Das Experiment
ივლისი 28, 2010 28 Comments
გსმენიათ ალბათ ამბავი: ქმარი წყაროზე გაშვების წინ ცოლს სცემს. რატომ სცემს ის ცოლს და ”კოკა რომ არ გატეხოს.” მეზობლები შენიშვნაზე – თუ გატეხა მერე სცემე, ახლა რას ერჩიო, ასეთ პასუხს იღებენ: -”რომ გატეხს, მერე გვიან იქნება.”
ეს ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ახალი პროგრამის შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამის მიხედვით, მშობლებს შეუძლიათ შვილები გამოსაკვლევად მიიყვანონ და დაადგინონ აქვთ თუ არა მათ რაიმე სახის მიდრეკილება კრიმინალის ან ნარკომანიის მიმართ. ამ თემაზე ბევრი დაიწერა და, ეჭვი მაქვს, კიდევ ბევრი დაიწერება. ძალიან ბევრი სპეციალისტი ამბობს, რომ ეს პროცესი გამოიწვევს ბავშვებში საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, დაკომპლექსებასა და ჩაკეტვას. ამ დასკვნამდე მისვლას დიდი ფსიქოლოგობა არც სჭირდება. უბრალოდ, მოდით წარმოვიდგინოთ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ექსპერიმენტს, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც მშობლებს შვილები ყველანაირი ეჭვის და შიშის გარეშე მიჰყავთ, მხოლოდ იმიტომ რომ პროგრამას პატრიარქის საერთაშორის ფონდი ახორციელებს.
პირველ ეტაპზე ზემოთ ხსენებული ქმრის მაგალითზე განვიხილოთ მოსალოდნელი შედეგები. რას იზამდა ცოლი მას შემდეგ რაც მისი მეუღლე მის ცემას მორჩებოდა და ბოლოს და ბოლოს მისცემდა წყალზე წასვლის უფლებას:
- ცოლის ტიპის #1: ფრთხილად, კოკასჩახუტებული ჩავა და ამოიტანს წყალს, ქმარს მიართმევს, ჭიქაში ჩაუსხამს, საჭმელს მოუმზადებს, დაჯდება და მოქსოვს.
- ცოლის ტიპი #2: სახლიდან გასული არ იქნება, პროტესტის ნიშნად კოკას მიწაზე დაახეთქებს და გატეხს. ამისათვის მას უკვე მოხდილი აქვს სასჯელი, შესაბამისად მას დასაკარგი აღარაფერი აქვს.
- ცოლის ტიპი #3: მიდის წყალს იღებს, შემდეგ კოკაში აფსამს. სახლში მოსული ქმარს ღიმილით მიართმევს ფსელიან წყალს. ქმარი კმაყოფილია ცოლის მორჩილებით.
- ცოლის ტიპი #4: ქმარს არ აცდის მის ცემას, ხელში იმარჯვებს კოკას და თავზე ალეწავს.
- ცოლის ტიპი #5: უბრალოდ იკრავს გუდა-ნაბადს და მიდის, თუნდაც დედამისთან, ან სულაც სხვა კაცთან, ანდაც გაურკვეველი მიმართულებით.
ახლა გავშიფროთ რა მესიჯი დევს მშობლის ქმედებაში, რომელსაც ბავშვი ამ პროგრამაში შეჰყავს. საკუთარ თავზე წარმოვიდგენ ამ ყველაფერს. ვთქვათ, ვარ მეექვსე ან მეშვიდე კლასელი ცელქი ბავშვი, ჩემი მშობლები, მეზობლები, მასწავლებლები, ნათესავები და სხვები დაიღალნენ ჩემი ცელქობით, მერე რა რომ 12 წლის ვარ… ერთ დღეს ჩვენი ერთ-ერთი ჭკვიანი ნათესავი ასკვნის, რომ რადგან: მე ომობანას თამაში მიყვარს, დავძვრები ხეზე, კარებზე ზარს ვრეკავ და მერე გავრბივარ, ხანდახან შუშასაც ვუმსხვრევ რ შინაბერა მეზობელს, რომელიც თავზე დამჩხავის, ამიტომ ჩემგან კარგი არაფერი გამოვა. ამ დასკვნის გამო შეწუხებული დედაჩემი სხვა ნათესავებისა და მეგობრების წრეში წუწუნს იწყებს ჩემი ქცევების გამო – მე ამ დროს ვთამაშობ და ვცელქობ, ზუსტად ისე როგორც 12 წლის ბავშვს შეეფერება. თანდათანობით ირკვევა, რომ მე ცხოველების მიმართაც აგრესიული ვარ, სოფელში ყოფნისას ვბერავ ბაყაყებს, დაჭეჭყილი ლაფნით ვამღვრევ ჯილეებს და ისე ამომყავს თევზები, რომლებსაც ყველასგან გასაკვირად ვფატრავ და მერე ცხელ ტაფაზე ვდებ, ხოლო ამ ყველაფრის კულმინაცია ზემოთხსენებული თევზების ჩემს სტომაქში განთავსებაა – საერთო მეგობრულ-ნათესაური საბჭო ასკვნის, რომ ჩემში ღვიძავს პირველყოფილ ინსტინქტებს, რომლებიც მიბიძგებს ნადირობისკენ, მკველობისკენ და, საერთოდ, კანიბალი ვარ. ჰო… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დელიკატურად შეაპარეს ჩემს მშობლებს – ”სხვანაირად არ გამიგო…” , ”ჰო, იცი, მეც როგორ მიყვარს, მაგრამ…” და ა.შ. სტანდარტული ფრაზები.
ამ ყველაფრით შეშფოთებული ჩემი მშობლები იწყებენ ფიქრს თუ როგორ მიშველონ, პირველი რაც თავში მოსდით ჩემი დატვირთვა – სპორტი, უცხო ენა, მუსკა, ხატვა, წიგნების დაძალება. მეორე – ნაცნობ მოძღვართან მიბარება და ჩემში სულიერი სიმშვიდის ჩანერგვა. ამ ყველაფრის ფონზე მე უკვე დათრგუნული ვარ, დაკომპლექსებული, ყოველი სტუმრის მოსვლა ჩემთვის დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ ვიცი, ისინი ჩემზე ილაპარაკებენ. მარტივ მამრავლებად დაშლიან ჩემს ქცევებს, ფსიქიკას, მეგობრებს, ყოველ სიტყვას აწონ-დაწონიან. ამის გამო აგრესია იღვიძებს ჩემში და მეწყება გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი აგრესიული-დეპრესია. ვგრძნობ, რომ ვარ გარიყული, რომ მშობლებს არ ვუყვარვარ და საერთოდ ნაშვილები ვარ. ჩემი ჭკვიანი ნათესავები დედაჩემს და მამაჩემს აწყნარებენ და ეუბნებიან, რომ ეს ასაკობრივი კრიზისია და ამ მომენტში მჭირდება მტკიცე ხელი, სიმკაცრე, რადგან ხელიდან არ გავსხლტე და მოლიპულ გზაზე არ დავდგე. დედაჩემის დაქალები თავისი ნაცნობი ფსიქოლოგისგან მიღებულ რჩევებს აფრქვევენ ყოველ ფეხის ნაბჯზე, ნათესავები სხვა ბავშვებს მადარებენ და წუხან ჩემ გამო. მოკლედ ცოცხალი, ცელქი, ხალასი (ვერ ვიტან ამ სიტყვას) ბავშვისგან მონსტრად მაქციეს. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემი ესმის, ჩემი პატარა ძმაა. ისიც თავისებურია, უყვარს კითხვა, ცალკე თამაში, აქვს ჩაკეტილი სამყარო და მხოლოდ ჩემთან კონტაქტობს გულღიად. რამდენიმე წელში, ჩვენი რომელიმე ჭკვიანი ნათესავი, მასში ჩაბუდებულ სერიულ მკვლელს, ბოროტ ფიზიკოსს ან ტერორისტს აღმოაჩენს და ისიც ჩემს გზას დაადგება.
ხშირად ვსაუბრობთ და გრძნობებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ხანდახან ვეჩხუბები, შეიძლება წავარტყა კიდეც, ის ტირის, მებუტება, მაგრამ იცის, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ არის. ის 9 წლისაა და უკვე კარგად იცის მოზარდთა ფსიქოლოგიის საფუძვლები – იცის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი გრძნობების და აგრესიის პროექციაა ჩემზე სუსტ ადამიანზე, რომ სინამდვილეში მას კი არ ვცემ და ვეჩხუბები, არამედ – ჩემს მშობლებს და იმ ხალხს,რომელიც მათ გარშემო ტრიალებს.
ამ ყველაფრის შემყურე ჩემი მშობლები, სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ დასკვნების სიმართლეში,რომელიც სამეგობრო-სანათესაო საბჭომ გააკეთა და კიდევ უფრო ინტენსიურად ეძებენ გამოსავალს. ერთ საღამოს შემთხვევით წააწყდებიან რეკლამას:
აღფრთოვანებულები სასწრაფო წესით აკითხავენ თეა გოგოტიშვილს, რომელიც დამწუხრებული სახით უსმენს მათ და ჰპირდება, რომ აუცილებლად გამომასწორებს. მთავარია, ვითანამშრომლოთ; მთავარია, მშობლებმაც აითვისონ მათთვის მიცემული რჩევები. ჩემი მშობლები, რომლებსაც ბავშვობიდან უნერგავდნენ, რომ გადაწყვეტილებები მათ მაგიერ სხვამ უნდა მიიღოს, მორჩილად მწერენ პროგრამაში.მე, რა თქმა უნდა, არავინ მეკითხება აზრს. მე ხომ ხელიდან წასული თინეიჯერი ვარ, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთიდან შემოსულმა ძალადობრივმა იდეოლოგიამ შეიწირა და დროა გადამარჩინონ. ჩაწერის დღიდანვე მამაჩემში კვლავ იღვიძებს იმედი ჩემი იურისიტობის შესახებ. ბებიაჩემს კი ”დოხტური” უნდა ოჯახში, პრაქტიკულიცაა, კეთილშობილურიც, ფინანსურად უზრუნველყოფილიც – ეს ყველაფერი კი კარგ შვილს, კარგ მეოჯახეს და სასურველ სიძეს ნიშნავს.
საღამოს მთელი ოჯახი ვსხდებით და ისინი მიყვებიან, როგორ უნდა წამიყვანონ ამ პროგრამაში, რომელშიც ჯერ ფსიქოლოგიურ ტესტებს ჩამიტარებენ, ხოლო თუ იქ რამე ”ისეთი” დააფიქსირეს, ტვინს გამომიკვლევენ და დაადგენენ – რატომ მაქვს ”ასე” მოწყობილი. შემდეგი ეტაპი ფსიქოლოგიური მკურნალობა იქნება, თუ ამანაც არ მიშველა მედიკამენტებით გამჭყეპენ.
ძილის წინ ჩემი 9 წლის ძმა ცოფებს ყრის, ოღონდ თავისუბურად, მშვიდად, ასეთ მომენტებში მას ლაპარაკის საღერღელი ეშლება და ფილოსოფოსობას იწყებს. ის მეუბნება, რომ ეს მარაზმი ბიოლოგიური დეტერმინიზმის (თავისთავად სულელური კრიმინალისტიკური თეორიის) პროვოკაციაა და მიხსნის, რომ ვინმე ჩეზარე ლამბროსოს კრეტინულ თეორიებს ეყრდნობა, რომელიც ამტკიცებდა რომ კრიმინალებად იბადებიან და ყველა ასეთ ადამიანს სპეციფიკური ნიშანი აქვს: გრძელი და წინ გავარდნილი ყბა, პატარა და დახრილი შუბლი, სახელურის ფორმის ყურები, ნისკარტისებრი ცხივირი და ა.შ. ჩემი ძმა გრგვინავს და ჩაძინებამდე ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეულ განათლებულ ადამიანებს ბავშვურად აგინებს.
მე მთელი ღამე არ მძინავს, ვიცი რომ დილას იქ უნდა წამიყვანონ. მე უნდა ჩავაბარო გამოცდა, რომელიც გადაწყვეტს ჩემი ცხოვრების გზას! გამცემს პასუხს ყველაზე რთულ შეკითხვაზე – ”ვინ ვარ მე?” ეს გამოცდა ერთჯერადია, მისი გადაბარება არ შეიძლება – მისი შედეგი მთლიანად წყვეტს ჩემი შემდგომი ცხოვრების გზას.
დიდი მადლობა დედა, რომ ასეთი შანსი მომეცი! დიდი მადლობა ქალბატონო თეა, რომ ჩემს ყველა შინაგან კითხვას ერთბაშად გასცემთ პასუხს! დიდი მადლობა ყველას!
იმ დილის სცენა ჩემი ძმის გონებაში ბევრჯერ გათამაშდება. ისევე როგორ ამერიკულ ფილმებში, მას ხშირად დაესიზმრება: როგორ მივყავარ ჩემს მშობლებს ”სადღაც,” როგორ უმწეოდ ვიყურები უკან. მაგრამ ჩემი ძმა არ ნებდება – ის საწოლზე წამოჯდება და მომაძახებს: ”ნუ გეშინია მაკმერფი! მე ყოველთვის შენთან ვიქნები” და ბალიშს მუხლებზე იდებს.
დიდი მადლობა ძმაო!