Kick It Out – ანუ ორიოდ სიტყვა პროპაგანდაზე

Kick It Out უეფას ანტი-რასისტული კამპანიაა, რომელიც 1993 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, კამპანიის ანუ პროპაგანდის მიზანი, სტადიონებიდან და ზოგადად საფეხბურთო ცხოვრებიდან რასიზმის განდევნაა. Kick It Out-ის მოთავენი გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, მომსახურე პერსონალსა და ზოგადად ადამიანებს რასიზმის განდევნისკენ მოუწოდებენ. მოკლედ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დამოკიდებულების პროპაგანდა, ერთი ადამიანის მეორეს მიმართ არსებული დამოკიდებულებისა.

თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ დიმიტრი ლორთქიფანიძისა და გელა ნიკოლეიშვილის და მისთანების ლოგიკას თუ ჩავრთავთ ამ ყველაფერში, გამოვა, რომ უეფას მიზანი თეთრკანიანი მოსახლეობის გაშავკანიანება, გაყვითელკანიანება და ა.შ. არის. Kick it out ქართველი კონსერვატორებისათვის არა რასიზმის წინააღმდეგ მიმართული, ანუ დამოკიდებულების შეცვლისაკენ მიმართული – კამპანია, არამედ თეთრკანიანი რასის გადაშენების გზისკენ მიმავალი პროპაგანდაა.

ჰო, სწორედ ასეთ ლოგიკას გვთავაზობენ ომბუდსმენობის კანდიდატები და მათი თანამოაზრენი. მათ არ ესმით, რომ ჰომოსექსუალობის პროპაგანდა, იმდენად აბსურდული ტერმინი და სიტყვათა შეთანხმებაა, რამდენადაც შავკანიანობის პროპაგანდა ან თუნდაც ცაციობის. როგორც Kick it out-ის კამპანიით “ტვინგამორეცხილი” გულშემატიკვარი ვერ გაიღვიძებს ერთ დილას რასა შეცვლილი, ისევე ვერ შეიცვლის ადამიანი სექსუალურ ორიენტაციას “პროპაგანდის” გამო. იმას, რასაც ადამიანთა გაკრვეული ჯგუფი ჰომოსექსუალობის პროპაგანდას ეძახის, სინამდვილეში დამოკიდებულების პროპაგანდაა. როდესაც გეუბნებიან, რომ სიძულვილი უნდა განაგდო (ან თუნდაც განიხუნო) შენი იდეოლოგიიდან და მისცე ადამიანებს მშვიდად ცხოვრების საშუალება, რომ ამ ადამიანების მიმართ არ უნდა გქონდეს წინასწარგანწყობები და მხოლოდ იმის გამო რომ შენგან განსხვავებულები არიან, მათ მიმართ აგრესია არ უნდა გქონდეს, ეს არის -დამოკიდებულების და არა თქვენი – ორიენტაციის შეცვლისკენ მოწოდება.

ინტერნეტ სივრცეში ერთი ვირუსული ფოტო ტრიალებს, რომელზეც ბავშვია გამოსახული და ასეთი ტექსტი ახლავს თან: “ჩემმა 4 წლის შვილმა არ იცის რა არის რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური განსხვავებები. მან არ იცის, რომ ვიღაც ამის გამო უნდა სძულდეს და არც ეცოდინება თუ ამას არ ვასწავლით.” ანტი-ჰომოფობიური კამპანია არის მცდელობა ასწავლო ადამიანებს რომ სიძულვილი ცუდია. ჩვენ ჩვენი საზოგადოება, ოჯახები, სამეგობრო წრე და ზოგადად გარემო გვასწავლიდა სიძულვილს და სწორედ ამ სიძულვილთან ბრძოლაა ის, რასაც დიმიტრი ლორთქიფანიძეოიდები ასე გამალებით ებრძვიან.

მძულდა მეც, იმიტომ რომ ასე მასწავლეს, მაგრამ შემდეგ ვისწავლე, რომ ამ სიძულვილის არანაირი მიზეზი არ მაქვს, გარდა არქაული სტერეოტიპებისა.

ფობია – ეს არის შიში და კონსერვატორებს, ყველგან და ყოველთვის, სწავლისა და შემეცნების ეშინიათ.

Don’t Hate! Kick It Out!

ო, ღმერთო, რატომ?

18 დღე გავიდა არჩევნების შემდეგ, თითქოს ყველაფერი დაწყნარდა და ქვეყანა და ხალხი ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა, მაგრამ აქა-იქ წამოჩიტული, თითქოს უწყინარი და უმნიშვნელო პრობლემები, სინამდვილეში ძალიან ყურადსაღები თემებია, რომლებიც სამომავლო პერსპექტივაში ამ ქვეყნის მომავლის ფორმირებაში დიდ როლს ითამაშებს.

ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა და მათ შორის დავით დარახველიძეც მოხვდა, რომელსაც ლტოლვითა და განსახლების სამინისტრო მიებარა. დარახველიძეს მაშინვე გაუხსენეს მისი ქსენოფობიური გამოსვლა, როდესაც ის ისტერიკაში ჩავარდნილი ყვებოდა საქართველოს მოქალაქეობა მიღებულ ჩინელებსა და “ზანგებზე.” მერე ვიღაც მიამიტმა, იქნება ჯერ აცალოთ, გამოუცხადოს ნდობა პარლამენტმა ამ ახალ მინისტრებს და მერე ატეხეთ ხმაური, ჯერ ხომ არ დანიშნულაო. ძალიან კარგი თუ არ დანიშნულა და სწორედ ახლა უნდა ატყდეს ხმაური, რომ არც დაინიშნოს.

ივანიშვილის რიტორიკას თუ გავიხსენებთ, რომელიც მისი თანაგუნდელების ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და ზოგადად ფაშისტურ გამონათქვამებს ეხებოდა, შესაძლებელია დარახველიძის ბოდიშს ველოდოთ, ან თვითონ ივანიშვილის “განმარტებას” – “ახალგაზრდა პოლიტიკოსია და შეეშალა, აუცილებლად მოიხდის ბოდიშსო.” ცხადია, ბოდიშის მოხდა ძალიან კარგია და რიგ შემთხვევებში საკმარისიცაა, მაგრამ დარახველიძის შემთხვევაში ეს იდეოლოგიაა და არა გამოუცდელი პოლიტიკოსის შეცდომა. ადამიანი არა თავის შეცდომებზე, არამედ შედეგებზე სწავლობს. შესაბამისად, თუ ბატონი დარახველიძე მოიხსნება მინისტრობის კანდიდატობიდან, იგი ისწავლის, რომ ქსენოფობია და რასიზმი ცუდია. საქართველოში საზოგადოება არ სჯის მსგავსი “შეცდომების,” ან უფრო სწორად რომ ვთქვათ, მსგავსი იდეოლოგიის გამო პოლიტიკოსებსა თუ საჯარო პირებს, პირიქით, იმ სოციო-კულტურულ მეინსტრიმში, რომელსაც შალვა რამიშვილი ეტრფის და გაუფლაგმანდა, მისაღებიცაა. სწორედ ამიტომ არის მსგავსი რიტორიკა ასე გამჯდარი ამ ადამიანებში. მითიური და მონუმენტური ქართული ტოლერანტობა კი ზუსტად ისეთივე ფასადურია, როგორიც სახურავახდილი და 2 თვეში დამთავრებული გრანდიოზული პროექტები.

ასეთი პოლიტიკოსების ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ხოლმე, როგორ ახერხებენ უცხოურ დელეგაციებთან ურთიერთობას. მაგალითად, სულ მაინტერესებდა ქდმ-ს და შემდეგ ქ.ო.-ს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორ შეხვდებოდა და ესაუბრებოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც გეია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, გასაოცარი დემოკრატიის კიდევ ერთი ნაჟურია, ჰომოფობი ომბუდსმენი – ამ ადამიანს მარტივად შეგვიძლია ვუწოდოთ ხორცშესხმული ოქსიმორონი. პარლამენტარი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო და ჰომოსექსუალთა სისხლის სამართლებრივ დევნას ითხოვდა და ითხოვს, დღეს ისევ აყენებს თავის კანდიდატურას ომბუდსმენის თანამდებობაზე. ღმერთმანი, უნდა ვაღიარო, რომ ლორთქიფანიძე, ანუ ადამიანი, რომელიც კანონშემოქმედების ან კანონის აღსრულების პროცესში დიდი სჯულის კანონის ჩართვას ითხოვს, ნამეტანი საინტერესო ომბუდსმენი იქნება და მისი რეპორტების კითხვა – განსაკუთრებით. ლორთქიფანიძე საზოგადოებრივი მხარდაჭერით აპელირებს და ამის დასტურად “ტანკლი ტუნკლი ტანკლების” მიერ გაშვებული ფეისბუქ გამოკითხვის შედეგები მოჰყავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურა კანდიდატურადვე დარჩება მთელი მისი კარიერის გამავლობაში.

%d bloggers like this: