Kick It Out – ანუ ორიოდ სიტყვა პროპაგანდაზე

Kick It Out უეფას ანტი-რასისტული კამპანიაა, რომელიც 1993 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კამპანიის ანუ პროპაგანდის მიზანი, სტადიონებიდან და ზოგადად საფეხბურთო ცხოვრებიდან რასიზმის განდევნაა. Kick It Out-ის მოთავენი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მომსახურე პერსონალსა და ზოგადად ადამიანებს რასიზმის განდევნისკენ მოუწოდებენ. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დამოკიდებულების პროპაგანდა, ერთი ადამიანის მეორეს მიმართ არსებული დამოკიდებულებისა.

თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლეიშვილის და მისთანების ლოგიკას თუ ჩავრთავთ ამ ყველაფერში, გამოვა, რომ უეფას მიზანი თეთრკანიანი მოსახლეობის გაშავკანიანება, გაყვითელკანიანება და ა.შ. არის. Kick it out ქართველი კონსერვატორებისათვის არა რასიზმის წინააღმდეგ მიმართული, ანუ დამოკიდებულების შეცვლისაკენ მიმართული – კამპანია, არამედ თეთრკანიანი რასის გადაშენების გზისკენ მიმავალი პროპაგანდაა.

ჰო, სწორედ ასეთ ლოგიკას გვთავაზობენ ომბუდსმენობის კანდიდატები და მათი თანამოაზრენი. მათ არ ესმით, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, იმდენად აბსურდული ტერმინი და სიტყვათა შეთანხმებაა, რამდენადაც შავკანიანობის პროპაგანდა ან თუნდაც ცაციობის. როგორც Kick it out-ის კამპანიით “ტვინგამორეცხილი” გულშემატიკვარი ვერ გაიღვიძებს ერთ დილას რასა შეცვლილი, ისევე ვერ შეიცვლის ადამიანი სექსუალურ ორიენტაციას “პროპაგანდის” გამო. იმას, რასაც ადამიანთა გაკრვეული ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეძახის, სინამდვილეში დამოკიდებულების პროპაგანდაა. როდესაც გეუბნებიან, რომ სიძულვილი უნდა განაგდო (ან თუნდაც განიხუნო) შენი იდეოლოგიიდან და მისცე ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალება, რომ ამ ადამიანების მიმართ არ უნდა გქონდეს წინასწარგანწყობები და მხოლოდ იმის გამო რომ შენგან განსხვავებულები არიან, მათ მიმართ აგრესია არ უნდა გქონდეს, ეს არის -დამოკიდებულების და არა თქვენი – ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება.

ინტერნეტ სივრცეში ერთი ვირუსული ფოტო ტრიალებს, რომელზეც ბავშვია გამოსახული და ასეთი ტექსტი ახლავს თან: “ჩემმა 4 წლის შვილმა არ იცის რა არის რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური განსხვავებები. მან არ იცის, რომ ვიღაც ამის გამო უნდა სძულდეს და არც ეცოდინება თუ ამას არ ვასწავლით.” ანტი-ჰომოფობიური კამპანია არის მცდელობა ასწავლო ადამიანებს რომ სიძულვილი ცუდია. ჩვენ ჩვენი საზოგადოება, ოჯახები, სამეგობრო წრე და ზოგადად გარემო გვასწავლიდა სიძულვილს და სწორედ ამ სიძულვილთან ბრძოლაა ის, რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძეოიდები ასე გამალებით ებრძვიან.

მძულდა მეც, იმიტომ რომ ასე მასწავლეს, მაგრამ შემდეგ ვისწავლე, რომ ამ სიძულვილის არანაირი მიზეზი არ მაქვს, გარდა არქაული სტერეოტიპებისა.

ფობია – ეს არის შიში და კონსერვატორებს, ყველგან და ყოველთვის, სწავლისა და შემეცნების ეშინიათ.

Don’t Hate! Kick It Out!

%d bloggers like this: