ბრძენი ქართველი ელიტა
ოქტომბერი 3, 2012 11 Comments
ყველაზე სასაცილო თუ ყველაზე ამაზრზენი არ ვიცი, მაგრამ ყველაზე “რაღაცნაირი” არჩევნების მერე ქართული ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლები არიან. აი, ისინი, ვისაც ერი ევროპამდე მიყავდა, ციხის კადრების გავრცელების მერე სამაგალითო სამოქალაქო პოზიციას რომ აფიქსირებდნენ და ხარობდა, რომ ქვეყანის მიძინებული და თვითკამყოფილებაში ჩავარდნილ ხელისუფლებას ბოლოს და ბოლოს შემოლაწუნება ეღირსა. მათ ალბათ იმედი ქონდათ, რომ მათი ინტელექტუალური ნაშრომი დაუფასებელი არ დარჩებოდა და ქვეყანა სწორ არჩევანს, ისევ ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გააკეთებდა.
არჩევნების შემდეგ ამ ხალხის უმეტესი ნაწილი ნიშნის მოგებისა და ცინიზმის გარდა არაფერს აკეთებს. ნუ, პრინციპში არც არაფერი შეცვლილა, როგორც არჩევნებამდე იქცეოდნენ სწორედ ასე იქცევიან ახლაც. რიტორიკა “თქვენ დებილები ხართ, ვერაფერს გაიგებთ და ამიტომ ჩვენ გვაცალეთ ქვეყნის შენება,” ახლა “თქვენ დებილები ხართ, ეს ხელისუფლება რომ გადაირჩიეთ და ნახეთ ახლა რა მოგივათ” გამოხდომება ჩაანაცვლა.
მაშინ როცა სპეც-რაზმი ხაშურში თავხედურად იპარავდა საარჩევნო ყუთებს, ეს ადამიანები ქეთი დოლიძის და ნინელი ჭანკვეტაძის ფოტოს დაშეარებით იყვნენ დაკავებულები და ცინიკური წარწერით “სისტემა უნდა დაინგრეს” კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ სისტემა მართლაც უნდა დინგრეს. ამ ადამიანებმა ვარდების რევოლუციის შემდეგ საკუთარ თავზე აიღეს პედაგოგების, მოძღვრების, წინამძღოლების და დამრიგებლების როლი. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე ტვირთია, მათ მრავალი საუკუნის განმავლობაში მიძინებული და ატროფირებული საზოგადოების ახლიდან გამოზრდა და მათთვის ახალი პერსპექტივების დანახვება “ევალებოდათ.” მაგრამ საბოლოო ჯამში იმ მასწავლებელებს დაემსგავსნენ, რომლებიც ნიშნებს იმ მოსწავლეებს უწერენ, რომლებიც მათთან ემზადებიან, ხოლო გაკვეთილზე მჯდარ, გაურკვევლობაში მყოფ მოწაფეს დებილს და ოროსანს უძახიან, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის არც არაფერი უსწავლებიათ.
“თქვენ რა იცით, რომ ჩვენ პირად საუბრებში უფრო მაგრად არ ვაკრიტიკებთ თანამდებობის პირებს და დისიჟენ მეიკერებს, ვიდრე თქვენ აკეთებთ ამას საჯაროდ?” – ასეთი კითხვა დასვა ერთხელ ერთ-ერთი “არასამთავრობო” ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთ-ერთი დისკუსიის დროს. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ საჯარო დისკუსიების დროს, როდესაც ხალხი სამართლიანად აძლევდა შენიშვნას წინა ხელისუფლებას, ეს “პირად საუბარში გამრკიტიკებლები” გამალებით იცავდნენ ძლიერთ ამა ქვეყნისა – მერე მადლიერმა ერმა გამპრავებლები რომ შეარქვა, სწორედ იმ პიროვნებებს ვგულისხმობ.
მოკლედ, ვზივარ და ვუყურებ ამ ადამიანების ისტერიკას სოციალურ ქსელებში და გული მერევა მათ უტიფრობაზე, როდესაც ისინი არჩევნების შედეგად “პროგრესის დამარცხებას” ხალხს აბრალებენ და თვითონ იოტის ოდენა პასუხისმგებლობასაც არ იღებენ იმაზე რომ ჩაისვარეს.
ერთი სიტყვით, ეს არჩევნები ქართული ოცნებას არ მოუგია, ეს არჩევნები ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა ინტელექტუალურმა ბურჯებმა წააგეს და ამას სხვას აბრალებენ :)