და მაინც, რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?

ყველაზე ხშირად დასმული რიტორიკული შეკითხვა, რომელიც ქართველებისგან ისმის, ის ჟარგონულ-ქუჩური შეკითხვა არაა, თქვენ რომ პირველი გაიფიქრეთ და ალბათ ბევრი ადამიანი ჩემი მისამართით რომ დასვამს ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. ყველაზე მეტად ქართველებს “აინტერესებთ”, რისთვის იბრძოდნენ მათი წინაპრები.

ხშირია როცა რაიმე სახის დისკუსიაში, ონლაინ იქნება ეს თუ რეალში – ადამიანები გაუაზრებელი პათეტიკით სვამენ კითხვას: “ამისთვის იბრძოდა დავით აღმაშენებელი?” დავით აღმაშენებელი პირობითი ფიგურაა ამ შეკითხვაში და მის ნაცვლად ნებისმიერი წარმატებული მეფე შეგვიძლია ჩავსვათ. პირადად მე გიორგი ბრწყინვალე უფრო მიყვარს.

ამ შეკითხვას მაშინ სვამენ, როცა საქმე თანამედროვე ტენდენციების ქართულ რელობაში “შემოჭრას” ეხება – კონკრეტულად კი თანასწორობას. რაოდენ საცოდაობაა, რომ თანასწორობა ჩვენი ერისთვის მიუღებელი და ტრადიციული ფსევდოისტორიული ჩარჩოდან ამოვარდნაა, ეს სხვა თემაა. მე შევეცდები გამოვიყენო ის უფლება, რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა, ამ შემთხვევაში თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება და ვთქვა, რომ დავით აღმაშენებელიც, გიორგი ბრწყინვალეც და სხვა ყველა ადამიანი, რომლებიც ამ ქვეყანას და იდეას შეეწირნენ, სწორედ, რომ იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოში – თანაც XXI საუკუნეში, თანასწორობა ყოფილიყო და გაუაზრებელი პათეტიკით არ დასმულიყო შეკითხვა: “რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?”

დავით აღმაშენებელმაც და გიორგი ბრწყინვალემაც მშვენივარდ იცოდნენ, როგორ “გათახსირდებოდა” ერი რამდენიმე ასეული წლის შემდეგ და სწორედ ამ გათახსირებული ერისთვის იბრძოდნენ ისინიც და ყველა მათი თანამებრძოლიც, რომელთა სისხლსაც დღეს ესა თუ ის ადამიანი გვამადლის. მარტივად რომ ვთქვა, ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნისთვის დაეცნენ ბრძოლის ველზე – ამ ქვეყნისავე გადასარჩენად იბრძოდნენ. იბრძოდნენ იმისთვის, რომ შენარჩუნებულიყო და შემდგარიყო სახელმწიფო. დავით აღმაშენებელი XII საუკუნეში სწორედ იმისთვის იბრძოდა, რომ საქართველოს XXI საუკუნემდე მოეღწია, თანამედროვეობისთვის აეწყო ფეხი და შეიძლება გაესწრო კიდეც. ის ადამიანები, რომლებიც ისტორიას და დავით აღმაშენებლის ნაღვაწს იცნობენ, ადვილად დამეთანხმებიან იმაში, რომ მეთორმეტე საუკუნეში დავითისნაირი პროგრესული და თავის ეპოქაზე რამდენიმე ასეული წლით წინ მდგარი ადამიანი ცოტა თუ მოიპოვებოდა მსოფლიოში. იმავეს ვიტყვი გიორგი ბრწყინვალეზეც.

ამ ადამიანებს და მათ თანამებრძოლებს კარგად ესმოდათ, რა იყო სახელმწიფოებრიობა. და სწორედ ამ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად და განსავითარებლად იბრძოდნენ ისინი. ისტორიულ ექსკურსს არ შემოგთავაზებთ, პირდაპირ თანამედროვეობაში გადმოვინაცვლებ და გეტყვით, რომ ყველა ადამიანი, რომლის სისხლითაც ქართული მიწაა მორწყული საქართველოს კონსტიტუციისა და მისი მფარველობის ქვეშ მცხოვრები მოქალაქეებისთვის იბრძოდა. ისინი იბრძოდნენ რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სექსუალური თანასრწორობისათვისაც კი.

როდესაც ადამიანები ბრძოლის ველზე გადიან, ისინი იცავენ არა ინდივიდებს და მათთვის მისაღებ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფოს და ერს, რომელიც არის მრავალფეროვანი და რომელშიც ყველა სახის ადამიანი გვხვდება. ისინი არ ფიქრობენ 17 მაისს ლგბტ თემის გამოსვლასა და არც რომელიმე სოფელში რამდენიმეკაციან მუსლიმური თემის მიერ აშენებულ მეჩეთზე. დავით აღმაშენებელმა სწორედ იმიტომ იბრძოლა დიდგორის ბრძოლა, რომ ქრისტიანსა და მუსლიმს ამ ქვეყანაში ერთნაირად კომფორტულად და უსაფრთხოდ ეცხოვრათ. აგვისტოს ომშიც სწორედ იმიტომ იბრძოდნენ ქართველი ჯარისკაცები, რომ ამ კონსტიტუციის და ამ სახელმწიფოს ფარგლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და უფლებები დაეცვათ.

იმის თქმა, რომ ის ადამიანები ყველასთვის არ იბრძოდნენ – მათი ღვაწლის შეურაცხყოფა და დაკინებაა. ისინი იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, ოჯახისა და იდეისთვის, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო და სახელმწიფო ჰქვია.

სწორედ ამიტომ, მე ვთვლი, რომ 2008 წლის ომი ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა ჯარიკაცებმა მოიგეს. მოიგეს იმიტომ რომ, საქართველი (ტერიტორიებდაკარგული, მაგრამ მაინც საქართველო) კვლავ დამოუკიდებელია, ჩვენ გვაქვს მოქმედი კონსტიტუცია და ჩვენი მოქალაქეები განაგრძობენ ამ სახელმწიფოს ავად თუ კარგად შენებას. მათ მოიგეს ის ომი 6 წლის წინ! კიდევ ერთხელ ვიტყვი, საქართველოს მოქალაქეთა უზენაესი უფლებების, სახელმწიფოს, თავისუფლებისა და დამოუკდებლობისთვის გამართული ომი იმ ადამიანებმა მოიგეს.

სამაგიეროდ ადამიანები, რომლებიც აჭარელ მუსლიმებს უწოდებენ თათრებს, გაზეთის ფურცლებიდან “სომეხს” შეურაცხმყოფელ სიტყვად ხმარობენ, უშლიან თანამოქალაქეებს გამოხატვის, არჩევანის, გადაადგილების თუ სხვა კონსტიტუციურ უფლებებს, ანუ ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფოს, ყოველდღიურად აგებენ იმ ომს, რომელიც 2008 წლის აგვისტოში და მანამდე მრავალჯერ და ყველა საუკუნეში ბევრჯერ მოიგეს ჩვენმა წინაპრებმა.