საპატრიარქოს განცხადება 17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინცინდენტის შესახებ

სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, ამინ!
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება, დღეს, 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინცინდენტს, რომელშიც მონაწილეობდნენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და LGBT უფლებების დამცველი ადამიანები. დასაწყისშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საპატრიარქო პატივს სცემს და მხარს უჭერს ადამიანთა კონსტიტუციურ უფლებას შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ. ჩვენ დაუშვებლად მივიჩნევთ ნებისმიერი ძალის მიერ, ნებისმიერი ჯგუფისათვის ამ უფლების შეზღუდვას. ასევე დაუშვებლად მიგვაჩნია რელიგიური ექსტრემიზმი და ამით გამოწვეული ძალადობრივი დაპირსპირებები, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებაში განხეთქილებას. აღნიშნული ორგანიზაციის (მმკ) მესვეურებს გვინდა შევახსენოთ, რომ უფალი თვით სიყვარულია და მას ყველა მისი შვილი უყვარს, განურჩევლად სქესისა, რელიგიური აღმსარებლობისა, კანის ფერისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. ქრისტიანობის ფუნდამენტი სწორედ სიყვარული და შენდობაა, იმედი გვაქვს ზემოთხსენებული ორგანიზაციის წევრებს არ დავიწყებიათ ის ქადაგებანი რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ძე ღვთისა გვთავაზობს სახარებაში.
დიდის მომწიწებითა და მოკრძალებით გვინდა შევახსენოთ მამა დავით ისაკაძეს, მამა დავით ქვლივიძესა და მათ მრევლს უფლის სიტყვები:

1. ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, 2. რამეთუ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ. 3. ანუ რაჲსა ხედავ წეულსა თუალსა შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა განიცდი? 4. ანუ ვითარ ჰრქუა ძმასა შენსა: მაცადე, და აღმოგიღო წუელი თუალისაგან შენისა, და აჰა ეგერა დჳრე თუალსა შინა შენსა! 5. ორგულო, აღმოიღე პირველად დჳრე თუალისაგან შენისა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან ძმისა შენისა. (მათე, თავი 7).

მაშასადამე, მოგიწოდებთ ვიდრე სხვას მიუთითებდეთ ცოდვას და დასძრახავდეთ მათ, საკუთარი სულის გადარჩენაზე იფიქრეთ, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ცოდვა ვიდრე ღვთის სახელით, ანუ თვით სიყვარულის სახელით სიძულვილის გაღვივება.

დღეს გავრცელებულ ვიდეო მასალაში ნათლად ჩანს თუ როგორ ეპყრობოდნენ თქვენი მოწაფენი აქციის მონაწილეებს, აგინებნენ მათ, როცა ისინი მშვიდობიანად მიდიოდნენ ქუჩაში. ეს ადამიანები არცხვენენ ღვთისა და ღირსეული ადამიანის სახეს. ისინი თავისი აგრესიული ქმედებებითა და ბილწსიტყვაობით ცუდ მაგალითს აძლევენ მომავალ თაობებს, რომლებსაც უმყარდებათ წარმოდგენა, რომ ადამიანები მათი განსხვავებულობისათვის უნდა სძულდეთ. რა მოიმოქმედეთ თქვენ, როდესაც დაინახეთ ადამიანები მრისხანებისა და სიძულვილის უმძიმეს ცოდვაში ჩავარდნილები, როდესაც ისინი მომავალი თაობების დასანახად აკეთებდნენ ამ ყველაფერს? არაფერი! პირიქით, თქვენი ხელი შეუწყვეთ მათ და წინ გაუძეხით ღვთის მიერ ნაქადაგები ფუნდამენტური წესების წინააღმდეგ.
ჩვენ და თქვენ, როგორც რელიგიურ და სულიერ ლიდერებს ამ ქვეყნისა და საზოგადოებისა, პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ერის გადასარჩენად და სიყვარულის დასათესად, ჩვენ ვალდებულნი ვართ მივცეთ მაგალითი სიყვარულისა და სათნოებისა, დავიცვათ ისინი ცოდვისაგან და ვასწავლოთ, რომ უფალი გმობს ძალადობას.

თქვენ ამბობთ რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და ეროვნულ იდენტობას გვართმევენ. შეგახსენებთ:

27. მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. 28. და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. 29. და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე, ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! 30. და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა მისსა. 31. და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან.
(მათე 27)

განა ამაზე მეტი შეურაცხყოფა არ აიტანა უფალმა? ან კი რა შეურაცხყოფას გაყენებენ თქვენ რომ ამის მოთმენა არ შეგიძლიათ? იქნებ ისიც სთქვან თქვენმა მრევლმა, რომ “ისინი ადამიანები არიან და ზუსტად ისე ვერ იცხოვრებენ როგორც ქრისტე?” – განა ეს დანაშაული არ არის ღვთის წინაშე? რომელმაც კაცობირობის ცოდვებისათვის თავისი ძე გასწირა? განა ეს ფარისევლობა არ არის, როდესაც ადამიანებს ზნეობრიობისკენ მოუწოდებთ და თქვენკი საკუთარი რელიგიის მიერ დაწესებული წესების მიდევნა არ შეგიძლიათ და ამას თქვენს სისუსტესა და ადამიანურ ბუნებას აბრალებთ? შეგახსენებთ, რომ უფალი ღმერთი იესო ქრისტე ორ ბუნებიანი იყო, ღვთიური და ადამიანურ და მისმა ადამიანურმა ბუნებამ აიტანა ეს განსაცდელი. ის სწორედ იმისთვის მოვიდა ამ ქვეყანაზე, რომ ჩვენთვის მოეცა მაგალითი სწორი ცხოვრებისა და ნებისმიერი სახით ამის უარყოფა სატანის და ანტიქრისტეს თაყვანისცემაა.
სიძულვილი და სიყვარულზე უარის თქმა ეს ღვთის გმობაა და უდიდესი ცოდვა, რადგან წერილ არს:

43. თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი.

44. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდით თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის.

45. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც.

46. რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

47. ანდა თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?

48. მაშ, იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა.
(მათე V)

თქვენ მიერ უფლის გზიდან გადახვევა და მისი სიტყვების საწინააღმდეგოდ სვლა არის ცუდი მაგალითი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი შთამომავლობისთვის. როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა წინ გაძღოლოდით თქვენს სამწმყსოს უნდა გცოდნოდათ, რომ თქვენი რწმენისა და მორჩილების გამოცდა ყოველდღიური მოვლენა იქნებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მღვდელმსახურები დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე ვერ ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს და შეცდომაში შეჰყავთ თავიანთი მრევლი, რაც იწვევს ღვთის გზიდან გადახვევას და უმძიმეს ცოდვაში ჩაგდებას. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიყვარულის უარჰყოფა და ვინმესთვის შეზღუდვა და ამის ნაცვლად სიძულვილის ქადაგება და ჩადენა არის ღვთის გმობა, რაც უმძიმესი დანაშაულია ღვთის, ერისა და ეკლესიის წინაშე.

სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, დადგენილ იქნას,

პირველი: მამა დავით ისაკაძეს და მამა დავით ქვლივიძეს, ასევე ზემოთხსენებულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ სხვა მღვდელმსახურებს ჩამოერთვათ მღვდელმსახურების უფლება და გაგზავნილ იქნან მონასტერში წმინდა წერილის და ღვთის სიტყვის უფრო უკეთ შესასწავლად და ცოდვების მოსანანიებლად.

მეორე: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გამოცხადდეს ანტიმართლმადიდებულ და ღვთისმგმობ ორგანიზაციად. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციის წევრებს განუდგნენ ცოდვას და მოინანიონ ვიდრე გვიან არ არის.

სახელითა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, ამინ.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

აი, ასეთ საქართველოში მინდა ცხოვრება :)