ქაოსი

უკვე მეოთხე დღე მიიწურა არჩევნების შემდეგ, ახალ მმართველ პარტიას კი ჯერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა არ აუღია, ის კი არა,  როგორც ლიდერების ქცევებისა და განცხადებებისგან შეგვიძლია დავასკვნათ, ამას თვის ბოლომდე საერთოდ არ აპირებს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე და  ბევრმა ჩემნაირმა კიდევ ახალი შეცდომები დავუშვით და არსებულ ვითარებას, რომელიც საქართველოში აქამდე ჯერ არ ყოფილა, საკმაოდ არასერიოზულად მოვეკიდეთ. სიტუაცია კი ასეთია: პირველად ქვეყნის ისტორიაში მმართველი ძალა შეიცვალა არჩევნების გზით, ძველმა ხელისუფლებამ შესაშური სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგა და როგორც ცივილიზებულ ქვეყანასა და ხელისუფლებას შეეფერება ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო ხელისუფლების გადაბარება. ამ სიტუაციაში ყველაზე უსუსური ახალი სახელისუფლებო ძალა აღმოჩნდა, რომელიც უკვე ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ საერთოდ არ მოელოდა გამარჯვებას და ეს სცენარი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, გეგმა ჭ-შიც არ ჰქონია.

გამარჯვებული პარტიის ლიდერების რიტორიკა ჯერ კიდევ ქუჩის ოპოზიციის ოპერეტიდანაა და კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ, მაგალითად, თინათინ ხიდაშელს, რომელსაც ისტერიკა აქვს გამართული თავის ფეისბუქზე და ყველას დაჭერით და დევნით იმუქრება, არასოდეს უფიქრია იმაზე, რომ მასზე ცოტა სხვა პასუხისმგებლობა მოდის ახლა და დროა ცოტა უფრო რელევანტურ საკითხებზე გადაიტანოს ყურადღება.

სისხლის სამართლის დანაშაული ვისაც აქვს ჩადენილი, ის რომ დაისჯება ამის მტკიცება ყოველ ორ წუთში ერთხელ არაა საჭირო, ეს ისეთივე აქსიომა უნდა იყოს, როგორიც XXI საუკუნეში 24 საათიანი ელექტროენერგიის გრაფიკის ქონა ქვეყანაში. პოლიტიკური პროცესების ამ კუთხით წარმართვა და ძველი ხელისუფლების პირობებში გაჯეჯილებული რამდენიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მერეც შეიძლება, როცა ქვეყანა გარდამავალ პერიოდს მშვიდობიანად გადაიტანს.

მანამდე კი სხვა საკითხებზეა ყურადღება გასამახვილებელი. მაგალითად, დემორალიზირებულ პოლიციაზე, რომელსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ისევე ეპყრობიან, როგორც ხუთჯვრიან დროშას, რომელიც რატომღაც ხალხში არა პატრიოტულ გრძნობებს, არამედ ზიზღს აღძრავს კონკრეტული პარტიის მიმართ. ხულოს მუნიციპალიტეტზე “ქართული ოცნების” დროშის აღმართვის მერე,  არც ის გამიკვირდება, რომ გარკვეულ რეგიონებში პოლიცია, კორკოტას საუკეთესო სტილში შექმნილმა სახალხო მილიციებმაც ჩაანაცვლონ – როგორც ზეპარტიულმა და აპოლიტიკურმა “ორგანოებმა.”

ხალხის ასეთი დამოკიდებულება და ის მოლოდინები, რომლებიც ახალმა ხელისუფლებამ მოიყოლა, პოლიციის დემორალიზებასა და, საბოლოოდ, მის დისფუნქციას უწყობს ხელს. მარაზმატიკული დამოკიდებულების მოჭარბება კი გაზეთ “ასავალ-დასავალის” საქციელით გვირგვინდება, რომელმაც ყველანარი ნორმა და უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია და გლდანის ციხის თანამშრომელთა სია გამოაქვეყნა. ამ ადამიანებიდან შეიძლება მხოლოდ 10 კაცი იყოს დამნაშავე და ისინი უკვე დაჭერილებიც არიან ალბათ, სხვა დანარჩენებს კი ახლა ის გაუხდათ საფიქრალი როგორ დაიცვან თავი გავეშებული ადამანებისგან, რომლებიც უკვე მეოთხე დღეა მანქანებით დარბიან ქალაქში და არა მარტო სხვის, საკუთარ სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს უაზრო მოძრაობით.

“ასავალ-დასავალის” გამოხტომას ახალი მმართველი ძალის არც ერთი წარმომადგენელი არ გამოხმაურებია, მხოლოდ დავით უსუფაშვილმა ახსენა ზერელედ, რომ ასეთი რამე არ შეიძლება – ამ განცხადებას მან ზუსტად 7 წამი დაუთმო თავის გამოსვლაში. არადა ეს ადამიანი  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთათვის იუსტიციის მინისტრობის სასურველი კანდიდატია. საინტერესოა, როგორ უნდა მართოს ასეთი დიდი და საპასუხისმგებლო სისტემა ადამიანმა, რომელიც გულგრილად ეკიდება ლინჩის ბრბოების წარმოქმნის პროვოცირებას კონკრეტული გაზეთის მხრიდან.

ას.-დას.-ის საქციელის მიმართ გულგრილობის გამოჩენა სხვა რიგით ძალოვნებსაც უქმნით დისკომფორტს. ბიძინა ივანიშვილის “აქ ვითომც არაფერია” განცხადებები კი საქმეს აშკარად არ შველის.

“ქართული ოცნების” ლიდერები არჩევნებამდეც და არჩევნების მერეც ერიდებოდნენ საკუთარი მხარდამჭერებისთვის მკვეთრი მესიჯების გაგზავნას, ცხადია ფართო მასების დაკარგვა, რომლებსაც იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბიძინა მათ მოარგებდა მთელ  ქვეყანას, არავის უნდა. შესაბამისად, ასეთი დამოკიდებულებით დღეს ქვეყანაში მივიღეთ ქაოსი. გვყავს დემორალიზებული ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ხალხისგან აგრესიას გრძნობს, მასმედია უტევს, ახალი მმართველი ძალა კი წიოკის მეტს არაფერს აკეთებს.

ინფანტილურობაა იმის მტკიცება, რომ არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა გამარჯვებულ ძალას არ ეკისრება. ჰო, შეიძლება იურიდიულად ასეა, მაგრამ ფაქტობირვად და მორალურად სხვანაირი ვითარებაა. ჯერ ერთი, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე ხალხს არ აქვს მშვიდობიანი ტრანსფერის გამოცდილება. მეორეც,  “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებში მულტიმენტალური მასებია გაერთიანებული, თუ ვიღაცას სამოქალაქო საზოგადოება უნდა, რაღაც ნაწილს ის ყბადაღებული წარსულიც ენატრება. ამ უკანასკნელებს რომ უფრო მეტი მხარდაჭერა და ძალა აქვთ ჩვენს საზოგადოებაში ამაში გუშინაც დარწმუნდა ახალგაზრდობის საღად მოაზროვნე ნაწილი, როდესაც ას.-დას.-ის რედაქციასთან გამართულ აქციაზე ძველიბიჭი მღვდლების და უინტელექტო ტიპების კედელი დახვდათ.

ნათქვამია, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო… ჰოდა, ას.-დას.-ის, კრიმინალების, “ჯორჯია დებილ მენტალიტეტ”-ს გმობის და უარყოფის ნაცვლად, ფბ-ზე თინა ხიდაშელის “კარვისქალური” ისტერიკები შეარდება.

და, ჰო! არ უნდა ვაცალოთ :)

Advertisements
%d bloggers like this: