ნიუ-იორკი
დეკემბერი 24, 2010 10 Comments
დაიბეჭდა ჟურნალში “Et Cetera”
მათ, ვინც ნიუ-იორკზე ოცნებობს და შორიდან ეტრფის, ძალიან უყვართ Jay-Z-სა და Alicia Key-ს სიმღერა “empire state of mind” – სიმღერა ნიუ-იორკზე, რომელსაც ამ ქალაქის ჰიმნსაც უწოდებენ. მე ძალიან არ მიყვარს ეს სიმღერა, იმიტომ რომ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანი ამ ქალაქში დაიბადო, გაიზარდო, ცხოვრობდე და ასეთი იდიოტური ტექსტი დაწერო მის შესახებ – Labor day parade/rest in peace Bob Marley – რა შუაშია საერთოდ? თუმცა, სიმღერა გარკვეულ მონაკვეთებში (უფრო მისამღერში) მაინც გადმოსცემს ნიუ-იორკის სულის ნაგლეჯს. “Concrete jungle where dreams are made, There’s nothing you can’t do.”
შეიძლება ითქვას, რომ ნიუ-იორკი ქალაქი კი არა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ძალიან სწრაფად მოძრაობს და თუ ფეხი ვერ აუწყვე გადაგთელავს. ყველა ოცნება ნიუ-იორკზე კლიშეა: Empire state building, თავისუფლების ქანდაკება, თაიმ სქვერი, სტარბაქსი და ა.შ. მაგრამ როდესაც ამ ქალაქში მოხვდები, Empire state building-იდან გადმოხედავ თავისუფლების ქანდაკებასა და თაიმ სქუერს, მოწრუპავ სტარბაქსის ყავას (ჩემ შემთხვევაში შავი და უშაქრო), ჩაისუნთქავ ნიუ-იორკის ჰაერს, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ სუფთაა და მხოლოდ რესტორნებიდან გამოსული სასიამოვნო “სუნებით” არის დაბინძურებული, მაშინ ხვდები, რომ შენ და ნიუ-იორკი მეგობრობთ და ეს ქალაქი ყველაფერია, მაგრამ არამც და არამც კლიშე.
ნიუ-იორკში ყველაფერი გიყვარდება, ისიც კი რაც გეზიზღება… თითქმის ყველაფერი, დიდი მონატრების მიუხედავად დღემდე მზარავს იქაური საცობების და პარკინგის პრობლემის გახსენება. მეზიზღებოდა მეტროც, მაგრამ როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ ამავ დროულად მიყვარდა კიდეც. მეტრო ყველაზე მოსახერხებელი ტრანსპორტია, ყველაზე სწრაფი და ყველაზე მრავალფეროვანი, ყველაზე ბინძური და იაფი. დღემდე არ ვიცი რამდენი ხაზი დადის, იწყება A-დან და მთავრდება Z-ზე (რამდენიმე ასოს გამოტოვებით), 1-დან 7-მდე. ერთი შეხედვით ძნელი სისტემაა, მაგრამ მაქსისმუმ 3 დღეში შეიძლება მისი “დამუღამება.” სისტემატური გამოყენების შემთხვევაში პატარა დეტალებსაც მალე სწავლობ. მაგალითად, თუ მატარებელი გადაჭედილია და მხოლოდ ერთ ვაგონშია სიხალვათე, იქ არ უნდა შეხვიდე, რადგან ან კონდიციონერია გაფუჭებული და საშინელი უჰაერობაა ან რომელიმე ბომჟს სძინავს შიგ და საშინელი სუნია. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მოსახერხებელია მთელს ამერიკაში. დადის ქალაქის ნებისმიერ წერტილში, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა და რაც მთავარია კარგად გამოძინებაც შეიძლება. სწორედ ნიუ-იორკში შევეჩვიე ავტობუსებსა და მეტროში ძილს. თავიდან თავს ვიმძინარებდი რადგან არ მინდოდა ვინმესთვის ადგილი დამეთმო, მერე უკვე სიზმრებსაც ვნახულობდი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტები სამკითხვლოებს ჰგავს, ყველა მგზავრს ხელში წიგნი, კომიქსი ან სუდოკუ უჭირავს და დრო ასე გაჰყავს. ერთი-ორჯერ მეც ვცადე მგზავრობისას კითხვა და მეცადინეობა, მაგრამ ჩამომეძინა. წიგნის კითხვა სადმე პარკში ან თუნდაც წიგნის მაღაზიშივე სჯობს, თანაც თავზე არავინ წამოგადგება და არ გეტყვის თუ არ იყიდე ისე ნუ კითხულობო. ხშირად მინახავს Barnes and Noble-ში იატაკზე გართხმული სტუდენტები, რომლებიც იქვე მეცადინეობდნენ, რადგან კოლეჯის წიგნები ძალიან ძვირი ღირს. მიუხედავად ამ კულტურისა, მე მაინც ვერ მივეჩვიე “ადგილზე კითხვას,” ამიტომ ჩემი ყოველი შესვლა Barnes and Noble-ში ჩემი საფულის დაცარიელებით მთავრდებოდა. როცა პირვლად შევედი ამ მაღაზიაში, თანაც ჩემდა ჭირად ჩემს სახლთან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილიალია მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით, პირი დავაღე. იმ დღეს ყველაზე არაამერიკულად ვიშოფინგე – აიზეკ აზიმოვის და უილიამ გიბსონის მთელ შემოქმედებაში 200$ მივათხლიშე. ამხელა ფულს ერთ შოფინგზე არც ერთი ამერიკელი არ “დატოვებს,” ყველა ნორმალური ნიუ-იორკელი ერთ ყიდვაზე ერთ წიგნს ყიდულობს და სანამ ბოლომდე არ წაიკითახვს მეორეს არ იყიდის.
ქართული “შოფინგის” სტილს ყველა ცნობს. ერთხელ 108-ე ქუჩაზე (ქუინსში) სადაც რუსი ებრეალების, რუსების და სომხების მაღაზიებია, მე და ჩემი უფროსი მეგობარი წავედით, ვახშმისთვის რაღაცების ყიდვა გვინდოდა. როცა სალაროსთან სავსე კალათები დავდეთ, გამყიდველმა ამოგვხედა: “грузины?” ჩვენგან დადებითი პასუხი მიიღო, მერე გაგვიმხილა, რომ ქართველები ყველაზე “განსხვავებულად შოფინგობენო.” ასეთი განსხვავებული შტრიხები ყველა ეთნიკური და კულუტურული ჯგუფის წარმომადგენელს აქვს. ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ ყველას ჩამოთვლას შევძლებ. შემიძლია გითხრათ, რომ თუ შავ კანიან გოგონას თავზე ბოხოხივით ან ჩიტის ბუდესავით თმები “ადევს” ის აუცილებლად ჯამაიკელი იქნება.
ნიუ-იორკში იმასაც მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული თვითგვემა “ეს მარტო საქართველოში/თბილისში ხდება” სიმართლეს არ შეეფერება. ნიუ-იორკშიც ნახავთ როგორ ყრიან სიგარეტის ნამწვებს ქუჩაში, როგორ ბირჟაობენ და იპურჭყებიან, როგორ ღრიალებენ ქუჩაში, როგორ აჩერებს ორი ავტობუსი შუა ქუჩაში ერთმანეთთან გამოსალაპარაკებლად და ა.შ. ნიუ-იორკი ეს არის ქალაქი სადაც ყველა კულტურის შვილი ცხოვრობს და შესაბამისად ყველაფერი ხდება: ქართულიც, მექსიკურიც, იტალიურიც, ინდურიც და ა.შ. ნიუ-იორკი კაცობრიობის მუზეუმია, ქალაქი რომელიც ყველა ევროპელისათვის დამახასიათებელ ეროვნულ შოვინიზმს მოგიკლავს და მულტიკულტურულ ადამიანად გაქცევს.