გელა დაიაურის ლექსი – ფიქრი გადაგვარებაზე

ფიქრი გადაგვარებაზე

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.
არვინ გაიკვირვოს შეიძლება
გაპრანჭულ ლაპარაკად დავიღვენთო
თმები გავიშალო კულულებად
ცხვირზე საყურე გავიკეთო
კანაფი გავაბოლო კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია
როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია
ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო
დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.

გელა დაიაურის ეს ლექსი დიდი პოპულარულობით სარგებლობს ახალგაზრდებში. იმ ახალგაზრდებში, რომლებიც „ნამდვილ ქართველებში“ გადიან – ანუ ევროპას და ამერიკას აგინებენ და კაცმა არ იცის რა კულტურას მისდევენ, იმიტომ რომ ქართულ კულტურასაც მთლად „ვაჟურად“ ვერ ფლობენ. ლექსის მხატვრულ ღირებულებაზე არაფერს ვიტყვი, ეს არაა მთავარი. მთავარია ის გულისტკივილი, ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ არა ადექვატური გულისტკივილი რაც ამ ლექსიშია გადმოცემული. ნელა–ნელა მივყვები ლექსს და სტრიქონ–სტრიქონ განვიხილავ.

ზოგჯერ გავიფიქრებ გავგიჟდე და ვთქვა
არაწესიერი ქალის შვილი ვიყო
ხშირად შევიგინო ჩემი დედა
ტრადიციული სტილიდან გავირიყო.

ამ სტროფის წაკითხვისას ერთობ გული დაგიამდებათ, იფიქრებ კაცი „მართლაც პრობლემატურ საკითხს შეეხო მგოსანი, ნამდვილად დასაძრახია ქართველ ახალგაზრდებში საკუთარი დედის გინება” და ა.შ. მაგრამ როგორც ლექსის შემდეგი სტრიქონებიდან ირკვევა, რომ ლექსის ეს ნაწილი ე.წ. „გაევროპელებული“ ახალგაზრდების ნაწილს ეხება – ანუ მათ, ვისაც გრძელი თმები აქვთ, საყურე უკეთითათ და ა.შ. საქმე იმაშია, რომ ურთიერთ გამომრიცხავ ცნებებთან გვაქვს საქმე, საკუთარი დედის გინება როგორც წესი ე.წ. „ნამდვილი ქართველი“ ახალგაზრდების ჩვევაა, რომლებიც სხვა და სხვა „ქართული“ ცნებების (და არა მცნებების) დაცვისას იყენებნ ხოლმე. არ ყოფნით რა ინტელექტი და „ბაგაჟი“ საიმისოდ, რომ ნორმალურ დისკუსიაში შემოვიდნენ, ეს ახალგაზრდები როგორც სხვისი ასევე საკუთარი დედის გინებაზე გადადიან ხოლმე. „გაევროპელებული“ ახალგაზრდების ნაწილი კი ამ ტერმინოლოგიას არ იყენებს, მათი უმეტესობა მაინც.

შემდეგი სტროფი:
კანაფი გავაბოლო კუბები მოვითვალო
ვაჟკაცს ვაჟკაცური არ ვუთხრა
სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.

ლექსის ამ ნაწილში საკმაოდ ჩახლართული სიტუაციაა. კანაფიდან ანუ თრიაქიდან დავიწყებ. რამდენადაც ვიცი ამ „ბალახის“ „მოხმარება“ საქართველოში მიღებული იყო, ვიდრე ამერიკის კონტინენტიდან თამბაქოს შემოიტანდნენ. ასე რომ მთლად გადაგვარება არაა კანაფის ქაჩვა. ნუ ახლა ზოგიერთ ქართველ ახალგაზრდას, რომ გონია ბობ მარლი იმიტომ იყო მაგარი კაცი, რომ პლანს ეწეოდა ეს სხვა ამბავია – ჰო თანაც ეს იმ ახალგაზრდებს გონიათ, რომლებიც „ქართველობაზე“ დებენ თავს. შემდეგ სტრიქონი ეხება ნარკომანიას: „კუბები მოვითვალო“ როგორც მივხვდი აქ ნემსის გაკეთებისას, რომ კუბებზეა საუბარი ის იგულისხმება. ესეც არაა „ევროპელი“ ახალგაზრდების საყვარელი საქმე…

სამჯერ გათხოვილი ცოლად მოვიყვანო
გერები მივიღო საკუთრად.

ეს პასაჟი საერთოდ „გლიჯავს.“ „ნახმარი კოვზი არ მინდა სახლში და ახლა ქალი შემომტენეთ“ ფილოსოფია, ამაზე წერა მეზარება რა, გათხრილია მთელი ფორუმები და ბლოგები ქალიშვილობის თემით და არ მინდა, არააააა!!! მაგრამ აი ეს ფრაზა მეტად დამაფიქრებელია: გერები მივიღო საკუთრად – კონკიას დედინაცვალ… არა ეგ არა. ე.ი. ვთქვათ, ნუ აი დავუშვათ, აი კატასტროფა მოხდა, დაიქცა ქვეყანა, გადაჯიშდა ქართველობა და ვიღაცა (ნუ ვთქვათ პეტრემ) ცოლად მოიყვანა ბავშვიანი ქალი. პეტრეს არ უნდა უყვარდეს ეს ბავშვი, საკუთარი შვილივით არ უნდა უვლიდეს, უნდა აგრძნობინოს ყოველთვის, რომ მოყოლილია და დაჩაგროს, თავის შვილებსაც უფლება უნდა მისცეს ალბათ მისი დაჩაგვრის და ა.შ. – ნუ აბა მე სხვანაირად არ მესმის ეს ფრაზა და მომკალი. (ჰო მოყვასის სიყვარული და რამე საერთოდ რა სახსენებელია, ან ადამიანობა და ა.შ.).

შემდეგი ნაწილი:
ვინატრო ანტალია ან ის რიო
სულ არ გავიხსენო ვარძია.

ნანახი გვაქვს ბატონო ვარძია ამ ევროპელ ახალგაზრდებს და პიკნიკის მერე ნაგავიც არ დაგვიტოვებია იქ, ზოგიერთი პატრიოტისგან განსხვავებით.

როკზე და რემიქსზე გადვირიო
ქართულზე ჩავიუბნო ბანძია

ჰო, ნუ მუსიკის თემა კვლავაც უკვდავია, „როკისტები“ და ა.შ. ნუ ახლა თუ ქართულში, ანუ ქართულ მუსიკაში იგულისხმება, პოპი, რეპი და ა.შ. მაშინ მართლაც ბანძია ეგ ოხერი და რა ვქნათ? ხოლო თუ აქ ფოლკლორი იგულისხმება (და ეჭვი მაქვს, რომ ეს ასეა), „როკისტები“ უფრო კარგად აღიქვავენ ქართულ, პოლიფონირუ ფოლკლორს ვიდრე „პოპისტები,“ „როკისტები“ ის ხალხია ბატონო გელა, რომელთაც პრიმიტიული „დუნცუკუ დუნცუკუ“ არ უყვართ, ისინი უფრო რთულ და უფრო დახვეწილ მუსიკას უსმენენ, სადაც რამდენიმე ინსტრუმენტი სიმფონიას ქმნის. ქართული ფოლკლორის ბანძობაზე კი ე.წ. „ქართველი“ ახალგაზრდები უბნობდნენ ბანძიაო, ვიდრე გარემიქსებული (ესეც არ მოგწონთ) “შატილის ასულო” არ მოისმინეს. ხოლო თუ ყურადღებით დაუკვირდებით, არტ–გენზე ძირითადად გრძელთმიანი და საყურიანი ახალგაზრდები ჭარბობენ.

ხშირად ვიწუწუნო დედა მამა მშია
ან ვინმეს ჯიბეს ხელი ჩავუყო

სამწუხაროა, რომ საქართველოში სტატისტიკური სწავლებები და კვლევები არ იმართება დიდი ინტესიურობით, თორემ დარწმუნდებოდით, რომ „როკისტ–ევროპელებს“ შორის უფრო მეტი დასაქმებული და მშობლებისგან დამოუკიდებელი ადამიანია, ვიდრე „ქართველებში.“

დავკარგო ყველაფერი რაც კი გამაჩნია
მაგრამ ქართველობას რა ვუყო.

ქართველობა არ გამორიცხავს პროგრესს, როკს და განათლებას – საბედნიეროდ.

p.s. რომელიმე გულანთებულს თუ გაგიჩნდებათ დაპოსტვის სურვილი, ჯერ ის გაითვალისწინეთ, რომ ეს წერილი არ ეხება გელას პიროვნებას და მის საქმეს, არამედ ეხება მის ერთ ლექსს. გმადლოოობთ…

%d bloggers like this: