოგვივიდეს და მივხვდეთ, რომ არ ღირს ამის გამო ერთმანეთის ხოცვა და არც 12 ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეფასდეს სამ სიტყვიანი წინადადებით. იმიტომ რომ, სხვანაირად ვერ ვხვდებით, ახალგაზრდების გვამებით გადავსებული სასაფლოები საკმარისი არგუმენტი არ არის – რადგან თითოეული გვამი კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს გინებით შელახულ ღირსებას. რა საცოდაობაა…

ქალთა სახეები კრის ნოლანის ინტერსტელარში ანუ სიყვარული როგორც დროსა და სივრცეში მოგზაურობის საშუალება

პოსტის დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ ინტერსტელარი შედევრია და ამაზე კამათს არ ვაპირებ. მხოლოდ ერთ თემას მინდა ჩავუღრმავდე, რომელზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ძალიან მაგარ თემად მიმაჩნია.

[Spoiler Alert]

ჩემი მეგობრების იმ ნაწილმა, რომელსაც ინტერსტელარი დაევასა, მხოლოდ ერთი პრობლემა დაინახა ამ ფილმში. რომ საბოლოოდ ენ ჰეთევეის გმირის ვერსიის გამარჯვება რაციონალიზმს უშლის ხელს. ანუ როგორც გახსოვთ, ენ ჰეთევეის პერსონაჟი, მას შემდეგ რაც ორ პლანეტას შორის გამგზავრებაზეა არჩევანი გასაკეთებელი მის კოლეგებს მოუწოდებს წავიდნენ იმ პლანეტაზე სადაც მისი საყვარელი ადამიანია. არგუმენტად კი სიყვარული მოაქვს, როგორც უნივერსალური კომუნიკაციის საშუალება. მისი თქმით, სიყვარული ეს შეიძლება იყოს სხვა, უფრო მაღალი განზომილებისთვის დამახასიათებელი საკომუნიკაციო საშუალება. და რომ ადამიანთა რასა ჯერ კიდევ არ განვითარებულა იმ დონეზე, რომ ეს გრძნობა სწორედ ასეთ რამედ მიიღოს და გამოიყენოს. მაკონაჰის პერსონაჟი კი სიყვარულს სოციალურ ჩვევას უწოდებს. აქ კი ჰეთევეი სვამს კითხვას, რომ თუ ადამიანები სიკვდილის შემდეგაც გვიყვარს, სად არის აქ სოციალურობა?

მოკლედ, ჩემი აზრით, ჰეთევეის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნოლანის ვერსია, რომ სიყვარული ეს არის ზეგანზომილებებში ან ამ ზეგანომილებებთან საურთიერთო და საკომუნიკაციო საშუალება სულაც არ არის რაციონალიზმს მოკლებული.

ნოლანს მთელი ფილმი თეორიულ ფიზიკაზე აქვს დაფუძნებული და შავ ხვრელში მოხვედრისა და იქ განვითარებული მოვლენების თავისებურ, გიჟურ და ერთი შეხედვით არარაციონალურ ვერსიასაც გვთავაზობს. მისი ვერსიით დროში და ზეგანზომილებებში მოგზაურობა და გზავნილების გაგზავნა მხოლოდ გრავიტაციის საშუალებით შეიძლება. სწორედ გრავიტაციის უდიდეს წყაროში, ანუ შავ ხვრელში მოხვედრის შემდეგ ხვდება კუპერი ხუთ განზომილებიან სამყაროში, სადაც ერთ-ერთ განზომილებად დროა წარმოჩენილი და სწორედ გრავიტაციის საშუალებით აგებინებს როგორც საკუთარ თავს, ისე თავის შვილს ყველაფერს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სიყვარული გრავიტაციის ერთ-ერთი ფორმაა და გრავიტაციის გარეშე სამყარო უბრალოდ არ იარსებებს, შესაბამისად, სიყვარული როგორც გრავიტაციის ერთ-ერთი სახე, ამ ფილმში და ნოლანის მიერ მოწოდებულ ვერსიაში თითქმის ერთადერთი რაციონალური  ძაალაა და თუ სწორედ ამ კუთხით შევხედავთ ჰეთევეის გმირის მისწრაფებას გაჰყვეს სიყვარულს, ყველაფერი გაცილებით უფრო რაციონალურია ვიდრე ნებისმიერი სხვა რამ ამ ფილმში. რადგან თუ სამყაროს აღქმა, ხუთი განზომილებით ხდება და ამ განზომილებებს შორის კომუნიკაციის ფორმა სწორედაც სიყვარული ანუ გრავიტაციაა, უნდა ვთქვათ, რომ ჰეთევეის გმირი ადამიანთა რასას რაციონალიზმში ერთი ორად უსწრებს. შეიძლება უნებლიედაც, მაგრამ თავისი ვერსიის “გასაპრავებლად” საკმაოდ მყარი არგუმენტი მოაქვს, იმ სამყაროში სადაც აპრიორი მოცემულობა სწორედ ასეთი, ერთი შეხედვით არარაციონალური და ფანტასტიკური ცნებებია.

კვანტური ფიზიკის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, არათუ ყოველი არჩევანი და პეპლის ფრთების გამოძრავება, არამედ ოცნება, ფიქრი და მოგონებაც კი ჰქმნის ახალ სამყაროს. თუ ამ თეორიას დავუჯერებთ, ყველაფერი რაც ჩვენს ტვინში ხდება სადღაც, გვერდით, აქვე, აუცილებლად ხდება. არსებობს სამყაროები სადაც ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ყოველი ჩვენგანი არის ღმერთი და შემოქმედი, რომელიც ქმნის მილიარდობით ახალ სამყაროს თავისი ერთი ამოსუნთვით და ერთი ჩაფიქრებით.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ რამდენიმე თვის წინ, ალბერტ ეინშტეინის იეშივას სამედიცინო კოლეჯში დააფიქსირეს პროცესი, რომლის დროსაც მოლეკულარულ დონეზე ხდება ახალი მოგონების ტვინში ჩაწერა. ანუ რეალურად მოგონება არ არის რაღაც აბსტრაქცია, რომელიც მხოლოდ კოგნიტურ ნაწილს წარმოადგენს, არამედ ეს არის ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური, ფიზიკური და ხელ შესახები პროცესი. თავისთავად ცხადია აღნიშნული ინფორმაციის ფიზიკურად არსებობა უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ეს ინფორმაცია როგორც ჩაიწერა, ისევე წაიკითხოს. ადამიანები ამას ჩვენივე ტვინის საშუალებით ვახერხებთ, მაგრამ მომავალში ალბათ იქნება რაიმე სახის დევაისი, რომელიც შეძლებს ამ ყველაფრის გაკეთებას უკვე მესამე პირის ჩარევით. ხოლო თუ მოგონებების “ჩაწერა” ეს ხელშესახები და ფიზიკური პროცესია, ნებისმიერი გრძნობა, რომელიც ადამიანში არის ასევე ფიზიკური და ხელშესახები პროცესია – მათ შორის სიყვარულიც – თუმცა ეს აქამდეც ვიცოდით, რადგან ყველაფერი რაც ადამიანის სხეულში და ტვინში ხდება ქიმიური და ფიზიოლოგიური პროცესებია, რომელიც მოლეკულარულ დონეზე ხდება.

თუ გავითვალისიწნებთ იმას, რომ დრო არის მეოთხე განზომილება, რომელში მოგზაურობაც ფიზიკურად ჯერ-ჯერობით შეუძლებელია, მაგრამ კოგნიტურად ეს შესაძლებელია, ხოლო თუ ისეთი კოგნიტური პროცესი, რომელსაც მოგონება ჰქვია ანუ წარსულის ტვინში ჩაბეჭდვა, ფიზიკური და ხელშესახები პროცესია, გამოდის, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, რომელიც რაღაც მოგონებას მოიხმობს აპრიორი მოგზაურობს დროში. აქვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ისიც, რომ ყოველი ჩვენი გადადგმული ნაბიჯი დროის იმ მონაკვეთში, რომელშიც დამოუკიდებლად ვმოგზაურობთ ქმნის ახალ სამყაროს, რომელიც პრინციპში უკვე შექმნილიც უნდა იყოს, რადგან ყოველი არჩევანი ქმნის ახალ სამყაროს და თუ არჩევანის შესაძლებლობა უსასრულოა, მაშინ არ არსებობს სამყარო რომელიც არ არსებობს – ანუ ყველა სამყარო არსებობს :დ  ხოლო მოგონება არის ერთგვარი ჩექპოინტი, სადაც მოხდა სამყაროს გახლეჩვა რამდენიმე ახალ ვარიანტად და წარმოიქმნა ახალი ალტერნატივები.

ფიქრები, ოცნებები, მოგონებები, სიზმრები, თრიფები, ნათელხილვებიც კი და გამოცხადებებიც – თეორიული ფიზიკის მიხედვით პარალელური სამყაროდან გამოჟონილი ინფორმაციაა, რომელიც ჩვენში ილექება და ხშირად შეიძლება ჩვენზეც მოახდინოს გავლენა. ანუ პარალელურმა სამყარომ ჩვენი ალტერაციაც შეიძლება მოახერხოს.

ახლა, რა შუაშია ამასთან სიყვარული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ იმ ვერსიას გავყვები სადაც ჰეთევეის პერსონაჟი გვეუბნება, რომ გარდაცვლილ ადამიანებთან ემოციური კავშირი არ არის სოციალური მოვლენა და შეიძლება ითქვას, რომ გარდაცვლილი ადამიანების სიყვარული მათთან კომუნიკაციის ფორმაა. იქნება ეს სხვა სამყარო თუ მეოთხე განზომილებაში ანუ დროში მოგზაურობა.

ანუ სიყვარული ან თუნდაც სხვა ნებისმიერი გრძნობა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანში, წარმოადგენს პროცესსს, რომელიც იძლევა კომუნიკაციის საშუალებას, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან და პარალელურ სამყარობთანაც კი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი რეალური და რაციონალური ხდება ე.წ. კვანტური უკვდავების თეორიაც. რომლის მიხედვითაც ადამიანი თუ ამ სამყაროში და ამ თაიმლაინში მოკვდა, ის აგრძელებს ცხოვრებას სხვა თაიმლაინში. თუ თქვენ ოდესმე დაგსიზმრებიათ თქვენი სიკვდილი ან ფიქრებში გართული უცებ, რაღაც სიტუაციაში მომკვდარხართ, ე.ი. თქვენ მოკვდით პარალელურ სამყაროში, და აგრძელებთ სიცოცხლე იქ სადაც იმ კონკრეტულ მომენტში ამოყავით თავი. თუ ეს კონკრეტულად თქვენი რეალობაა, მაშინ ისევ აქ რჩებით, მაგრამ შეიძლება სულაც ჩემს ან სხვის რეალობაში ამოჰყავით თავი და აქაც მალე მოკვდეთ, რაც უკვე თქვენს სხვა სამყაროში გადასროლას და იქ ცხოვრებას განაპირობებს და ასე იქნება მარად და ყოველთვის, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. ხოლო თუ სამყარო ხუთ და მეტ განზომილებიანია, ეს აღსასრული არასოდეს დადგება, რადგან ეს აღსასრული უკვე დადგა, მაგრამ ჯერ არ დამდგარა.

დანარჩენის წერა მეზარება :დ  მარა ძაან მაგარი თემაა ;დ

და მაინც, რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?

ყველაზე ხშირად დასმული რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ქართველებისგან ისმის, ის ჟარგონულ-ქუჩური შეკითხვა არაა, თქვენ რომ პირველი გაიფიქრეთ და ალბათ ბევრი ადამიანი ჩემი მისამართით რომ დასვამს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. ყველაზე მეტად ქართველებს “აინტერესებთ”, რისთვის იბრძოდნენ მათი წინაპრები.

ხშირია როცა რაიმე სახის დისკუსიაში, ონლაინ იქნება ეს თუ რეალში – ადამიანები გაუაზრებელი პათეტიკით სვამენ კითხვას: “ამისთვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი?” დავით აღმაშენებელი პირობითი ფიგურაა ამ შეკითხვაში და მის ნაცვლად ნებისმიერი წარმატებული მეფე შეგვიძლია ჩავსვათ. პირადად მე გიორგი ბრწყინვალე უფრო მიყვარს.

ამ შეკითხვას მაშინ სვამენ, როცა საქმე თანამედროვე ტენდენციების ქართულ რელობაში “შემოჭრას” ეხება – კონკრეტულად კი თანასწორობას. რაოდენ საცოდაობაა, რომ თანასწორობა ჩვენი ერისთვის მიუღებელი და ტრადიციული ფსევდოისტორიული ჩარჩოდან ამოვარდნაა, ეს სხვა თემაა. მე შევეცდები გამოვიყენო ის უფლება, რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა, ამ შემთხვევაში თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ვთქვა, რომ დავით აღმაშენებელიც, გიორგი ბრწყინვალეც და სხვა ყველა ადამიანი, რომლებიც ამ ქვეყანას და იდეას შეეწირნენ, სწორედ, რომ იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოში – თანაც XXI საუკუნეში, თანასწორობა ყოფილიყო და გაუაზრებელი პათეტიკით არ დასმულიყო შეკითხვა: “რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?”

დავით აღმაშენებელმაც და გიორგი ბრწყინვალემაც მშვენივარდ იცოდნენ, როგორ “გათახსირდებოდა” ერი რამდენიმე ასეული წლის შემდეგ და სწორედ ამ გათახსირებული ერისთვის იბრძოდნენ ისინიც და ყველა მათი თანამებრძოლიც, რომელთა სისხლსაც დღეს ესა თუ ის ადამიანი გვამადლის. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის დაეცნენ ბრძოლის ველზე – ამ ქვეყნისავე გადასარჩენად იბრძოდნენ. იბრძოდნენ იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო და შემდგარიყო სახელმწიფო. დავით აღმაშენებელი XII საუკუნეში სწორედ იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოს XXI საუკუნემდე მოეღწია, თანამედროვეობისთვის აეწყო ფეხი და შეიძლება გაესწრო კიდეც. ის ადამიანები, რომლებიც ისტორიას და დავით აღმაშენებლის ნაღვაწს იცნობენ, ადვილად დამეთანხმებიან იმაში, რომ მეთორმეტე საუკუნეში დავითისნაირი პროგრესული და თავის ეპოქაზე რამდენიმე ასეული წლით წინ მდგარი ადამიანი ცოტა თუ მოიპოვებოდა მსოფლიოში. იმავეს ვიტყვი გიორგი ბრწყინვალეზეც.

ამ ადამიანებს და მათ თანამებრძოლებს კარგად ესმოდათ, რა იყო სახელმწიფოებრიობა. და სწორედ ამ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად იბრძოდნენ ისინი. ისტორიულ ექსკურსს არ შემოგთავაზებთ, პირდაპირ თანამედროვეობაში გადმოვინაცვლებ და გეტყვით, რომ ყველა ადამიანი, რომლის სისხლითაც ქართული მიწაა მორწყული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მფარველობის ქვეშ მცხოვრები მოქალაქეებისთვის იბრძოდა. ისინი იბრძოდნენ რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სექსუალური თანასრწორობისათვისაც კი.

როდესაც ადამიანები ბრძოლის ველზე გადიან, ისინი იცავენ არა ინდივიდებს და მათთვის მისაღებ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფოს და ერს, რომელიც არის მრავალფეროვანი და რომელშიც ყველა სახის ადამიანი გვხვდება. ისინი არ ფიქრობენ 17 მაისს ლგბტ თემის გამოსვლასა და არც რომელიმე სოფელში რამდენიმეკაციან მუსლიმური თემის მიერ აშენებულ მეჩეთზე. დავით აღმაშენებელმა სწორედ იმიტომ იბრძოლა დიდგორის ბრძოლა, რომ ქრისტიანსა და მუსლიმს ამ ქვეყანაში ერთნაირად კომფორტულად და უსაფრთხოდ ეცხოვრათ. აგვისტოს ომშიც სწორედ იმიტომ იბრძოდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომ ამ კონსტიტუციის და ამ სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და უფლებები დაეცვათ.

იმის თქმა, რომ ის ადამიანები ყველასთვის არ იბრძოდნენ – მათი ღვაწლის შეურაცხყოფა და დაკინებაა. ისინი იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, ოჯახისა და იდეისთვის, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო და სახელმწიფო ჰქვია.

სწორედ ამიტომ, მე ვთვლი, რომ 2008 წლის ომი ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ჯარიკაცებმა მოიგეს. მოიგეს იმიტომ რომ, საქართველი (ტერიტორიებდაკარგული, მაგრამ მაინც საქართველო) კვლავ დამოუკიდებელია, ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია და ჩვენი მოქალაქეები განაგრძობენ ამ სახელმწიფოს ავად თუ კარგად შენებას. მათ მოიგეს ის ომი 6 წლის წინ! კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს მოქალაქეთა უზენაესი უფლებების, სახელმწიფოს, თავისუფლებისა და დამოუკდებლობისთვის გამართული ომი იმ ადამიანებმა მოიგეს.

სამაგიეროდ ადამიანები, რომლებიც აჭარელ მუსლიმებს უწოდებენ თათრებს, გაზეთის ფურცლებიდან “სომეხს” შეურაცხმყოფელ სიტყვად ხმარობენ, უშლიან თანამოქალაქეებს გამოხატვის, არჩევანის, გადაადგილების თუ სხვა კონსტიტუციურ უფლებებს, ანუ ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფოს, ყოველდღიურად აგებენ იმ ომს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში და მანამდე მრავალჯერ და ყველა საუკუნეში ბევრჯერ მოიგეს ჩვენმა წინაპრებმა.

გამარჯობა, მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი ანუ ბავშვობაში მაჩმორებდნენ

დედაჩემი სკოლაში მუშაობს. მასწავლებელია. რამდენიმე თვის წინ დამირეკა და მთხოვა, ბულინგის შესახებ რამე ფილმი თუ იცი იქნება მირჩიოო, ბავშვებს უნდა ვაჩვენოო. რაღაც ინციდენტი მომხდარა მის სკოლაში. საშინელი ინციდენტი. რომ მომიყვა გაოგნებისაგან ყბა ჩამომივარდა. მაგრამ ყველაზე დიდი საოცრება იმ ბავშვების მშობლების რეაქცია იყო, რომლებმაც თავიანთზე სუსტი დაჩაგრეს. “რა მოხდაო? ბიჭები არიან და იჩხუბესო.” არადა კლასიკური სადიზმის შემთხვევა იყო. და დამიჯერეთ, მე როგორც ბულინგის მსხვერპლი, რომელსაც სკოლაში თავისი კლასელები “აჩმორებდნენ,” გეტყვით, რომ იმ ბავშვს ძალიან გაუჭირდება ამ ტრავმის გადალახვა. განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. საზოგადოებაში, რომელიც სუსტებს არ უთანაგრძნობს. საზოგადოებაში, რომელსაც სუსტი მხოლოდ მაშინ ახსენდება როცა მიტინგზეა გამოსასვლელი. მაგრამ ფსიქო-კულტურლ ასპექტებს არ მინდა ჩავუღრმავდე. მე მინდა მოგიყვეთ, რას ნიშნავს იყო სუსტი და რაც ნიშნავს იყო დაჩაგრული, თავსლაფდასხმული, შერცხვენილი და თავმოყვარეობა შელახული.

ორიოდ სიტყვით ფილმებს მივუბრუნდები. სამწუხაროდ დედაჩემის მოსწავლეთათვის ვერაფერი ნორმალური ფილმი ვერ ვიპოვე. ამ თემაზე ფილმები ძირითადად მსხვერპლის მიერ შურისძიების ეპიზოდებს მოიცავს. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია მსოფლიოს გარშემო. თვე არ გავა, რომ რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში ვიღაც არ შევარდეს და უმისამართო სროლა არ ატეხოს. ბულინგი იმდენად დიდი პრობლემაა მსოფლიოში, რომ ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურად ამ პრობლემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მხარდაჭერის ჯგუფები, სამთავრობო სტრუქტურები და პროგრამებიც კი არსებობს. ჩვენთან ყველაფერი მარტივად წყდება – ბიჭები არიან და იჩხუბეს. რიგ შემთხვევაში დაჩაგრული ბავშვები სხვა სკოლაში გადაჰყავთ, სადაც ისინი ან ახლიდან ხდებიან ჩაგრულები ან თვითონ ხდებიან ძალიან აგრესიულ მჩაგვრელები.

ჩვენში ხშირად იციან თქმა, ამას ალბათ ბავშვობაში ჩაგრავდნენ და ამიტომ არის დაბოღმილი და გაბოროტებულიო. დიახ. ეს მართალია. ეს ყველაზე დიდი სიმართლეა რაც ტვინზე სამი ნაოჭის მქონე სვეცკი ტიპმა შეიძლება თქვას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიური ჩაგვრის, შერცხვენისა და ღირსების შელახვის ტრავმა ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. მე 30 წლის გავხდები მალე და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავაანალიზე ის, რომ აღარანაირი ბოღმა ჩემი კლასელების მიმართ აღარ მაქვს. რატომ მოხდა ეს და როგორ შევძელი ამის გაკეთება არ ვიცი. არავინ დამხმარებია ამაში, არც ფსიქოლოგთან მივლია. უბრალოდ, მთელი ჩემი ცხოვრება ვფიქრობდი იმ დღეებზე, რომელიც ძალიან მკვეთრად და ძალიან ღრმად იყო ჩემს ტვინში ჩაბეჭდილი. წლიდან წლამდე თითოეული ეპიზოდი და  ბრაზი ნელ-ნელა ქრებოდა. უბრალოდ, ამ ეპიზოდებს აღარ ჰქონდა მნიშნველობა ჩემთვის, იმიტომ რომ მე ვხედავდი, რომ იმაზე მაღლა ვიდექი ვიდრე ეს ნეგატიური გრძნობები ჩემში და საბოლოოდ ყველაფერი გაქრა კიდეც. როცა ეს გავაანალიზე, სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ წერილის დაწერა. მაგრამ მაინც შემეშინდა, ცოტა. მაინც დამამუხრუჭა “რას იტყვის ხალხის” ფაქტორმა. მერე კი მივხვდი, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ მიმართ პატივისცემას  ამ “აღსარების” გამო დაკარგავენ, უბრალოდ არ ღირან იმად, რომ მათი აზრი გაინტერესებდეს.

ჩემი “დაჩმორების” დეტალებს არ გავიხსენებ, ეს არარელევანტურია. ფაქტი ერთია, რომ მეშვიდე კლასის ერთი მშვენიერი დღის შემდეგ, მე ჩემს კლასელებთან შედარებით რამდენიმე საფეხურით ქვემოთ დავიწიე. ახლაც კი, 17 წლის შემდეგ გარკვეულ დისკომფორტს განვიცდი როცა მახსენდება. მაგრამ არაუშავს, იმისთვის რომ ეს პრობლემა გადავლახო, ამაზე ხმამაღლა უნდა ვთქვა ყველაფერი.

ყველაზე ცუდი რა არის იცით? როცა ხდები ჩაგრული და გულში ბოღმა და სიბოროტე გიგროვდება, მერე საკუთარ თავს ვეღარ იტან. იმიტომ რომ ამ ნეგატვის პროექცირებას სხვაგან ახდენ. ჩემს შემთხვევაში ამან სკოლის გარეთ გადაინაცვლა, იმ სივრცეში სადაც ჩემს კლასელებს ხელი და ხმა არ მიუწვდებოდათ და შესაბამისად ვერ “გამიბაზრებდნენ” ჩემს დაქვეითებულ სტატუსს მათ რიგებში.

ვერც კი წარმოიდგნეთ, რამდენი ადამიანი, ჩემი თანატოლი და ჩემზე გაცილებით უფროსებიც დამიჩაგრავს მხოლოდ იმიტომ რომ სხვაზე ვიყავი გაბრაზებული და არ შემეძლო ჩემ მიმართ გამოვლენილი ბულინგის წინააღმდეგ ერთი სიტყვის თქმაც. არადა არ ვარ ბოროტი ადამიანი. რა ვქნა, ასე ვთვლი, რომ არ ვარ ბოროტი და როდესაც ამ სიბოროტეს ჩავდიოდი, მერე საკუთარი თავის ძალიან მრცხვენოდა. რამდენჯერმე ისეთი შემთხვევაც მქონდა, რომ როცა ცოტა ზედმეტი მომივიდა ვიღაცაზე ჩემი ჯავრის ყრა, ჩემი ბრაზისა და ბოღმის მსხვერპლს ბოდიშებიც ვუხადე და პატიება ვთხოვე იმის გამო, რაც მას გვუკეთე. მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია. მეორე დილას წავედი სკოლაში და იქიდან ახალი ნეგატივით დამუხტული დავბრუნდი.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი იმაზე, რომ როდესაც წარმატებული ადამიანი გავხდებოდი, ჩემს კლასელებს შეიძლებოდა ჩემი დახმარება დასჭირვებოდათ, მე კი მათ არ დავეხმარებოდი და სამაგიეროს ასე გადავუხდიდი. ვინ იცის რამდენჯერ ჩამძინებია გაღიმებულს ამაზე ფიქრში. ჩემდა საბედნიეროდ ამან მალევე გამიარა და ახლა მეცინება როცა მახსენდება რა იდიოტური ფიქრები მიტრიალებდა თავში. როგორ ვიჯექი მე სადღაც დიდ კაბინეტში და როგორ ვაბრუნდებდი უარით ჩემს გაწბილებულ კლასელს იქიდან. მე მეცინება ამაზე, ალბათ თქვენც გაგეცინებათ, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, რამდენი ადამიანია დღეს ისე, რომ კიდევ ასეთ მდგომრეობაში აქვს ნევრვები და კიდევ ბოროტულ ოცნებებში გადააქვს თავისი სამყარო იმისათვის, რომ კომფორტულად იგრძნოს თავი. თქვენ გგონიათ ადვილია ჩაწვდე პრინციპს: “მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ?” სულაც არა. ამიტომაცაა, რომ დღემდე ყველა ერთმანეთს ჩაგრავს სხვადასხვა ფორმებით. ჩემი აგრესული ქცევები სხვა ადამიანების მიმართ ერთ დღეს შევწყვიტე, როცა გავაანალიზე, რომ ის ადამიანები ზუსტად იმას გრძნოდბნენ რასაც მე მთელი ჩემი სკოლის მოსწავლეობის პერიოდში. რომ ზუსტად ისე თავჩაქინდრულები, შერცხვენილები და ღირსება შელახულები მიდიოდნენ სახლებში. უხეშად პასუხობდნენ ძმებს, დებს, დედებს, მამებს, ბებიებს. ფიქრობდნენ იმაზე, როგორ გადამიხდიდნენ სამაგიეროს და როგორ ეზიზღებოდათ ამის გამო საკუთარი თავი. ამ დღის მერე შემძულდა ყველა მჩაგვრელი ადამიანი, პირველ რიგში კი საკუთარი თავი.

ყველაზე მძიმე დაღი, რასაც “ჩმორობა” გადებს არის თავდაცვითი ინსტინქტების გაათმაგება. მომენტალურად, ნებისმიერ სიტუაციაში დგები თავდაცვით პოზიციაში და ელი იმას, რომ ვიღაცა აუცილებლად ეცდება შენზე რამენაირად იძალადოს. გიჩნდება ადამიანების მიმართ უნდობლობა, ხდები ჩაკეტილი და არავის უშვებ საკუთარ თავთან. გეშინია ემოციების გამოვლენის და მოკლედ, ყოველდღიურად, ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც კი გიწევს მოიქცე ისე, თითქოს სკოლაში ხარ და შიშით ელოდები როდის დაირეკება ზარი და ფიქრობ, მიასწრებ თუ არა სკოლის კარამდე ისე, რომ ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს შეურაცხყოფის გარეშე.

ჩემი მეგობრები ხშირად “მეღადავებიან” ხოლმე, “ყოფილი ძველი ბიჭი ხარო.” რაზც სასტიკად ვბრაზობ. იმიტომ რომ არ ვარ. ყველაფერი ვარ ძველი ბიჭის და კაი ბიჭის გარდა. უბრალოდ, როდესაც ავტომატურად მერთვება ვიღაცის მიმართ თავდაცვის ან შეტევის რეჟიმი, რაც კონკრეტული ადამიანის ან საკითხის მიმართ აგრესიულ ქცევაში გამოიხატება, ისინი ამას “ძველბიჭურ” გამოხტომას მიაწერენ. სინამდვილეში კი ეს თავდაცვითი მექანიზმია, ერთგვარი მავნე ჩვევა, რომელიც ჩემდა უნებურად განმივითარდა.

ყველაზე მძიმე კიდე იცით რა არის? როგორ ძალიან მაგარი ბიჭი და გამტრაკებელიც არ უნდა ვყოფილიყავი იმ სივრცეებში სადაც ჩემი კლასელები არ იყვნენ, საკმარისი იყო, რომელიმე მათგანი ჰორიზონტზე გამოჩენილიყო, მომენტალურად ვხდებოდი ის ტიპი, რომელსაც ისინი იცნობდნენ. აი, თაგვის გულიანი ვეფხვის ზღაპარი რომ არის, ზუსტად მასე. “კატამ? კატამ იცის?” ო, ეს კიდე ძალიან არაკომფორტული და არასაიამოვნოა. ამიტომ ყოველთვის გავურბოდი მათთან შეხვედრას და თუ ოდესმე შემხვდებოდნენ, მაშინვე ვცდილობდი მალე გაცლას. არადა ისინი გაიზარდნენ და არც აღარაფერს მერჩოდნენ. პირიქით, ყოველთვის ღიმილით და თბილად მხვებოდნენ ქუჩაში. მაგრამ მათ ღიმილში მე ყოველთვის ცინიზმს და დაცინვას ვხედავდი. არადა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, არც ერთ მათგანს აღარც კი ემახსოვრებოდათ ის ინციდენტი, რის შემდეგაც მე “კაი ბიჭების სიიდან ამოვეწერე” :D

მოკლედ, ასეთი დაღი დამასვა 17 წლის წინ მომხდარმა ინციდენტმა და შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელებულმა მუმდივმა ჯაჭვმა.

ამის ფონზე ჩემს ძმებთან გავუცხოვდი. იცით რატომ? ძნელია იყო უფროსი ძმა, რომელსაც სკოლაში აჩმორებენ. მე ხომ მაგალითის მიმცემი უნდა ვყოფილიყავი ჩემი ძმებისთვის. მეჩვენებინა, როგორი უნდა იყოს “კაი ბიჭი” და ვაჟკაცი კაცი, ძმაო!

იმის შიშით, რომ ჩემი ძმების თანდასწრებით, შემთხვევით, ჩემს რომელიმე კლასელს არ გადავყროდი მათ საერთოდ არ ვეურთიერთებოდი სახლის გარეთ, მერე და მერე არც სახლში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ ვყოფილიყავი “კაი ბიჭი უფროსი ძმა” – უცხო, მაგრამ ღირსება და ავტორიტეტ შეულახავი.

როცა ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისათვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და სხვა ღირებულებები გამიჩნდა, უკვე გვიანი იყო. ჩემი ძმები სხვა წრეში ტრიალებდნენ, სხვა ინტერესები ჰქონდათ და სხვანაირად უყურებდნენ ცხოვრებას. ჩვენ უბრალოდ აღარაფერი გვქონდა საერთო.

აი, ასე. “მერე რა, ბიჭია და იჩხუბა” – მხოლოდ დასაწყისია, იმ ძალიან დიდი ფსიქიკური გზის, რომელსაც ყველა ჩვენგანი გადის, მჩაგვრელიც და ჩაგრულიც.

მე შევძელი ჩემი კომპლექსების გადალახვა. დიახ, სწორედ ამდენიხანი და ამდენი წელი დამჭირდა ამისთვის, იმიტომ რომ ძალიან მძიმეა და ამ წერილით მინდა წერტილი დავუსვა ამ ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემი კათარზისი. მაგრამ ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ ეს არ გაუკეთებია ან საერთოდ ვერ გააკეთებს ვერასდროს. და ეს ან სხვისთვის ან მათთვისვე დამთავრდება ცუდად.

დღეს რომ ვინმემ მკითხოს შევცვლიდი თუ არა რამეს ჩემს წარსულში. იმ დღეს, მაგალითად, როდესაც ჩემი ახალი გზა დაიწყო ამ ცხოვრებაში, ვუპასუხებ, რომ არა. მე დღეს რა პიროვნებაც ვარ ძალიან მომწონს ჩემი თავი.  რომ არა ის რაც მოხდა, შეიძლება უკეთესი ადამიანი ვყოფილიყავი, უფრო წარმატებულიც, კაცმა არ იცის. მე უბრალოდ არ მიყვარს პეპლის ეფექტი. და მხოლოდ ამიტომ ავირჩევდი ცხოვრების ამ გზას რაც გავიარე. მაგრამ თქვენს შვილებს, ძმებს, მეგობრებს, ჯერ კიდევ არ შეუქმნიათ სხვა ადამიანების მომავალი. მათ ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ ამ ადამიანებზე გავლენა და არ განუსაზღვრავთ რა პიროვნებები იქნებიან ისინი მომავალში. ამიტომ ასწავლეთ მათ და უთხარით, რომ არ დაჩაგრონ თავისი თანატოლები, უმცროსები ან თუნდაც უფროსები.

რატომ არის კარგი ევროკავშირის წევრობა

სხვა ყველა სიკეთესთან ერთად განათლება არის ერთ-ერთი უპირველესი და უმთავრესი მიზეზი.

 

გთავაზობთ ფასებს (წელიწადი) ევროპის ტოპ უნივერსიტეტებიდან :)

 

ოქსფორდის უნივერსიტეტი – აქ ფასები ფაკულტეტების მიხედვით იცვლება, ამიტომ რამდენიმეს ამოვარჩევ, ისე თვითონაც შეგიძლიათ ნახოთ სხვა დანარჩენები:

 

1. ბიოქიმია – ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები:  £3,996 .  არა EU სტუდენტები – £17,690

2. ბიოლოგია – EU სტუდენტები – £ 9,000.  არა EU სტუდენტები – £21,000

3. სამედიცინო (თითქმის ყველა მიმართულება) – EU სტუდენტები – £3,996. არა EU სტუდენტები – მერყეობს 16,000 ფუნტიდან 29,000 ფუნტამდე.

თითქმის იგივე მდგომარეობაა ყველა სხვა ფაკულტეტზე :)

 

კემბრიჯი:

EU სტუდენტებისთვის ყველა ფაკულტეტი და ყველა მიმართულება £9,000 – არა EU სტუდენტებისთვის ფასები განსხვავდება ფაკულტეტების მიხედვით, მინიმალური გადასახადი £14,000 – მაქსიმალური £34,000.

 

Imperial Collage London

EU სტუდენტები – სამედიცინო, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტები – ყველა მიმართულება £9,000. არა EU სტუდენტები £27,000 – £39,000

 

კაროლინსკას სამედიცინო უნივერსიტეტი – სტოკჰოლმი, შვედეთი

EU სტუდენტებისთვის  – უფასო. არა EU სტუდენტები 28,000$ :)

 

ზოგადად ქვეყნებში არსებული პოლიტიკის შესახებ:

დანიაში – EU სტუდენტებისთვის სწავლა უფასოა. არა EU სტუდენტებისთვის წლიური გადასახადი იწყება 10,000 ევროდან.

შვედეთი – EU სტუდენტებისთვის უფასო. არა EU სტუდენტებისთვის 9,500 ევროდან.

ნიდერლანდები – EU სტუდენტებისთვის 1950 ევრო. არა EU სტუდენტებისთვის 5,000-დან 25,000 ევრომდე :)

 

დანარჩენი თვითონ შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ :)))

 

Kick It Out – ანუ ორიოდ სიტყვა პროპაგანდაზე

Kick It Out უეფას ანტი-რასისტული კამპანიაა, რომელიც 1993 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კამპანიის ანუ პროპაგანდის მიზანი, სტადიონებიდან და ზოგადად საფეხბურთო ცხოვრებიდან რასიზმის განდევნაა. Kick It Out-ის მოთავენი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მომსახურე პერსონალსა და ზოგადად ადამიანებს რასიზმის განდევნისკენ მოუწოდებენ. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დამოკიდებულების პროპაგანდა, ერთი ადამიანის მეორეს მიმართ არსებული დამოკიდებულებისა.

თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლეიშვილის და მისთანების ლოგიკას თუ ჩავრთავთ ამ ყველაფერში, გამოვა, რომ უეფას მიზანი თეთრკანიანი მოსახლეობის გაშავკანიანება, გაყვითელკანიანება და ა.შ. არის. Kick it out ქართველი კონსერვატორებისათვის არა რასიზმის წინააღმდეგ მიმართული, ანუ დამოკიდებულების შეცვლისაკენ მიმართული – კამპანია, არამედ თეთრკანიანი რასის გადაშენების გზისკენ მიმავალი პროპაგანდაა.

ჰო, სწორედ ასეთ ლოგიკას გვთავაზობენ ომბუდსმენობის კანდიდატები და მათი თანამოაზრენი. მათ არ ესმით, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, იმდენად აბსურდული ტერმინი და სიტყვათა შეთანხმებაა, რამდენადაც შავკანიანობის პროპაგანდა ან თუნდაც ცაციობის. როგორც Kick it out-ის კამპანიით “ტვინგამორეცხილი” გულშემატიკვარი ვერ გაიღვიძებს ერთ დილას რასა შეცვლილი, ისევე ვერ შეიცვლის ადამიანი სექსუალურ ორიენტაციას “პროპაგანდის” გამო. იმას, რასაც ადამიანთა გაკრვეული ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეძახის, სინამდვილეში დამოკიდებულების პროპაგანდაა. როდესაც გეუბნებიან, რომ სიძულვილი უნდა განაგდო (ან თუნდაც განიხუნო) შენი იდეოლოგიიდან და მისცე ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალება, რომ ამ ადამიანების მიმართ არ უნდა გქონდეს წინასწარგანწყობები და მხოლოდ იმის გამო რომ შენგან განსხვავებულები არიან, მათ მიმართ აგრესია არ უნდა გქონდეს, ეს არის -დამოკიდებულების და არა თქვენი – ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება.

ინტერნეტ სივრცეში ერთი ვირუსული ფოტო ტრიალებს, რომელზეც ბავშვია გამოსახული და ასეთი ტექსტი ახლავს თან: “ჩემმა 4 წლის შვილმა არ იცის რა არის რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური განსხვავებები. მან არ იცის, რომ ვიღაც ამის გამო უნდა სძულდეს და არც ეცოდინება თუ ამას არ ვასწავლით.” ანტი-ჰომოფობიური კამპანია არის მცდელობა ასწავლო ადამიანებს რომ სიძულვილი ცუდია. ჩვენ ჩვენი საზოგადოება, ოჯახები, სამეგობრო წრე და ზოგადად გარემო გვასწავლიდა სიძულვილს და სწორედ ამ სიძულვილთან ბრძოლაა ის, რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძეოიდები ასე გამალებით ებრძვიან.

მძულდა მეც, იმიტომ რომ ასე მასწავლეს, მაგრამ შემდეგ ვისწავლე, რომ ამ სიძულვილის არანაირი მიზეზი არ მაქვს, გარდა არქაული სტერეოტიპებისა.

ფობია – ეს არის შიში და კონსერვატორებს, ყველგან და ყოველთვის, სწავლისა და შემეცნების ეშინიათ.

Don’t Hate! Kick It Out!

ო, ღმერთო, რატომ?

18 დღე გავიდა არჩევნების შემდეგ, თითქოს ყველაფერი დაწყნარდა და ქვეყანა და ხალხი ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ აქა-იქ წამოჩიტული, თითქოს უწყინარი და უმნიშვნელო პრობლემები, სინამდვილეში ძალიან ყურადსაღები თემებია, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში ამ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში დიდ როლს ითამაშებს.

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა და მათ შორის დავით დარახველიძეც მოხვდა, რომელსაც ლტოლვითა და განსახლების სამინისტრო მიებარა. დარახველიძეს მაშინვე გაუხსენეს მისი ქსენოფობიური გამოსვლა, როდესაც ის ისტერიკაში ჩავარდნილი ყვებოდა საქართველოს მოქალაქეობა მიღებულ ჩინელებსა და “ზანგებზე.” მერე ვიღაც მიამიტმა, იქნება ჯერ აცალოთ, გამოუცხადოს ნდობა პარლამენტმა ამ ახალ მინისტრებს და მერე ატეხეთ ხმაური, ჯერ ხომ არ დანიშნულაო. ძალიან კარგი თუ არ დანიშნულა და სწორედ ახლა უნდა ატყდეს ხმაური, რომ არც დაინიშნოს.

ივანიშვილის რიტორიკას თუ გავიხსენებთ, რომელიც მისი თანაგუნდელების ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და ზოგადად ფაშისტურ გამონათქვამებს ეხებოდა, შესაძლებელია დარახველიძის ბოდიშს ველოდოთ, ან თვითონ ივანიშვილის “განმარტებას” – “ახალგაზრდა პოლიტიკოსია და შეეშალა, აუცილებლად მოიხდის ბოდიშსო.” ცხადია, ბოდიშის მოხდა ძალიან კარგია და რიგ შემთხვევებში საკმარისიცაა, მაგრამ დარახველიძის შემთხვევაში ეს იდეოლოგიაა და არა გამოუცდელი პოლიტიკოსის შეცდომა. ადამიანი არა თავის შეცდომებზე, არამედ შედეგებზე სწავლობს. შესაბამისად, თუ ბატონი დარახველიძე მოიხსნება მინისტრობის კანდიდატობიდან, იგი ისწავლის, რომ ქსენოფობია და რასიზმი ცუდია. საქართველოში საზოგადოება არ სჯის მსგავსი “შეცდომების,” ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მსგავსი იდეოლოგიის გამო პოლიტიკოსებსა თუ საჯარო პირებს, პირიქით, იმ სოციო-კულტურულ მეინსტრიმში, რომელსაც შალვა რამიშვილი ეტრფის და გაუფლაგმანდა, მისაღებიცაა. სწორედ ამიტომ არის მსგავსი რიტორიკა ასე გამჯდარი ამ ადამიანებში. მითიური და მონუმენტური ქართული ტოლერანტობა კი ზუსტად ისეთივე ფასადურია, როგორიც სახურავახდილი და 2 თვეში დამთავრებული გრანდიოზული პროექტები.

ასეთი პოლიტიკოსების ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ხოლმე, როგორ ახერხებენ უცხოურ დელეგაციებთან ურთიერთობას. მაგალითად, სულ მაინტერესებდა ქდმ-ს და შემდეგ ქ.ო.-ს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორ შეხვდებოდა და ესაუბრებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც გეია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, გასაოცარი დემოკრატიის კიდევ ერთი ნაჟურია, ჰომოფობი ომბუდსმენი – ამ ადამიანს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ხორცშესხმული ოქსიმორონი. პარლამენტარი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ჰომოსექსუალთა სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვდა და ითხოვს, დღეს ისევ აყენებს თავის კანდიდატურას ომბუდსმენის თანამდებობაზე. ღმერთმანი, უნდა ვაღიარო, რომ ლორთქიფანიძე, ანუ ადამიანი, რომელიც კანონშემოქმედების ან კანონის აღსრულების პროცესში დიდი სჯულის კანონის ჩართვას ითხოვს, ნამეტანი საინტერესო ომბუდსმენი იქნება და მისი რეპორტების კითხვა – განსაკუთრებით. ლორთქიფანიძე საზოგადოებრივი მხარდაჭერით აპელირებს და ამის დასტურად “ტანკლი ტუნკლი ტანკლების” მიერ გაშვებული ფეისბუქ გამოკითხვის შედეგები მოჰყავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა კანდიდატურადვე დარჩება მთელი მისი კარიერის გამავლობაში.

ქაოსი

უკვე მეოთხე დღე მიიწურა არჩევნების შემდეგ, ახალ მმართველ პარტიას კი ჯერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ის კი არა,  როგორც ლიდერების ქცევებისა და განცხადებებისგან შეგვიძლია დავასკვნათ, ამას თვის ბოლომდე საერთოდ არ აპირებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე და  ბევრმა ჩემნაირმა კიდევ ახალი შეცდომები დავუშვით და არსებულ ვითარებას, რომელიც საქართველოში აქამდე ჯერ არ ყოფილა, საკმაოდ არასერიოზულად მოვეკიდეთ. სიტუაცია კი ასეთია: პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი ძალა შეიცვალა არჩევნების გზით, ძველმა ხელისუფლებამ შესაშური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა და როგორც ცივილიზებულ ქვეყანასა და ხელისუფლებას შეეფერება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ხელისუფლების გადაბარება. ამ სიტუაციაში ყველაზე უსუსური ახალი სახელისუფლებო ძალა აღმოჩნდა, რომელიც უკვე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საერთოდ არ მოელოდა გამარჯვებას და ეს სცენარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, გეგმა ჭ-შიც არ ჰქონია.

გამარჯვებული პარტიის ლიდერების რიტორიკა ჯერ კიდევ ქუჩის ოპოზიციის ოპერეტიდანაა და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ, მაგალითად, თინათინ ხიდაშელს, რომელსაც ისტერიკა აქვს გამართული თავის ფეისბუქზე და ყველას დაჭერით და დევნით იმუქრება, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ მასზე ცოტა სხვა პასუხისმგებლობა მოდის ახლა და დროა ცოტა უფრო რელევანტურ საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება.

სისხლის სამართლის დანაშაული ვისაც აქვს ჩადენილი, ის რომ დაისჯება ამის მტკიცება ყოველ ორ წუთში ერთხელ არაა საჭირო, ეს ისეთივე აქსიომა უნდა იყოს, როგორიც XXI საუკუნეში 24 საათიანი ელექტროენერგიის გრაფიკის ქონა ქვეყანაში. პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით წარმართვა და ძველი ხელისუფლების პირობებში გაჯეჯილებული რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მერეც შეიძლება, როცა ქვეყანა გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად გადაიტანს.

მანამდე კი სხვა საკითხებზეა ყურადღება გასამახვილებელი. მაგალითად, დემორალიზირებულ პოლიციაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისევე ეპყრობიან, როგორც ხუთჯვრიან დროშას, რომელიც რატომღაც ხალხში არა პატრიოტულ გრძნობებს, არამედ ზიზღს აღძრავს კონკრეტული პარტიის მიმართ. ხულოს მუნიციპალიტეტზე “ქართული ოცნების” დროშის აღმართვის მერე,  არც ის გამიკვირდება, რომ გარკვეულ რეგიონებში პოლიცია, კორკოტას საუკეთესო სტილში შექმნილმა სახალხო მილიციებმაც ჩაანაცვლონ – როგორც ზეპარტიულმა და აპოლიტიკურმა “ორგანოებმა.”

ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ის მოლოდინები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მოიყოლა, პოლიციის დემორალიზებასა და, საბოლოოდ, მის დისფუნქციას უწყობს ხელს. მარაზმატიკული დამოკიდებულების მოჭარბება კი გაზეთ “ასავალ-დასავალის” საქციელით გვირგვინდება, რომელმაც ყველანარი ნორმა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და გლდანის ციხის თანამშრომელთა სია გამოაქვეყნა. ამ ადამიანებიდან შეიძლება მხოლოდ 10 კაცი იყოს დამნაშავე და ისინი უკვე დაჭერილებიც არიან ალბათ, სხვა დანარჩენებს კი ახლა ის გაუხდათ საფიქრალი როგორ დაიცვან თავი გავეშებული ადამანებისგან, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა მანქანებით დარბიან ქალაქში და არა მარტო სხვის, საკუთარ სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს უაზრო მოძრაობით.

“ასავალ-დასავალის” გამოხტომას ახალი მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, მხოლოდ დავით უსუფაშვილმა ახსენა ზერელედ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება – ამ განცხადებას მან ზუსტად 7 წამი დაუთმო თავის გამოსვლაში. არადა ეს ადამიანი  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის იუსტიციის მინისტრობის სასურველი კანდიდატია. საინტერესოა, როგორ უნდა მართოს ასეთი დიდი და საპასუხისმგებლო სისტემა ადამიანმა, რომელიც გულგრილად ეკიდება ლინჩის ბრბოების წარმოქმნის პროვოცირებას კონკრეტული გაზეთის მხრიდან.

ას.-დას.-ის საქციელის მიმართ გულგრილობის გამოჩენა სხვა რიგით ძალოვნებსაც უქმნით დისკომფორტს. ბიძინა ივანიშვილის “აქ ვითომც არაფერია” განცხადებები კი საქმეს აშკარად არ შველის.

“ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც ერიდებოდნენ საკუთარი მხარდამჭერებისთვის მკვეთრი მესიჯების გაგზავნას, ცხადია ფართო მასების დაკარგვა, რომლებსაც იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბიძინა მათ მოარგებდა მთელ  ქვეყანას, არავის უნდა. შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებით დღეს ქვეყანაში მივიღეთ ქაოსი. გვყავს დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ხალხისგან აგრესიას გრძნობს, მასმედია უტევს, ახალი მმართველი ძალა კი წიოკის მეტს არაფერს აკეთებს.

ინფანტილურობაა იმის მტკიცება, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გამარჯვებულ ძალას არ ეკისრება. ჰო, შეიძლება იურიდიულად ასეა, მაგრამ ფაქტობირვად და მორალურად სხვანაირი ვითარებაა. ჯერ ერთი, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ხალხს არ აქვს მშვიდობიანი ტრანსფერის გამოცდილება. მეორეც,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში მულტიმენტალური მასებია გაერთიანებული, თუ ვიღაცას სამოქალაქო საზოგადოება უნდა, რაღაც ნაწილს ის ყბადაღებული წარსულიც ენატრება. ამ უკანასკნელებს რომ უფრო მეტი მხარდაჭერა და ძალა აქვთ ჩვენს საზოგადოებაში ამაში გუშინაც დარწმუნდა ახალგაზრდობის საღად მოაზროვნე ნაწილი, როდესაც ას.-დას.-ის რედაქციასთან გამართულ აქციაზე ძველიბიჭი მღვდლების და უინტელექტო ტიპების კედელი დახვდათ.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო… ჰოდა, ას.-დას.-ის, კრიმინალების, “ჯორჯია დებილ მენტალიტეტ”-ს გმობის და უარყოფის ნაცვლად, ფბ-ზე თინა ხიდაშელის “კარვისქალური” ისტერიკები შეარდება.

და, ჰო! არ უნდა ვაცალოთ :)

ბრძენი ქართველი ელიტა

ყველაზე სასაცილო თუ ყველაზე ამაზრზენი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე “რაღაცნაირი” არჩევნების მერე ქართული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები არიან. აი, ისინი, ვისაც ერი ევროპამდე მიყავდა, ციხის კადრების გავრცელების მერე სამაგალითო სამოქალაქო პოზიციას რომ აფიქსირებდნენ და ხარობდა, რომ ქვეყანის მიძინებული და თვითკამყოფილებაში ჩავარდნილ ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს შემოლაწუნება ეღირსა. მათ ალბათ იმედი ქონდათ, რომ მათი ინტელექტუალური ნაშრომი დაუფასებელი არ დარჩებოდა და ქვეყანა სწორ არჩევანს, ისევ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთებდა.

არჩევნების შემდეგ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ნიშნის მოგებისა და ცინიზმის გარდა არაფერს აკეთებს. ნუ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, როგორც არჩევნებამდე იქცეოდნენ სწორედ ასე იქცევიან ახლაც. რიტორიკა “თქვენ დებილები ხართ, ვერაფერს გაიგებთ და ამიტომ ჩვენ გვაცალეთ ქვეყნის შენება,” ახლა “თქვენ დებილები ხართ, ეს ხელისუფლება რომ გადაირჩიეთ და ნახეთ ახლა რა მოგივათ” გამოხდომება ჩაანაცვლა.

მაშინ როცა სპეც-რაზმი ხაშურში თავხედურად იპარავდა საარჩევნო ყუთებს, ეს ადამიანები ქეთი დოლიძის და ნინელი ჭანკვეტაძის ფოტოს დაშეარებით იყვნენ დაკავებულები და ცინიკური წარწერით “სისტემა უნდა დაინგრეს” კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სისტემა მართლაც უნდა დინგრეს. ამ ადამიანებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საკუთარ თავზე აიღეს პედაგოგების, მოძღვრების, წინამძღოლების და დამრიგებლების როლი. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ტვირთია,  მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიძინებული და ატროფირებული საზოგადოების ახლიდან გამოზრდა და მათთვის ახალი პერსპექტივების დანახვება “ევალებოდათ.” მაგრამ საბოლოო ჯამში იმ მასწავლებელებს დაემსგავსნენ, რომლებიც ნიშნებს იმ მოსწავლეებს უწერენ, რომლებიც მათთან ემზადებიან, ხოლო გაკვეთილზე მჯდარ, გაურკვევლობაში მყოფ მოწაფეს დებილს და ოროსანს უძახიან, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არც არაფერი უსწავლებიათ.

“თქვენ რა იცით, რომ ჩვენ პირად საუბრებში უფრო მაგრად არ ვაკრიტიკებთ თანამდებობის პირებს და დისიჟენ მეიკერებს, ვიდრე თქვენ აკეთებთ ამას საჯაროდ?” – ასეთი კითხვა დასვა ერთხელ ერთ-ერთი “არასამთავრობო” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ საჯარო დისკუსიების დროს, როდესაც ხალხი სამართლიანად აძლევდა შენიშვნას წინა ხელისუფლებას, ეს “პირად საუბარში გამრკიტიკებლები” გამალებით იცავდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა – მერე მადლიერმა ერმა გამპრავებლები რომ შეარქვა, სწორედ იმ პიროვნებებს ვგულისხმობ.

მოკლედ, ვზივარ და ვუყურებ ამ ადამიანების ისტერიკას სოციალურ ქსელებში და გული მერევა მათ უტიფრობაზე, როდესაც ისინი არჩევნების შედეგად “პროგრესის დამარცხებას” ხალხს აბრალებენ და თვითონ იოტის ოდენა პასუხისმგებლობასაც არ იღებენ იმაზე რომ ჩაისვარეს.

ერთი სიტყვით, ეს არჩევნები ქართული ოცნებას არ მოუგია, ეს არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ინტელექტუალურმა ბურჯებმა წააგეს და ამას სხვას აბრალებენ :)

გამოღვიძება

ბოლო წლებში მმართველი ძალა მართლმადიდებელ ეკლესიას დაემსგავსა, მისი ლიდერები – კლერიკალებს, მომხრეები კი – მრევლს. ქვეყნის კურსი ახალი რელიგია გახდა, რომლის არათუ ეჭვკვეშ დაყენება, რაიმე სახის ადეკვატური შეკითხვის დასმაც კი ერესად მიიჩნეოდა. თერჯოლის (პირობითად) მაჟორიტარის, პარლამენტის სხოდმაზე შეკითხვა რომ დაესვა, რაიმე ახალი კანონის ან გადაწყვეტილების შესახებ, მაია ნადირაძე და სხვა მისნაირი, ოდიუოზურ ინკვიზიტორებად ქცეული პოლიტიკოსები ცინიზმის ნიაღვარში ახრჩობდნენ და საზოგადოების ნაწილს, რომელსაც რაღაც არ ესმოდა და აინტერესებდა, ფაქტობრივად, დებილად მოიხსენიებდნენ. ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, იმის სწავლება, რომ ასფალტი საჭმელი არ არის, არავის უცდია, ბატონო ნოდარ, ლადარია. 

ამავე პერიოდში ქვეყანაში მთლიანად მოისპო საჯარო დისკუსიების სივრცე, ყველა ნაციონალურმა ტელევიზიამ ერთბაშად გადაწყვიტა პოლიტიკური და სოციალური თემატიკის თოქ-შოუების “პროდაქშენი” შეეჩერებინა და ხელში მხოლოდ მაია, ნინო და ნანუკა შეგვრჩა. მერე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და კარის ინტელექტუალებმა (სიტყვა ინტელიგენცია რო წარსულს მიაბარეს და რებრენდინგი განიცადეს, აი, იმათმა) ოპოზიციურ არხებზე არათუ დებატებში მონაწილეობაზე, საერთოდ ინტერიუების მიცემაზე თქვეს უარი. მოკლედ, ერთი სამი წელი მაინც, შეიძლება ნაკლები, ქვეყანამ დებატების გარეშე, მონოლოგის რეჟიმში იცხოვრა.

საჯარო დისკუსიის სივრცეებად მხოლოდ ფორუმ.გე და აქციები რჩებოდა. ხელისუფლება იმდენად დაკავებული იყო, რომ ფორუმებზე სადისკუსიოდ არ ეცალა, აქციების შედეგად გადაწყვეტილებების მიღებაზე კიდე უარი თქვეს. აი, აშშ-მ ერთ დილას რომ გაიღვიძა და გადაწყვიტა “არანაირი მოლაპარაკება და არანაირ პირობებზე დათანხმება ტერორისტებთან,” აი რაღაც ასე. ერთი-ორმა კარის ინტელექტუალმა, ასეთი საოცარი ფრაზა ისროლა მაშინ: “აქციების ზეწოლით გადაწყვეტლების მიღების პრეცედენტი არ უნდა დავუშვათო.” მოკლედ, საზოგადოებას პირი ამოუკეტეს და თვითონაც დაიხშეს ყურები.

თვითტკბობას მიეცნენ – არადა როგორ არ მიეცემოდნენ. გამკრიტიკებელი კაცი არ ყავდათ. ერთ-ერთმა ინტელექტუალმა, მაშინ ისიც თქვა: “ჩემთვის ახლა ხელისუფლების კრიტიკა საერთოდ არაა საინტერესო, მე ოპოზიციის კრიტიკა მევასებაო.” არადა ეს ის დროა ოპოზიციის რეიტინგი ნულზე რომაა. მოკლედ, ამ შენ მიძინებულ და თითტკბობაში გადავარდნილ ხელისუფლებას კარგად ვურწიეთ აკვანი, ინტელექტუალმა ტრენდმეიკერებმა, გამპრავებლებმა და უბრალოდ მხარდამჭერებმაც. მარა, რაღაც მომენტში ალბათ, ვფიქრობდით, რომ, აი, ევროპული ოჯახის და მომავალი ნატოს წევრი, ამ ძალიან მაგარ კურსზე მდგარი ქვეყნის მესაჭეები იმას მიანც მიხვდებიან, რომ დედაქალაქის ცენტრიდან 3 კილომეტრში (ანუ იმ წერტილაში საიდანაც მტრამდე სულ რაღაც 37 კილომეტრი რჩება) თანამოქალაქეები რო არ უნდა აწამონ ამას ვინმე გაითვალისწინებს და მიხვდებაო.

ამ რამდენიმე დღის წინ, ღამის 5 საათზე მოვდიოდი ჩემი მეგობრების ოფისიდან, ტაქსისტს ძალიან მაგრად ეძინებოდა, იპოდრომის ახალ გვირაბთან კინაღამ ავილეწეთ. მე ის ტიპი ვარ ტაქსისტებთან საუბარი რომ არ უყვარს, ურჩევნია იჯდეს და უსმინოს მუსიკას. მაგრამ რა მექნა, გადავჯექი წინ და ჩემს მესაჭეს მთელი გზა ახალ აშენებულ ესტაკადებზე, საცობებზე და სხვა ასეთ ინფრასტრუქტურულ თემებზე ვესაუბრე. მოკლედ, შევაწუხე, გამოვაღვიძე, აზრზე მოვიყვანე და თავი გადავირჩინე.  მეც რომ დაღლილი ვყოფილიყავი, იმის იმედად რომ საჭეზე პროფესიონალი და პასუხისმგებლობის მქონდე ადამიანი ზის, გზაში ალბათ მიმეძინებოდა – ბატონო გიგი, თევზაძე :)

მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად, ხელისუფლება ქართულ შოუბიზნესის წარმომადგენლებსაც დაემსგავსა, “ჩვენ კი გვინდა კარგი სიმღერები დავწეროთ და ხარისხი ავამაღლოთ, მაგრამ ხალხს ეს მოსწონს, გემოვნების პრობლემააო.”  აპლოგეტები პროდიუსერებს დაემსგავნსნენ, თავგადმოდებით რომ იცავდნენ პოპ-ვარსვლავებს თოქ-შოუებში, ზოგიერთი კაი-ტიპი მხარდამჭერი კი მოწუწუნე მსმენელს, რომელსაც ყველაფერი არ უსწორებს, მაგრამ სტეფანეს და მაოს “ხელები” და გიგა მიქაბერიძის “პირამიდები ევასება.

%d bloggers like this: