“თავისუფალი ხალხი”

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა.

დარბაზი სავსეა, ორგანიზატორი ბიჭუნა, რომელიც კოსტუმშია გამოწყობილი უხერხულად იშმუშნება. “მამაო მოვიდა” გაისმა მჭექარე ხმა და დარბაზში ჩოჩქოლი ატყდა. წინა რიგებში ქალბატონები სხედან, ერთ–ერთმა ახალგაზრდამ ფეხმძიმე გოგონა შემოიყვანა და მეორე ახალგაზრდას მისთვის ადგილის დათმობა “აიძულა,” აიძულა რა, შენიშვნა მისცა. ილიას უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მამა თეოდორე გიგნაძე შემოვიდა. ბატონი თეოდორე ქართული ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავია, აქვს თავისი ოფიციალური ვებ–გვერდი, youtube-ის არხი და ფეისბუქზე და სხვა სოციალურ ქსელებში მისი ქადაგეგების შესახებ ხშირად იმართება დისკუსიები. იქვე, მაყურებელთა შორის ზის მეორე ინტერნეტ ვარსკვლავი, მამა ლევან მათეშვილიც. გარშემო, აუდიტორიის კედლებზე ძირითადად მრევლია ატუზული. მათ საოცარი სახეები აქვთ, ძალიან მშურს ამ ადამიანების სულიერი მდგომარეობის. ისინი თვითდაჯერებულები არიან. ხშირად მაგონებენ ამერიკელ მორწმუნეებს, რომლებიც საკუთარ თავს “God’s Army”–ს უწოდებენ, ნათლობისას კი მრევლის ახალ წევრს ასე ესალმებიან: “Welcome to God’s Army” (may the force be with you – ძალიან მოუხდებოდა ამ გამოთქმას). ამ ახალგაზრდა ბიჭების გარეგნობაში მთავარი მახასიათებელი თხლად მოშვებული წვერია, სავარაუდოდ იკრეჭენ, არ იპარსავენ. არის მათ სახეებში რაღაც ანგელოზური, ყველანაირი სარკაზმისა და ცინიზმის გარეშე ვამბობ ამას. ისინი თავდაჯერებულნი არიან, მათ სულიერ სიმშვიდე იპოვეს, ისინი ამაყები არიან თავიანთი მდგომარებითა და ცხოვრებისეული არჩევანით. თვალებში სათნოება და ოდანვი მედიდურობა ირეკლება, ეს ყველაფერი კი მთლიანად სახეზე რაღაც… რაინდული გამომეტყველებით გამოიხატება, მკაცრი – მაგრამ სათნო. საოცარია – სრულიად გულწრფელად ვამბობ.
მამა თეოდეორე ქადაგებას ჩვეული ხუმრობით იწყებს, ეს ალბათ მოთელვის ერთგვარი ხერხია, გოგონები და ქალბატონები, რომლებიც წინა რიგებში არიან მოკალათებულები საოცარი სიყვარულით და სათნოებით იღიმიან, გულწრფელად მხიარულობენ თავიანთი მოძღვრის ენაკვიმატობით. აი, აქ, უკვე მერევა ჩემი ცინიზმის დემონი, ვუყურებ ამ ადამიანებს და ვფიქრობ: “რა დიდი სიამოვნებით დავწერდი დიდ თემას, მაგალითად, ქართულის გამოცდაზე ‘ქალთა სახეები მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებისას.”
“არა მამაო!” მორჩილად და რუდუნებით პასუხობენ მოძღვრის შეკითხვას “ხომ არ დაგცხათ?” და იქვე, დარბაზის შუაში მჯდომი გოგონას რეპლიკას “კი, ცოტა დავიღალეთ, ჰაერი არ არის” ბრაზიანად კიცხავენ.
მე გარეთ გავდივარ, ჩემს მეგობრებს ვუერთდები, ჩვენ ვსაუბრობთ, აქცია რომელიც დაგეგმილი იყო ჩაიშალასავით, სულ 5 კაცია, პლაკატის დაჭერაც არავის უნდა. ხალხი ორადაა გაყოფილი, მარცხნივ თვითმმართველობის “სასტავი” ზის, მაინც რა ყველა ერთნაირია, ღმერთო… თსუ, ილია… ყველას ერთნაირი ჰაბიტუსი და ერთნაირი მიდგომები, ერთნაირი აზროვნება. well, შორიდან ასე ჩანს.
ლექცია დამთავრდა, პლაკატებიც გაიშალა, პროტესტის ხაზშიც ჩადგა რამდენიმე ადამიანი, მამა თეოდორე მანქანამდე მიაცილეს, თან ისე, რომ პროტესტისთვის ზედ რომ შეეხედა არც აცალეს. არადა, რა მაგარი იქნებოდა, რომ მოსულიყო, დაელოცა ისინი, გადახვეოდა, ეთქვა “მიყვარხართ” და ასე, ქრისტესმიერი სიყვარულით, მშვიდობიანად დამთავრებულიყო ყველაფერი. ასეც დამთავრდა, თუ რამდენიმე ახალგაზრდას გულფიცხობას არ ჩავთვლით. პატარები არიან ჯერ, არ იციან და იქნება არც ქრისტეს სიტყვები ახსოვთ:
“გიყვარდეს მტერი შენი” – მერე რა რომ მტერი იქ არავინ იყო.
ან თუნდაც “შეუნდე მამაო, რამეთუ არ იციან რას სჩადიან.”
და სხვა მრავალი.
ასეა, ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს პრინციპები, როცა ჩვენ კრემიანი ნამცხვრებით ვიყორავთ ლიბერალური კუჭებს, ისინი ღვინოს სვამენ ან სულაც ყავას, ან ჩაის, ან იქნებ სულაც არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან? და ყველანი ძალიან დიდი მატრაკვეცები და ფარისევლები ვართ.

“თავისუფალი ხალხია, შეჩემა” – გერბზე წავაწეროთ, მაინც “თვითების” ხელშია სახელმწიფოსა და მთავრობის მომავალი, აი, ჩვენ “თავისუფალი ხალხი” – ოდესმე ინტელექტუალურ ელიტას შევქმნით, ამ თვითებს რომ რჩევებს მისცემენ… ჩრდილიდან.

ტაძრისკენ მიმავალი გზა…

დღეს თბილისის ფორუმზე გაიხნსა თემა, რომელშიც ავტორი უკმაყოფილებას გამოთქვამდა ეკლესიების მასიურ მშენებლობაზე. ტელევიზორში რაღაც რეკლამა ენახა, სადაც პალიასტომის ტბის კუნძულზე მშენებარე ეკლესიის შესახებ იყო საუბარი და ამას გაებრაზებინა. ციტატა ტოპიკიდან:

ამ გიჟური ტემპებით რო მიდის ამ ეკლესიების შენება.. რაც გვაქვს უძველელსი ტაძრები იმას მოვუაროთ თორე მაგ ახალაშენებულ ეკლესიებს არანაირი ესტეთიკურ-ისტორიული დატვირთვა არ აქვს და არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს…. ერთადერთი რასაც რეალურად ემსახურება არის მაყუთის ქაჩვა, იმენა ზუსტად აი ესსსეეე…. არანაირ ბეგარას არ იხდის და იღებს და იღებს შემოწირულობებს…..

ფორუმელებმა ეს მიმართვა არაკორექტულად მიიჩნიეს. ზომა ასე თქვა: ”სამართლიანია, მაგრამ არაკორექტულიო.”

ისე ეკლესიების მშენებლობა მაინც ძალიან საინტერესო ფენომენია; ხალხს თუ კითხავ გეტყვიან ეკლესიებს გვინგრევენო, არადა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეკლესია დგას, ან ახალს აშენებენ. ეკლესიების მშენებლობაში მართლაც ძალიან დიდი ფული იხარჯება, თან შემოწირულობა არ იბეგრება და ფულის გათეთრების მართლაც კარგი საშუალებაა. მაგალითად, სანამ ქურდების დაჭერის ბუმი ატყდებოდა საქართველოში, ქართველი ქურდები მასიურად აშენებდნენ ეკლესიებს. ეს გარკვეულ წილად ინდუგლენციაც იყო და როგორც ჩანს ფულის გარეცხვის საუკეთესო საშუალებაც. ეკლესიას აშენებ და ვერავინ დაგიპირისპირდება, ვერც ხელისუფლება და ვერც საზოგადოება – რომელსაც ღმერთთან ერთად ქურდის რიდიც ჰოქნდა.  ქურდები ალაგმეს, თუმცა ეკლესიების შენება კვლავაც მიმდინარეობს, კვლავაც დაუბეგრავად და კვლავაც ურიცხვი შეწირულობებით. მოდით დავიჯეროთ და ვიწამოთ, რომ ქურდების გაქრობასთან ერთად ფულის რეცხვის პროცესებიც გაქრა და სხვა საკითხს შევეხოთ – ანუ რა საჭიროა ამდენი ეკლესია?

რა საჭიროა ეკლესია?

მიზეზად უამრავი რამის დასახელება შეიძლება:

1. ერის სულიერი ამაღლება.

2. კიდე?

უბრალოდ კითხვა მიჩნდება – ქრისტიანული სწავლებების მიხედვით მთელი სამყარო ღმერთს ეკუთვნის, რაღა თქმა უნდა ამ სამყაროში შემავალი ყველა მატერიაც. ფაქტიურად ყველაზე მდიდარი არსებაა ამ ქვეყანაზე. ჰოდა მიჩნდება კითხვა, ამდენ ”სახლს” რომ უშენებთ რამე ემატება მას ამით? ან თქვენ? ან ვინმეს? უბრალოდ მაინტერესებს, რა არის ამ მატერიალისტურ მიდგომაში (თითქოს და ღმერთს სახლები სჭირდება – მთაში, ბარში, ზღვაზე) სულიერი და ღვთიური.

ღვთის ტაძარი, როგორც ასეთი არის ადამიანი, ანუ ყველა ადამიანში არის ღმერთი (ვისაც გჯერათ გაგატარებთ), თუმცა ამ ”ტაძრის” აღსადგენად, შესაკეთებლად და ა.შ. არაფერი კეთდება. ჰო ახლა მეტყვით ეკლესიების შენება ადამიანების სულიერ გაძლიერებას და ა.შ. და ა.შ. და ა.შ.-ს ემსახურებაო, მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიცრუეა და უბრალოდ თავს (ვ)იტყუებთ.

რეალურად რომ შევხედოთ, ძალიან ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება იმ ფულით, რაც ეკლესიების მშენებლობაზე იხარჯება. მე შენ გეტყვი და ცოტა ეკლესიაა საქართველოში და ლოვცის გააფთრებულ ჟინის მოსაკლავ დაწესებულებას 2 კილომეტრის რადიუსში ვერ იპოვი თუ რა?

მე ვეცდები ჩამოვთვალო, ის სასარგებლო ”რამეები” რისი გაკეთებაც შეიძლება იმ ფულით, რა ფულითაც ეკლესიები შენდება:

  • არასრულწლოვან დამნაშავეთა სარეაბილიტაციო პროგრამები – სპორტული მოედნების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული კაბინეტის, საშუალო განათლების დაწესებულების კეთილმოწყობა. სასჯელთ აღსრულების დაწესებულებიდან გამოსულ ახალგაზრდას ხელში რაღაცა ეკავებოდა, იქნება და ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მიეღო მონაწილეობა და სტუდენტიც გამხდარიყო – ნარკომანის, ქურდის და მძარცველის ნაცვლად?

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საპატრიარქომ ამასწინად გააფორმა რაღაც ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, რომლის მიხედვითაც პატიმრებს დაასაქმებენ მონასტრებში და ამითი მათ რეაბილიტაციას შეუწყობენ ხელს. ფანტასტიური გადაწყვეტილება და ფანტასტიური პროგრამაა, თუმცა ერთი პატარა ნაკლი აქვს – რწმენის თავზე მოხვევა. (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს აბზაცი მთლიანად ჩემს ვარაუდს ეფუძნება და ფაქტები ხელთ არ მიპყრია). ჩემი ვარაუდით, ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ მართლმადიდებელ პატიმრებს მისცემენ, ანუ ვინმე აზერბაიჯანელ ან სომეხ პატიმარს, რომლებსაც შესაბამისად სხვა რელიგიური მრწამსი გააჩნიათ უარს ეტყვიან რწმენის გამო და ქრისტიანობის მიღებასაც შესთავაზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩართავენ ამ პროგრამაში; შემდეგ ტელევიზორში ვიხილავთ ნეტარი სახით მოლაპარაკე ”მამაოს,” რომელიც გვაუწყებს რომ გაქრისტიანებული აზერბაიჯანელები მუშაობენ მონასტრებში და ისინი ძალიან ბეჯითი მოსწავლეები არიან – არც წირვას აცდენენ და მეტანიებსაც პატიოსნად აკეთებენ.

  • ეკლესიის აშენების ნაცვლად, უსახლკაროთა (ე.წ. ”ბომჟების”) თავშესაფრის აგება იქნებოდა უფრო ღვთისმოსავი და ღვთის მადიდებელი საქმე. ამ თავშესაფარში მათ დააპურებდნენ, დაასვენებდნენ, დაბანდნენ და ადამიანად აგრძნობინებდნენ თავს. სინამდვილეში ქრისტიანი ერის, ქრისტიანულ დედაქალაქში ყოველ ზამთარს N-რაოდენობის ”ბომჟი” იყინება და კვდება. ჩემ წამოსვლამდე, ჩემს უბანში, სამი ”ბომჟი” დაიღუპა – მხოლოდ და მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში.
  • დევნილთა დახმარება. რა უნდა ვთქვა? ან ეს თემა საერთოდ სალაპარაკო უნდა იყოს ნორმალური ქვეყანაში და ნორმალურ საზოგადოებაში?
  • ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დახმარება. ტანსაცმელი, ნორმალური განათლება – ან 18 წელი რომ უსრულდებათ ამ ბავშვებს, სად მიდიან იცის ვინმემ? ვინმე ინტერესდება მათი ბედით?
  • ავადმყოფთა და შშმპ-თა დახმარება. ოპერაციები, ორგანოთა გადანერგვები, სავადმყოფოში წოლის ხარჯები, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა და ა.შ. ნუთუ ამას უფრო არ დააფასებს ღმერთი? ნუთუ განკურნებული და შვება მოგვრილი ადამიანს დანახვა უფრო არ გაუხარდება უფალს?
  • გაჭირვებული ბავშვების დაფინანსება. ხშირია შემთხვევა, როცა ბავშვები სკოლაში ვერ დადიან – არ აქვთ წიგნები, გზის ფული, ფეხსაცმელი. იკარგება ფეხბურთელთა, კალათბურთელთა და ა.შ. ნიჭი, იმიტომ რომ მათ მშობლებს თვეში 15-20 ლარის გადახდის საშუალება არ აქვთ.

ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება…

მოკლედ, კითხვა ასე ჟღერს მეგობრებო – ტაძრების შენების გზა, მიგვიყვანს იმ ტაძრამდე რომელსაც ადამიანი ჰქვია?

%d bloggers like this: