ქაოსი

უკვე მეოთხე დღე მიიწურა არჩევნების შემდეგ, ახალ მმართველ პარტიას კი ჯერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ის კი არა,  როგორც ლიდერების ქცევებისა და განცხადებებისგან შეგვიძლია დავასკვნათ, ამას თვის ბოლომდე საერთოდ არ აპირებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე და  ბევრმა ჩემნაირმა კიდევ ახალი შეცდომები დავუშვით და არსებულ ვითარებას, რომელიც საქართველოში აქამდე ჯერ არ ყოფილა, საკმაოდ არასერიოზულად მოვეკიდეთ. სიტუაცია კი ასეთია: პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი ძალა შეიცვალა არჩევნების გზით, ძველმა ხელისუფლებამ შესაშური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა და როგორც ცივილიზებულ ქვეყანასა და ხელისუფლებას შეეფერება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ხელისუფლების გადაბარება. ამ სიტუაციაში ყველაზე უსუსური ახალი სახელისუფლებო ძალა აღმოჩნდა, რომელიც უკვე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საერთოდ არ მოელოდა გამარჯვებას და ეს სცენარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, გეგმა ჭ-შიც არ ჰქონია.

გამარჯვებული პარტიის ლიდერების რიტორიკა ჯერ კიდევ ქუჩის ოპოზიციის ოპერეტიდანაა და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ, მაგალითად, თინათინ ხიდაშელს, რომელსაც ისტერიკა აქვს გამართული თავის ფეისბუქზე და ყველას დაჭერით და დევნით იმუქრება, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ მასზე ცოტა სხვა პასუხისმგებლობა მოდის ახლა და დროა ცოტა უფრო რელევანტურ საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება.

სისხლის სამართლის დანაშაული ვისაც აქვს ჩადენილი, ის რომ დაისჯება ამის მტკიცება ყოველ ორ წუთში ერთხელ არაა საჭირო, ეს ისეთივე აქსიომა უნდა იყოს, როგორიც XXI საუკუნეში 24 საათიანი ელექტროენერგიის გრაფიკის ქონა ქვეყანაში. პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით წარმართვა და ძველი ხელისუფლების პირობებში გაჯეჯილებული რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მერეც შეიძლება, როცა ქვეყანა გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად გადაიტანს.

მანამდე კი სხვა საკითხებზეა ყურადღება გასამახვილებელი. მაგალითად, დემორალიზირებულ პოლიციაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისევე ეპყრობიან, როგორც ხუთჯვრიან დროშას, რომელიც რატომღაც ხალხში არა პატრიოტულ გრძნობებს, არამედ ზიზღს აღძრავს კონკრეტული პარტიის მიმართ. ხულოს მუნიციპალიტეტზე “ქართული ოცნების” დროშის აღმართვის მერე,  არც ის გამიკვირდება, რომ გარკვეულ რეგიონებში პოლიცია, კორკოტას საუკეთესო სტილში შექმნილმა სახალხო მილიციებმაც ჩაანაცვლონ – როგორც ზეპარტიულმა და აპოლიტიკურმა “ორგანოებმა.”

ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ის მოლოდინები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მოიყოლა, პოლიციის დემორალიზებასა და, საბოლოოდ, მის დისფუნქციას უწყობს ხელს. მარაზმატიკული დამოკიდებულების მოჭარბება კი გაზეთ “ასავალ-დასავალის” საქციელით გვირგვინდება, რომელმაც ყველანარი ნორმა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და გლდანის ციხის თანამშრომელთა სია გამოაქვეყნა. ამ ადამიანებიდან შეიძლება მხოლოდ 10 კაცი იყოს დამნაშავე და ისინი უკვე დაჭერილებიც არიან ალბათ, სხვა დანარჩენებს კი ახლა ის გაუხდათ საფიქრალი როგორ დაიცვან თავი გავეშებული ადამანებისგან, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა მანქანებით დარბიან ქალაქში და არა მარტო სხვის, საკუთარ სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს უაზრო მოძრაობით.

“ასავალ-დასავალის” გამოხტომას ახალი მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, მხოლოდ დავით უსუფაშვილმა ახსენა ზერელედ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება – ამ განცხადებას მან ზუსტად 7 წამი დაუთმო თავის გამოსვლაში. არადა ეს ადამიანი  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის იუსტიციის მინისტრობის სასურველი კანდიდატია. საინტერესოა, როგორ უნდა მართოს ასეთი დიდი და საპასუხისმგებლო სისტემა ადამიანმა, რომელიც გულგრილად ეკიდება ლინჩის ბრბოების წარმოქმნის პროვოცირებას კონკრეტული გაზეთის მხრიდან.

ას.-დას.-ის საქციელის მიმართ გულგრილობის გამოჩენა სხვა რიგით ძალოვნებსაც უქმნით დისკომფორტს. ბიძინა ივანიშვილის “აქ ვითომც არაფერია” განცხადებები კი საქმეს აშკარად არ შველის.

“ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც ერიდებოდნენ საკუთარი მხარდამჭერებისთვის მკვეთრი მესიჯების გაგზავნას, ცხადია ფართო მასების დაკარგვა, რომლებსაც იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბიძინა მათ მოარგებდა მთელ  ქვეყანას, არავის უნდა. შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებით დღეს ქვეყანაში მივიღეთ ქაოსი. გვყავს დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ხალხისგან აგრესიას გრძნობს, მასმედია უტევს, ახალი მმართველი ძალა კი წიოკის მეტს არაფერს აკეთებს.

ინფანტილურობაა იმის მტკიცება, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გამარჯვებულ ძალას არ ეკისრება. ჰო, შეიძლება იურიდიულად ასეა, მაგრამ ფაქტობირვად და მორალურად სხვანაირი ვითარებაა. ჯერ ერთი, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ხალხს არ აქვს მშვიდობიანი ტრანსფერის გამოცდილება. მეორეც,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში მულტიმენტალური მასებია გაერთიანებული, თუ ვიღაცას სამოქალაქო საზოგადოება უნდა, რაღაც ნაწილს ის ყბადაღებული წარსულიც ენატრება. ამ უკანასკნელებს რომ უფრო მეტი მხარდაჭერა და ძალა აქვთ ჩვენს საზოგადოებაში ამაში გუშინაც დარწმუნდა ახალგაზრდობის საღად მოაზროვნე ნაწილი, როდესაც ას.-დას.-ის რედაქციასთან გამართულ აქციაზე ძველიბიჭი მღვდლების და უინტელექტო ტიპების კედელი დახვდათ.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო… ჰოდა, ას.-დას.-ის, კრიმინალების, “ჯორჯია დებილ მენტალიტეტ”-ს გმობის და უარყოფის ნაცვლად, ფბ-ზე თინა ხიდაშელის “კარვისქალური” ისტერიკები შეარდება.

და, ჰო! არ უნდა ვაცალოთ :)

ბრძენი ქართველი ელიტა

ყველაზე სასაცილო თუ ყველაზე ამაზრზენი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე “რაღაცნაირი” არჩევნების მერე ქართული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები არიან. აი, ისინი, ვისაც ერი ევროპამდე მიყავდა, ციხის კადრების გავრცელების მერე სამაგალითო სამოქალაქო პოზიციას რომ აფიქსირებდნენ და ხარობდა, რომ ქვეყანის მიძინებული და თვითკამყოფილებაში ჩავარდნილ ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს შემოლაწუნება ეღირსა. მათ ალბათ იმედი ქონდათ, რომ მათი ინტელექტუალური ნაშრომი დაუფასებელი არ დარჩებოდა და ქვეყანა სწორ არჩევანს, ისევ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთებდა.

არჩევნების შემდეგ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ნიშნის მოგებისა და ცინიზმის გარდა არაფერს აკეთებს. ნუ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, როგორც არჩევნებამდე იქცეოდნენ სწორედ ასე იქცევიან ახლაც. რიტორიკა “თქვენ დებილები ხართ, ვერაფერს გაიგებთ და ამიტომ ჩვენ გვაცალეთ ქვეყნის შენება,” ახლა “თქვენ დებილები ხართ, ეს ხელისუფლება რომ გადაირჩიეთ და ნახეთ ახლა რა მოგივათ” გამოხდომება ჩაანაცვლა.

მაშინ როცა სპეც-რაზმი ხაშურში თავხედურად იპარავდა საარჩევნო ყუთებს, ეს ადამიანები ქეთი დოლიძის და ნინელი ჭანკვეტაძის ფოტოს დაშეარებით იყვნენ დაკავებულები და ცინიკური წარწერით “სისტემა უნდა დაინგრეს” კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სისტემა მართლაც უნდა დინგრეს. ამ ადამიანებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საკუთარ თავზე აიღეს პედაგოგების, მოძღვრების, წინამძღოლების და დამრიგებლების როლი. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ტვირთია,  მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიძინებული და ატროფირებული საზოგადოების ახლიდან გამოზრდა და მათთვის ახალი პერსპექტივების დანახვება “ევალებოდათ.” მაგრამ საბოლოო ჯამში იმ მასწავლებელებს დაემსგავსნენ, რომლებიც ნიშნებს იმ მოსწავლეებს უწერენ, რომლებიც მათთან ემზადებიან, ხოლო გაკვეთილზე მჯდარ, გაურკვევლობაში მყოფ მოწაფეს დებილს და ოროსანს უძახიან, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არც არაფერი უსწავლებიათ.

“თქვენ რა იცით, რომ ჩვენ პირად საუბრებში უფრო მაგრად არ ვაკრიტიკებთ თანამდებობის პირებს და დისიჟენ მეიკერებს, ვიდრე თქვენ აკეთებთ ამას საჯაროდ?” – ასეთი კითხვა დასვა ერთხელ ერთ-ერთი “არასამთავრობო” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ საჯარო დისკუსიების დროს, როდესაც ხალხი სამართლიანად აძლევდა შენიშვნას წინა ხელისუფლებას, ეს “პირად საუბარში გამრკიტიკებლები” გამალებით იცავდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა – მერე მადლიერმა ერმა გამპრავებლები რომ შეარქვა, სწორედ იმ პიროვნებებს ვგულისხმობ.

მოკლედ, ვზივარ და ვუყურებ ამ ადამიანების ისტერიკას სოციალურ ქსელებში და გული მერევა მათ უტიფრობაზე, როდესაც ისინი არჩევნების შედეგად “პროგრესის დამარცხებას” ხალხს აბრალებენ და თვითონ იოტის ოდენა პასუხისმგებლობასაც არ იღებენ იმაზე რომ ჩაისვარეს.

ერთი სიტყვით, ეს არჩევნები ქართული ოცნებას არ მოუგია, ეს არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ინტელექტუალურმა ბურჯებმა წააგეს და ამას სხვას აბრალებენ :)

%d bloggers like this: