შალვას საახალწლო ზღაპარი

ეს წერილი ერთ-ერთ ჟურნალში უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ გამოსვლა დააგვიანა და სტატია დაძველდა. მართალია ბლოგისთვისაც ძველია, მაგრამ მაინც დავდებ :დ

შალვა რამიშვილის ახალი პროექტი, “საახალწლო ზღაპარი – ბრძოლა ნატვირსთვალისთვის,” ერთობ მნიშვნელოვანი ძეგლია ქართული ანიმაციისა და კინემატოგრაფიის ისტორიაში. ახალგაზრდა პროდიუსერის ეს თამამი მცდელობა ძალიან დასაფასებელია და აუცილებლად იქონიებს გავლენას ქართული კინოინდუსტრიის განვითარებაზე. პირველი სრულმეტრაჟიანი 3D ანიმაცია მართლაც დიდი გამოწვევა იყო ქართველებისთვის და უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი წარმატებით გადაიდგა – ეს ერთგვარი ხარკი იმ ადამიანებს, რომელთაც ერვნული პროდუქციის განვითარება მასთან ფერება-ლოლიაობაში ესახებათ. სტატიის შემდეგ ნაწილი კი მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წაიკითხონ, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ “დათვური სამსახურის ინსტიტუტის.”

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, “სამსონაძეების” შემდეგ გრაფიკული და ტექნიკური მხარე ერთი-ორად გაუმჯობესდა – აი, შინაარსისა რა მოგახსენოთ.
ანიმაციის პირველ წუთებში ვისმენთ პრეისტორიას, რომელიც იწყება ოჩოპინტრესა და მონადირეების “ურთიერთობებით”, რომელსაც შეიძლება პლატონურიც ვუწოდოთ, რადგან მონადირეები და ოჩოპინტრე ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ზემოთხსენებულ მითოლოგიურ პერსონაჟს ამ ეპიზოდის შემდეგ საერთოდ ვერ ნახავთ ფილმში, შესაბამისად, გაუგებარია რა საჭირო იყო მისი ხსენება და ჩვენება.
მონადირეებს ნადავლი შატილში მიაქვთ, რომელშიც სულ 10 კაცი ცხოვრობს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

1. ანიმატორებს დაეზარათ სხვადასხვა ეპიზოდური პერსონაჟების შექმნა.

2. სცენარისტს შეეშალა ეპოქა და კომუნისტების დრო, მთიელთა მასიური “მიგრაცია მეტალურგიულ ქარხანაში,” ასახა.

3. “რენდერს” დიდი დრო უნდა.


საახალწლო ზეიმიც ვიწრო წრეში აღინიშნება, რომლის დროსაც ბოროტი ძალები ესხმიან სოფელს. მტერსაც 10 კაციანი რაზმი ჰყავს – ამის მიზეზი შეიძლება იყოს:

1. ანიმატორებს დაეზარათ სხვადასხვა ეპიზოდური პერსონაჟების შექმნა.

2. სცენარისტებმა ბალანსი დაიცვეს და საწყალ შატილელებს ურიცხვი ურდო არ მიუსიეს.

3. “რენდერს” დიდი დრო უნდა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მასობრივ სცენებში დინამიკა საერთოდ არ არის. ანიმეს სტილშია გადაწყვეტილი მთელი ანიმაცია: კადრები სტატიკურია და მხოლოდ ერთი პერსონაჟი მოძრაობს, ისიც ან თვალებს ახამხამებს, ან ლაპარაკობს. ეპიზოდური როლის შემსრულებლები, დევ-ორკები (რომლებიც პიტერ ჯექსონის მიერ შემოთავაზებული ურუკ-ჰაების უნიჭო “გადარენდერებაა”) და სოფლის ხალხიც, თვით ჩემნაირი დილეტანტისთვის თვალშისაცემად არის “დაკოპირებული” – ისინი ყველა ერთდროულად მოძრაობენ, ერთდროულად უკვირთ, უხარიათ, ხტიან და ა.შ.
მთავარი ბოროტი გმირი, სკარაში, ერთდროულად სამ ცნობილ პერსონაჟს მოგაგონებთ: Scar-ს “მეფე ლომიდან,” სარუმანს “ბეჭდების მბრძანებელიდან” და ჯაფარს “ალადინიდან.” სკარაში “მასობრივი ბატალური” სცენის შემდეგ ხელში ჩაიგდებს ნატვრისთვალს (რომლის თვისებებზეც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ), ამ დროს ის იწყებს დაახლოებით 20-30 წამიან ხარხარს, ვიდრე თავზე არ ჩამოექცევა მთელი კავკასიონი. არადა, როგორც ბოლოს ირკვევა, მას სულ ერთი წინადადება უნდა ეთქვა: “დაე, მთელი მსოფლიო მე დამემორჩილოს”. ასეთი ეპიზოდები ჰოლივუდურ ფილმებში ხშირადაა, მაგალითად, როცა მკვლელი მსხვერპლს სიცოცხლის გამოსალმებამდე ნახევარ საათიან ლექციას უკითხავს, ამასობაში კი მთელი აშშ-ს ჯარი და სპეცრაზმი მოდის და ყველაფერი კარგად მთავრდება.

ზვავის სცენის შემდეგ კადრი და სიუჟეტი “ოსტატურად” გადადის 2125 წლის საქართველოში. მინდა, მოგილოცოთ, 115 წლის შემდეგაც ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლები გვეყოლება. მომავლის სამყაროს შექმნა ყველაზე ადვილია, რადგან უკვე ყველამ კარგად ვიცით როგორ იქნება – მფრინავი მანქანები, რობოტები, ბოლოს და ბოლოს მენტალური და კულტურული ცვლილებები (პოზიტიური – ნუ, სამყაროსთან შესაბამისად). მაგრამ ამ ფილმში მაინც ვხედავთ როგორ ჩეხს შეშას (რომელიც რაში სჭირდება კაცმა არ იცის) ბაბუა – რომელიც, სავარაუდოდ, ჩემზე 61 წლით პატარაა და დაბადებულია ასე 2045 წელს და იმავე ასაკის ბებია წველის ძროხას – მათ წესით სააკაშვილის ნეტბუკების პირველი ვერსია მაინც უნდა ჰქონოდათ სკოლაში (რეგიონების განვითარების დონის გათვალისწინებით ამ მინიმუმზე შევთანხმდეთ) და შესაბამისად, განვითარების იმ დონეზე, რომელზეც 2125 წლის საქართველოა რძე პრობლემა არ უნდა იყოს (შეიძლება ჰობია – რა ვიცი…). 2125 წელსაც კი, როცა თბილისი მეგაპოლისია, ხოლო შატილი – მეგარეგონი, იკვეთება დაპირისპირება ადგილობრივ ბიჭუნასა და ქალაქელ “დედიკოს ბიჭს შორის” – არადა ფილმის პირველივე წუთებიდან ვიგებთ, რომ შატილში პირდაპირი რეისით დაფრინავენ სინგაპურიდან.

პერსონაჟთა სახეების და ხასიათის განვითარება ნულზეა. არც ერთ მათგანს არ აქვს დამახასიათებელი შტრიხები, “სამარკო” ნიშნები; ძალიანაც რომ მოგინდეს ერთ ფრთიან ფრაზასაც ვერ ამოარჩევ სურათიდან, რომელიც შეიძლება პოპულარული გახდეს. მოკლედ, უსულო ანიმაციები დარბიან აქეთ-იქეთ და რაღაცებს აკეთებენ.

ფილმი გაჯერებულია უაზრო და არაფრის მომცემი დიალოგებით, რომელიც ამ ბოლო დროს ყველა ქართულ ნაწარმში შეიმჩნევა – სამხრეთ ამერიკული სერიალების გავლენაა. დიალოგებზე მეტი სურათში შორისდებულებია: “აა?” “ოო?!” “ეეე!” და ა.შ. მეტყველების ეს ნაწილი იმდენად მრავლადაა ფილმში, რომ პირადად მე ტიტრებში ვეძებდი იმ იდამიანს, რომელმაც ასეთი ტიპის “დიალოგები” შექმნა. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 2010 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩამოყვანილმა მასონმა მასწავლებლებმა ენა წაგვართვეს და შედეგად ქართველებს მხოლოდ ამ ფორმით შეუძლიათ კომუნიკაცია. თანაც ხმისა და ანიმაციის ასინქრონია, პერსონაჟი უაზროდ ამოძრავებს პირს, ტექსტი კი თავისით მიდის.

ფილმის ბოლოსკენ ვითარება კვლავ იძაბება 10 შატილელი V.S. 10 დევ-ორკი, რასაც წინ უსწრებს მთავარი პერსონაჟის, პატარა ბიჭუნა გიორგის, პათეტიკური “მოვილიამვოლასო” გამოსვლა ადგილობრივთა სულისკვეთების ასამაღლებლად. იმართება სასტიკი ბრძოლა, რომელშიც შატილელებს შანსი არ აქვთ, რადგან არც ხმლები გააჩნიათ და არც ლაზერის იარაღები, იმიტომ რომ 50 წელია დედამიწაზე ომი არ ყოფილა და ყველა იარაღი განადგურებულია ან გადანახული. კულმინაციურ მომენტში, ადგილობრივ ბიჭუნა მალხაზს მოყავს წინაპართა სულების არმია (როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ბოროტი ძალები არ მომკვდარან და მხოლოდ ეძინათ, აი წინაპრები კი სულებად იქცნენ – თუმცა უცნობია რატომ არ “გავიდნენ გაღმა, მარილზე, წერილის წასაღებად და პატრონთან ჩასაბარებლად,” რატომ დარჩნენ ისინი დედამიწაზე). აი, ბეჭდების მბრძანებელში, რომელშიც ზუსტად ასეთი მწვანე სულები ეხმარებიან არაგორნს და მის მეგობრებს გონდორის დაცვაში, სულებს ისილდურის წყევლა ედოთ ღალატისთვის და სამუდამო განსასვენებელს ვერ პოულობდნენ – აქ? ალბათ სული ყინულში ვერ გადის. ბოლოს ბოროტი ძალები მარცხდებიან, სულები მაღლდებიან ზეციურ საქართველოში და თან მიაქვთ ნატვრისთვალი. ეს ნატვრისთვალი მეტად უცნაური რამეა, ის სურვილებს არ ასრულებს – მაგალითად, პრეისტორიაში გვეუბნებიან, რომ შატილელები ნატვრისთვალს მშვიდობას სთხოვნენ – შედაგად მიიღეს სკარაშის თავდასხმა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩაფიქრებულ სურვილს ვადა ერთ წელიწადში გასდის და სკარაშმა სწორედ ვადაგასულზე მიუსწრო სოფელს. ამ შემთხვევაში სხვა პრობლემა იჭრება, ამაღლებამდე წინაპრებმა, გიორგის ერთი სურვილის ჩაფიქრების უფლება მისცეს, გიორგიმ დედას გამოჯანმრთელება ითხოვა – რომელსაც უკურნებელი სენი სჭირს. ჰოდა, ერთი წლის შედეგ, ზუსტად ამ დროს, გიორგის დედა, ალბათ, ისევ საავადმყოფოში იქნება. აქვე იბადება “სიქუელის” იდეაც – გიორგი მიდის საიქიოში წინაპრების მოსაძებნად და ნატვირთვალთან, ახალი, ერთწლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად.

ახლა დასკვნა, მე შალვა რამიშვილს ძალიან ვაფსებ და ვთვლი, რომ ამ ადამიანმა შექმნა მთელი ეპოქა ქართულ იუმორში, რომ ის ძალიან ნიჭიერად აკეთებდა თავის საქმეს რადიო 105-ში და 202-ზე, მაგრამ წერდე კარგ არტებს, არ ნიშნავს იყო კარგი სცენარისტი, მით უმეტეს, როცა ასეთი პროექტებისათვის შესაბამისი სკოლა არ გაქვს გავლილი. პირადად მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ კინოინდუსტრიაში ასეთი ძვრები დაიწყო და გულწრფელად ვუსურვებ შალვა რამიშვილს და მის გუნდს წარმატებებს.

ჩემმა მეგობარმა, რომელთან ერთადაც ვუყურე ამ ფილმს, აღნიშნა, რომ სურათი მოეწონებათ 12 წლამდე ასაკის ბავშვებს. შემქმნელებიც ამას იტყვიან ალბათ, მაგრამ როცა პიქსარმა და დისნეიმ ანიმაციაში ასაკობრივი ზღვარი მთლიანად წაშალეს და ეს ჟანრი აქციეს ნამდვილ ხელოვნებად, მსგავსი მიდგომა და ტენდენციიდან გადახვევა “ტეხავს! (რადიო 105).”

Advertisements

2 Responses to შალვას საახალწლო ზღაპარი

  1. nikusha_marx ამბობს:

    კარგი რეცენზიაა… ზუსტად ისეთი როგორსაც ველოდი და ბედნიერი ვარ რომ არ წამოვეგე მეგობრის რჩევას და ვუყურე ამ ფილმს :)

  2. litterator ამბობს:

    რა არის ეს ჰუჰ :D რომ მნახავ მომიყევი :D :D

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: